იმუნიზაცია და ვაქცინაცია 

 

დიფტერია, ტეტანუსი და ყივანახველა

პოლიომიელიტი

ტუბერკულოზი

წითელა და  ყბაყურა

ვირუსული ჰეპატიტი B

 

 

იმუნიზაციისა და ვაქცინაციის შესახებ

 

იმუნიზაცია და ვაქცინაცია წარმოადგენს პროფილაქტიკურ (პრევენციულ) ღონისძიებათა სისტემას, მიმართულს ზოგიერთი ინფექციური დაავადების თავიდან აცილებისა და დაავადების ზემოქმედების რისკის შემცირებისაკენ.

იმუნიზაციის მიზანია ცალკეული ადამიანების ან მთელი მოსახლეობის დაცვა "მართვადი" ინფექციებისაგან.

ბავშვს დაბადებისას, ჩვეულებრივ, აქვს იმუნიტეტი ზოგიერთი ინფექციებისადმი, რასაც განაპირობებს პლაცენტის გზით გადაცემული ანტისხეულები. ძუძუთი კვებისას ახალშობილი დედის რძის მეშვეობით დამატებით იღებს ანტისხეულების ახალ ულუფას. ასეთი პასიური იმუნიტეტი დროებითია და ცხოვრების პირველი წლის ბოლოსათვის კლებულობს.  

ზოგიერთი დაავადებების მიმართ ხანგრძლივი იმუნიტეტის შექმნა შესაძლებელია ვაქცინაციის  მეშვეობით, რომელიც ითვლება დაავადებებისაგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტურ და ეკონომიური საშუალებად  თანამედროვე მედიცინაში.

ვაქცინის შეყვანას აცრა ეწოდება. აცრის საშუალებით შეიძლება ვებრძოლოთ ზოგიერთ მიკროორგანიზმებს, მაგ ვირუსებს (წითელა, წითურა, ყბაყურა, პოლიომიელიტი, როტავირუსული ინფექცია) ან ბაქტერიებს (ტუბერკულოზის, დიფტერიის, ყივანახველის, ტეტანუსის გამომწვევევები).

ვაქცინები იყოფა ოთხ ჯგუფად:

1. ცოცხალი ვაქცინები - შეიცავენ დასუსტებულ ცოცხალ მიკროორგანიზმებს. მაგ. პოლიომიელიტის, წითელის, ყბაყურის ან ტუბერკულოზის ვაქცინები.

2. ინაქტივებული ვაქცინები - შეიცავენ მკვდარ მთელ მიკროორგანიზმებს ( მაგ. ყივანახველის ვაქცინა, ცოფისა და ვირუსული ჰეპატიტის  საწინააღმდეგო ვაქცინები) ან  მის ნაწილს (მაგ. ყივანახველის საწინააღმდეგო აცელულარული ვაქცინა, მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა ) ;

3. ანატოქსინები - შეიცავენ ინაქტივებულ ტოქსინს (შხამს), მაგ. დიფტერიისა და ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა;

4. ბიოსინთეზის გზით მიღებული ვაქცინები - მაგ ვირუსული B ჰეპატიტისა და როტავირუსული ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინები.

 

გახსოვდეთ !

·        ვაქცინაცია მედიცინის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა. ვაქცინაციის შედეგად იზრდება ბავშვის გამძლეობა ინფექციური დაავადებების მიმართ.

·        დაავადებების რისკი გაცილებით დიდია ვაქცინაციის შემდგომი გართულებების რისკთან შედარებით.

·        თქვენი ვალია დროული აცრით დააზღვიოთ თქვენი შვილები ისეთი სახიფათო დაავადებებისაგან, როგორიცაა ტუბერკულოზი, დიფტერია, პოლიომიელიტი, ტეტანუსი, ყივანახველა, წითელა, ყბაყურა, ვირუსული ჰეპატიტი.

 

 

 

საქართველოში რეკომენდებული აცრების  სქემა

 

საქართველოში რეკომენდებული აცრების  სქემა მოიცავს:

·         აცრებს გეგმიური პროფილაქტიკური იმუნიზაციის ფარგლებში (ბავშვთა გეგმიური აცრები პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით);

·        აცრებს ეპიდემიოლოგიური ჩვენებით, ასევე პროფესიული აცრების კამპანიებს (მაგ. ყბაყურასა და  ჰეპატიტის საწინააღმდეგო მასობრივი აცრების კამპანია, ასევე აცრების კამპანია  ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების მაღალი რისკის მქონე ცალკეულ კონტიგენტში);

·        მოსახლეობის ანტირაბიული დახმარებას - იმუნიზაციას, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენასა და ვაქცინაციას  (მუნიციპალური დონის ვალდებულებანი);

·        აცრებს, რომლებიც არ შედის სავალდებულო ნუსხაში (წითურა, გრიპი, აცრები ასაკობრივი სტატუსის მიხედვით) და იმ დაწებულებებში, რომლებიც არ მონაწილეობენ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში.  

 

 

 

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

 

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი ითვალისწინებს ახალშობილობის პერიოდიდან მოზრდილობის ასაკამდე დადგენილ ვადებში აცრებს ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ადგენს იმუნიზაციის ღონისძიებათა და განსაზღვრებათა ჩამონათვალს ამ კალენდრის ეფექტურად და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით.

 

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის დადგენისა და მისი განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის ღონისძიებათა შესრულების უზრუნველსაყოფად, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 78-ე მუხლის შესაბამისად შემუშავებული იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 

 პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის დამტკიცების შესახებ (ბრძანება  N 122/ნ , 2003 წლის 4 ივნისი ქ. თბილისი). სწორედ ამ ბრძანების საფუძველზე მოხდა ვაქცინაციის კალენდრის განახლება.

 

 

ვაქცინა

დაბადებისას

2 თვე

3 თვე

4 თვე

12 თვე

18 თვე

5 წელი

14 წელი და ზევით

შენიშვნა

 ტუბერკულოზი

           BCG

 

 

 

 

 

 

 

 

აცრა ტარდება დაბადებიდან მე-2-5 დღეს;

 პოლიომელიტი

ოპვ(OPV)

 

 

 

 

 

 

 

 

ტარდება DPT ან DT აცრასთან ერთად

 დიფტერია/ყივანახველა /ტეტანუსი

       დყტ (DPT)

 

 

 

 

 

 

 

 

ტარდება opv (OPV) აცრასთან ერთად

 წითელა Measles  (M)

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვაქცინაცია ტარდება ყბაყურის აცრასთან ერთად. რევაქცინაცია ტარდება ოპვ5, DT აცრებთან ერთად

წითელა/წითურა/

ყბაყურა

      (წწყ; MMR)

 

 

 

 

 

 

 

 

ვაქცინაციის დაწყება სახელმწი პროგრამით გამოცხადდება სამინისტროს გადაწყვეტილებით

 წითურა/ყბაყურა

წწ (MR)

 

 

 

 

 

 

 

 

ვაქცინაციის დაწყება სახელმწიფო პროგრამით გამოცხადდება სამინისტროს გადაწყვეტილებით

 ყბაყურა (Mumps)

 

 

 

 

 

 

 

 

ტარდება წითელას აცრასთან ერთად.

 დიფტერია/ტეტანუსი

დტ (DT)

 

 

 

 

 

 

 

 

ტარდება opv5 აცრასთან ერთად

 ტეტანუსი/დიფტერია

ტდ (Td)

 

 

 

 

 

 

 

 

შემდეგ ყოველ მე-10 წელს 55 წლამდე, დაწყება სახელმწიფო პროგრამით გამოცხადდება სამინისტროს გადაწყვეტილებით

 ვირუსული ჰეპატიტი

(B HB)

 

 

 

 

 

 

 

 

* I აცრა ტარდება დაბადებიდან 12 საათის განმავლობაში.

II და III აცრა ტარდება DPT1, 3-OPV1,3 აცრებთან ერთად

 

* თუ ცნობილია, რომ დედა HBsAg დადებითია, ახალშობილი უნდა აიცრას  აუცილებლად პირველი 12 საათის განმავლობაში.

თუ B ჰეპატიტის ან BCG აცრები არ ჩატარდა სამშობიაროში, ისინი უნდა   ჩატარდეს პირველი შესაძლებლობისთანავე, ამასთან B ჰეპატიტის პირველი აცრიდან მეორე აცრამდე ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 4 კვირისა, ხოლო მესამე დოზა უნდა გაკეთდეს პირველი დოზიდან არანაკლებ 16 კვირის და მეორე დოზიდან არანაკლებ 8 კვირის შემდეგ. მაგალითად, თუ ბავშვი აიცრება პირველად 2 თვის ასაკში, მეორე დოზას მიიღებს 3 თვის ასაკში, ხოლო მესამე დოზა შესაძლებელია მიიღოს 1 წლის ასაკში.

 

 

 

 

 
იმუნიზაციით მართვადი ინფექციები

 

 

დიფტერია, ტეტანუსი და ყივანახველა

 

დიფტერია ინფექციური დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს ორგანიზმის ძლიერი ინტოქსიკაციით, ყელისა და სასუნთქი გზების ანთებით. იგი შესაძლოა გართულდეს ხორხის შეშუპებითა და სუნთქვის გაძნელებით, გულისა და თირკმელების დაზიანებით. 

შესაძლო (სავარაუდო) კლინიკური შემთხვევა - ნებისმიერი პირი ლარინგიტით, ფარინგიტით ან            ტონზილიტით და ადჰერენტული მემბრანებით ნუშურებზე, ხახასა და/ან ცხვირში;

დადასტურებული კლინიკური შემთხვევა - გამომწვევის კულტურის გამოყოფა და/ან ეპიდემიოლოგიური კავშირი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევასთან.

 

ტეტანუსის დროს ჭრილობის გზით ორგანიზმში მოხვედრილი ბაქტერიების ტოქსინები იწვევს ნერვული სისტემის სერიოზულ დაზიანებას. 

ცალკე უნდა აღინიშნოს ახალშობილთა ტეტანუსი, რაზეც უნდა ვივარაუდოთ, თუ ახალშობილს ჰქონდა წოვისა და ყვირილის ნორმალური უნარი სიცოცხლის პირველი ორი დღის განმავლობაში და შემდეგ, სიცოცხლის მე-2 -28-ე დღემდე შეწყვიტა ნორმალური წოვა, განუვითარდა გაშეშება და/ან კლონური კრუნჩხვები (მათ შორის კუნთების კრთომა).

 

ყივანახველის დროს ზიანდება სასუნთქი სისტემა. დაავადებისათვის დამახასიათებელია “მყეფავი ხველა". გართულებებს იწვევს მეორადი ბაქტერიული ფლორის მიერთება, რაც  ხშირია 1 წლამდე ასაკის ბავშვებში და შეიძლება გახდეს სიკვდილის მიზეზი.

შესაძლო (სავარაუდო) კლინიკური შემთხვევა - ნებისმიერი პირი არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში ხველებით და შემდეგი სიმპტომებიდან ერთ-ერთის არსებობით: პაროქსიზმული ხველა, "წამოყივლება" შესუნთქვისას, ხველისთანავე გულზიდება (სხვა მიზეზების არარსებობისას);

დადასტურებული კლინიკური შემთხვევა - კულტურის გამოყოფა, დადებითი პჯრ-PCR, ეპიდემიოლოგიური კავშირი ლაბორატორიულად ან კლინიკურად დადასტურებულ შემთხვევასთან.

 

ვაქცინაცია: ძირითადი კურსი ტარდება დყტ ვაქცინით (DPT), სამჯერ თითო თვის ინტერვალით: პირველი ნემსი  - 2 თვის ასაკში, შემდეგ  - 3 და  4 თვის ასაკში.

რევაქცინაცია: პირველი - 18 თვის ასაკში დყტ (DPT) ვაქცინით, მეორე 5-6 წლის საკში -დტ ანატოქსინით (DT), 15-16 წლის ასაკში ტდ (TD).

დყტ (DPT) ვაქცინა - შედგება 3 კომპონენტისაგან: დიფთერია, ყივანახველა და ტეტანუსი. დიფთერიის და ტეტანუსის კომპონენტები წარმოადგენენ ანატოქსინებს (ტოქსოიდი), ყივანახველა - დახოცილ ბაქტერიებს.

ვაქცინა თხევადია. გამოდის ძირითადად 10 და 20 დოზიანი ფლაკონების სახით.

დოზირება: დყტ ვაქცინის 1 დოზა (0,5 მლ) შეიცავს 30 ს.ე. დიფთერიის, 40 ს.ე. ტეტანუსის ანატოქსინებს და 4 ს.ე. ყივანახველას კომპონენტს. ინექცია კეთდება კუნთებში (ინტრამუსკულარულად) – ბარძაყის კუნთიის შუა მესამედის ანტეროლატერალურ არეში. აცრის ადგილი და დოზირება ყოველთვის უნდა დაზუსტდეს თანმხლებ ინსტრუქციაში. დაუშვებელია ვაქცინის შეყვანა დუნდულოს არეში, კანში ან კანქვეშ. 

DPT ვაქცინის შენახვა: გაყინვა აკრძალულია. მაცივარში და ტრანსპორტირებისას უნდა ინახებოდეს +2°-+8°C ტემპერატურაზე. გახსნილი ფლაკონი ვაქცინაციისათვის ვარგისია 1 სამუშაო დღის განმავლობაში. იმ დაწესებულებებში, სადაც შესაძლებელია "ცივი ჯაჭვის" მოთხოვნების სრულყოფილი დაცვა ვაქცინის გახსნილი ფლაკონის გამოყენება დაშვებულია 1 თვის განმავლობაში, გარდა დაწესებულების გარეთ (მასობრივი, გამსვლელი ბრიგადის საშუალებით ან ბინაზე ვაქცინაციისას) გახსნილი ფლაკონებისა.

 

 

პოლიომიელიტი

 

პოლიომიელიტი წარსულში გავრცელებულ დაავადებად ითვლებოდა და მისი საშიში გართულება ­- დამბლა ბავშვებს ხშირად აქცევდა ინვალიდებად. პოლიომიელიტის ვაქცინის გამოჩენამ საშუალება მისცა ექიმებს გაემარჯვათ ამ მრისხანე დაავადების წინააღმდეგ  ბრძოლაში.

შესაძლო (სავარაუდო) კლინიკური შემთხვევა: ნებისმიერი 15 წლამდე ასაკის ბავშვი მწვავე (ვითარდება სწრაფად, 1-4 დღის განმავლობაში) დუნე (რბილი) დამბლით (მდდ) ან ნებისმიერი ასაკის პირი პოლიომიელიტზე საეჭვო პარალიზური დაავადებით;

დადასტურებული კლინიკური შემთხვევა: პოლიომიელიტად კლასიფიცირდება მხოლოდ მდდ-ს შემთხვევა, რომლის დროსაც გამოყოფილია პოლიომიელიტის ვირუსი.

 

პოლიომიელიტის ვაქცინაცია წარმოებს    ორალური ვაქცინაციის გზით პოლიომიელიტის ცოცხალი ვაქცინით  (OPV)     დაბადებიდან 2, 3  და 4  თვის ასაკში;

რევაქცინაცია წარმოებს 18 თვის, 2 და 5 წლის ასაკში (ოპვ).

ოპვ (OPV) - ორალური პოლიომიელიტის ვაქცინა, დამზადებულია პოლიომიელიტის ვირულენტობადაქვეითებული სამი ტიპის ცოცხალი ვირუსისაგან. ვაქცინა თხევადია და ძირითადად გამოდის 10 ან 20 დოზიანი ფლაკონების სახით. აცრა წარმოებს ორალურად (პირის ღრუში ჩაწვეთებით), 1 დოზა - 2 წვეთი. აცრის დოზირება ყოველთვის დააზუსტეთ თანმხლებ ინსტრუქციაში.

ოპვ ვაქცინის შენახვის წესი: შენახვა სითბოში აკრძალულია, გაყინვა დასაშვებია. ვაქცინა "ცივი ჯაჭვის" თითოეულ ეტაპზე, გარკვეული დროის განმავლობაში შესაძლებელია ინახებოდეს შემდეგი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით: ცენტრალურ ეროვნულ საწყობში - 15° C-დან -25° C-მდე 1 წლამდე; სამხარეო საწყობში –

 -15°C - -25°C-მდე 3-6 თვე; რაიონულ საწყობში დასაშვებია როგორც გაყინულ, ასევე +20° - +8°C t-ზე შენახვა 1-3 თვის განმავლობაში. ამცრელ კაბინეტში ვაქცინა უნდა ინახებოდეს +2° - +8°C ტემპერატურაზე არა უმეტეს 1 თვისა. ვაქცინა ვარგისია გამოსაყენებლად ფლაკონზე არსებული თერმოინდიკატორის ჩვენების შესაბამისად, ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე. 

იპვინაქტივირებული პოლიომიელიტის ვაქცინა წარმოადგენს სუსპენზიას, რომლის ერთი დოზა (0.5 მლ) შეიავს 20, 2 და 4 ს.ე I, II და III ტიპის პოლიოვირუსების D-ანტიგენის შესაბამის რაოდენობებს. ყოველთვის წარმოქმნის მხოლოდ ჰუმორალურ და არა ადგილობრივ იმუნიტეტს.

შეყვანა ხდება ინექციის სახით, ბარძაყის კუნთის ანტეროლატერალური არის შუა მესამედში (დასაშვებია კანქვეშ შეყვანაც).

ვაქცინის შენახვის წესი: ვაქცინა ყველა დონეზე უნდა ინახებოდეს +2° - +8°C t-ზე.

 

 

 

ტუბერკულოზი

 

ტუბერკულოზი არის დაავადება, რომელიც უპირატესად აზიანებს ფილტვებს, მაგრამ შესაძლებელია დაავადდეს სხვა ორგანოები და სისტემებიც. მისი გამომწვევი - კოხის მიკობაქტერია საკმაოდ გამძლეა მკურნალობის მიმართ.

ვაქცინაცია ტუბერკულოზის წინააღმდეგ წარმოებს BCG - ვაქცინით: დაბადებისთანავე, სიცოცხლის  0 - 5 დღის ასაკში (სამშობიარო სახლში);

რევაქცინაცია -5-6 წლის ასაკში (BCG - ვაქცინით). იგი არ ტარდება თუ პაციენტი დაავადებულია ტუბერკულოზით, ან თუ ვაქცინის წინა შეყვანაზე აღენიშნა მძიმე რეაქცია.

შეძენილი იმუნიტეტის შესაფასებლად ბავშვს ყოველწლიურად უკეთდება ტუბერკულინის სინჯი. 

ბცჟ (BCG) - ვირულენტობა დაქვეითებული, ლიოფილიზებული (ცივად გამომშრალი) ვაქცინაა. თან ახლავს ინდივიდუალური გამხსნელი. ვაქცინის 1 ფლაკონი, უპირატესად, 10 ან 20 დოზიანია.

დოზირება: 1 წლამდე ასაკის ბავშვებში კეთდება 0,05 მლ-ის ოდენობით. ერთ წელზე მეტი ასაკის ბავშვებში აცრა ტარდება 0,1 მლ მოცულობის ვაქცინით. ინექცია კეთდება კანში (ინტრადერმულად) მარცხენა მხრის ზედა მესამედში. აცრის ადგილი და დოზირება ყოველთვის უნდა დაზუსტდეს თანმხლებ ინსტრუქციაში.

BCG ვაქცინის შენახვა: აკრძალულია სითბოსა და ნათელ ადგილას შენახვა, გაყინვა დასაშვებია, მაგრამ არარეკომენდებული. ვაქცინის აქტიობა ქვეითდება ტემპერატურის ხშირი ცვლილებით (გაყინვა-გალღობა). მაცივარში და ტრანსპორტირებისას უნდა ინახებოდეს +2°-+8°C ტემპერატურაზე. გამხსნელის გაყინვა დაუშვებელია. BCG-ს გახსნილი ფლაკონი ასაცრელად ვარგისია 5-6 სთ-ის განმავლობაში. ვაქცინა და გამხსნელი შერევისას უნდა იყოს ერთნაირი ტემპერატურის. 

BCG-ს აცრის ჩატარებისას მანტუს სინჯი საჭირო არ არის.

 
 

  წითელა და  ყბაყურა

 

წითელა (Measles)-მიეკუთვნება განსაკუთრებით გადამდებ ვირუსულ დაავადებათა რიცხვს. 

შესაძლო (სავარაუდო) კლინიკური შემთხვევა: ნებისმიერი პირი ცხელებით და მაკულოპაპულოზური (არა-ვეზიკულური) გამონაყარითა და ხველებით, რინიტით ან კონიუნქტივიტით.

დადასტურებული კლინიკური შემთხვევა: წითელას ანტისხეულების ტიტრის არანაკლებ ოთხჯერადი მატება,
სპეციფიკური IgM ანტისხეულები, ეპიდემიოლოგიური
კავშირი ლაბორატორიულად ან კლინიკურად დადასტურებულ შემთხვევასთან.

ყბაყურა  ანუ ეპიდემიური პაროტიტი (Mumps) - ვირუსული დაავადებაა, რომელიც აზიანებს უპირატესად სანერწყვე ჯირკვლებს, აგრეთვე კუჭქვეშა ჯირკვალსა და  სათესლე ჯირკვლებს. იგი შეიძლება გახდეს მამაკაცთა უნაყოფობისა და სხვა გართულებების (პანკრეატიტი, მენინგიტი) მიზეზი.

შესაძლო (სავარაუდო) კლინიკური შემთხვევა: ნებისმიერი პირი მწვავედ განვითარებული ცალმხრივი ან ორმხრივი მტკივნეულობით და შემოფარგლული შესიებით ყბაყურა ჯირკვლის ან სხვა სანერწყვე ჯირკვლის არეში, რომელიც გრძელდება არანაკლებ ორი დღისა სხვა თვალსაჩინო მიზეზის გარეშე.

დადასტურებული კლინიკური შემთხვევა: შემთხვევა, რომელიც შეესაბამება კლინიკურ აღწერილობას და ეპიდემიოლოგიურად უკავშირდება სხვა კლინიკურ შემთხვევას.

 

ვაქცინაცია ტარდება 12 თვის ასაკში, ერთდროულად წითელასა და ყბაყურას წინააღმდეგ. 

წითელას (Measles) ვაქცინა დამზადებულია წითელას ვირულენტობადაქვეითებული ცოცხალი ვირუსისაგან. ვაქცინა მშრალ მდგომარეობაშია (ლიოფილიზებული). ახლავს ინდივიდუალური გამხსნელი.

ვაქცინა გამოდის ძირითადად 10 ან 20 დოზიანი ფლაკონების სახით. ინექცია (1 დოზა - 0,5 მლ) კეთდება ღრმად კანქვეშ (დასაშვებია კუნთში) მხრის ზედა მესამედში. აცრის ადგილი და დოზირება ყოველთვის დააზუსტეთ თანმხლებ ინსტრუქციაში.

წითელას ვაქცინის შენახვის წესი: აკრძალულია სითბოსა და დღის შუქზე შენახვა, გაყინვა დასაშვებია. ვაქცინა "ცივი ჯაჭვის" თითოეულ ეტაპზე, გარკვეული დროის განმავლობაში შესაძლებელია ინახებოდეს შემდეგი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით: ეროვნულ ცენტრალურ საწყობში - -15°C - -25°C 1 წლამდე; სამხარეო საწყობში - -15°C - -25°C 3-6 თვე; რაიონულ საწყობში დასაშვებია როგორც გაყინვა, ისე +2° - +8°C ტემპერატურაზე შენახვა 1-3 თვის განმავლობაში. ამცრელ კაბინეტში ვაქცინა უნდა ინახებოდეს +2° - +8°C ტემპერატურაზე, არაუმეტეს 1 თვისა. გახსნილი ფლაკონი ასაცრელად ვარგისია აღდგენიდან 6 საათის განმალობაში, აცრის პროცესში დაცული უნდა იყოს "ცივი ჯაჭვის" პრინციპი. გამხსნელის გაყინვა დაუშვებელია უნდა ინახებოდეს +2° - +8°C t-ზე. ვაქცინა და გამხსნელი შერევისას ერთნაირი ტემპერატურის უნდა იყოს.

ყბაყურის (Mumps) ვაქცინა - ცოცხალი კულტურიდან დამზადებული მშრალი (ლიოფილიზებული) ვაქცინაა. იგი ყბაყურის ვირუსის ატენუირებული შტამის კულტივირების მეთოდით მზადდება.

პრეპარატი ერთგვაროვანი ვარდისფერი მასაა. ასაცრელი დოზა შეიცავს ყბაყურის ვირუსის არანაკლებ 20 000 ქცდ50/0.5 მლ-ს და ანტიბიოტიკ გენტამიცინის სულფატის არაუმეტეს 25 მკგ-ს. ახლავს ინდივიდუალური გამხსნელი.

დოზირება: ვაქცინა გამოდის ძირითადად 10 ან 20 დოზიანი ფლაკონების სახით. ვაქცინის დოზა 0.5 მლ მოცულობის რაოდენობით შეყავთ კანქვეშ ბეჭქვეშ ან მხრის არეში, (მხრის ქვედა და შუა მესამედის საზღვრის არეში გარე ზედაპირზე).

შენახვის წესი: ვაქცინა უნდა ინახებოდეს +2° - +8°C ტემპერატურაზე. გაყინვა დასაშვებია. "ცივი ჯაჭვის" თითოეულ ეტაპზე, გარკვეული დროის განმავლობაში შესაძლებელია ინახებოდეს შემდეგი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით: ეროვნულ ცენტრალურ საწყობში -15°C - -25°C-ზე 1 წლამდე; სამხარეო საწყობში - -15°C- -25°C-ზე 3-6 თვე; რაიონულ საწყობში დასაშვებია როგორც საყინულეში, ისე +2° - +8°C ტემპერატურაზე შენახვა 1-3 თვის განმავლობაში. ამცრელ კაბინეტში ვაქცინა უნდა ინახებოდეს +2° - +8°C ტემპერატურაზე, არაუმეტეს 1 თვისა. გახსნილი ფლაკონი ასაცრელად ვარგისია აღდგენიდან 6 საათის განმალობაში, აცრის პროცესში დაცული უნდა იყოს "ცივი ჯაჭვის" პრინციპი. გამხსნელის გაყინვა დაუშვებელია, იგი უნდა ინახებოდეს +2° - +8°C t-ზე. ვაქცინა და გამხსნელი შერევისას ერთნაირი ტემპერატურის უნდა იყოს.

 

 


ვირუსული
ჰეპატიტი B

 

ვირუსული ჰეპატიტი B წარმოადგენს ვირუსულ დაავადებას, რომელიც გადაეცემა სქესობრივი კონტაქტისა და სისხლის მეშვეობით და აზიანებს ღვიძლს. მისი გახანგრძლივებული მიმდინარეობა ქრონიკული ჰეპატიტის, ციროზისა და ღვიძლის კიბოს მოსალოდნელი განვითარებით ამ დაავადების სახიფათო გამოსავალს წარმოადგენს. 

შესაძლო (სავარაუდო) კლინიკური შემთხვევა: ნებისმიერი პირი მწვავე დაავადებით, რომელსაც ახასიათებს სიყვითლე, მუქი შარდი, უმადობა, სისუსტე, მოთენთილობა და მტკივნეულობა მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტში. კლინიკურ ბიოქიმიურ ანალიზში გამოიხატება შარდში ურობილინოგენის მომატება და შრატის ალანინამინოტრანსფერაზას ( ALT) ზედა ზღვრის 2.5-ჯერ მომატება. უნდა აღინიშნოს, რომ შემთხვევათა გარკვეული რაოდენობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

დადასტურებული კლინიკური შემთხვევა: IgM ანტისხეულის აღმოჩენა ჰეპატიტი B -ს ბირთვულ ანტიგენისადმი (ანტი- HBc) (თუ ჩატარებულია ანალიზი) ან ჰეპატიტი B -ს ზედაპირული ანტიგენი ( HBsAg) დადებითია (თუ I ტესტი ჩატარებული არ არის). 

 

ვაქცინაცია: იმ ბავშვებში, რომლებიც არ მიეკუთვნებიან რისკის ჯგუფს, ვაქცინა  ჰეპატიტის წინააღმდეგ შეიძლება შეყვანილი იქნას დყტ და ოპვ ვაქცინებთან ერთად, შემდეგი სქემით: პირველი - 2 თვის ასაკში (ჰეპ B -1), მეორე - 3 თვის ასაკში (ჰეპ B - 2), მესამე - 8 თვის ასაკში (ჰეპ B-3).

იმუნიზაციას ექვემდებარებიან აგრეთვე მოზრდილები რისკის ჯგუფიდან (სამედიცინო დარგის მუშაკები, ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები, ჰომოსექსუალისტები, პატიმრები, გონებრივად ჩამორჩენილი პირები, მრავალრიცხოვანი სქესობრივი პარტნიორის მქონე ადამიანები და ის ჯანმრთელი პირები, რომელთაც აქვთ სქესობრივი კონტაქტი   HBs ანტიგენის მატარებელ პირთან). 

ვირუსული ჰეპატიტი B საწინააღმდეგო ვაქცინა მიღებულია გენური ინჟინერიის გზით, რეკომბინანტული ტექნოლოგიით, B ჰეპატიტის ვირუსის გენის სუბერთეულის ჩართვით საფუარის სოკოში. საფუარის კულტივირების დასრულების შემდეგ, ამ უკანასკნელიდან გამოყოფენ ცილა HBsAg, რომელსაც წმენდენ საფუარის სოკოსაგან. ასე რომ ეს ვაქცინა ინაქტივირებული ვაქცინების ჯგუფს მიეკუთვნება. ვაქცინა შეიცავს B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენის (HBsAg) ცილას, ადსორბირებულს ალუმინის ჰიდროჟანგზე და კონსერვანტ თიომერსალს.

დოზირება: ვაქცინა გამოდის ძირითადად 1, 2, 6, 10 დოზიანი ფლაკონის სახით. ვაქცინა არის თხევადი. ინექცია (1 დოზა 0,5 მლ) მცირეწლოვან ბავშვებში კეთდება ინტრამუსკულარულად ბარძაყის კუნთის შუა მესამედის წინა ლატერალურ (გარე) არეში ან დელტისებურ კუნთში მოზრდილებში. სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინა ურთიერთჩანაცვლებადია. დაუშვებელია ვაქცინის შეყვანა დუნდულოს არეში, კანში ან კანქვეშ ვაქცინაციის დაბალი ეფექტურობის გამო. ვაქცინა არ კეთდება ინტრავენურად. თუმცა, თრომბოციტოპენიისა და სისხლის მიმოქცევის პათოლოგიის შემთხვევაში აცრა შეიძლება გაკეთდეს კანქვეშ. 10 წლის და მეტი ასაკის ბავშვებს უკეთდება 1,0 მლ ვაქცინა.

შენახვის წესი: სასტიკად აკრძალულია ვაქცინის გაყინვა, ვაქცინა ინახება +2° - +8°C-ზე. გახსნილი ფლაკონი ვარგისია 1 სამუშაო დღის განმავლობაში. იმ დაწესებულებებში, სადაც შესაძლებელია "ცივი ჯაჭვის" მოთხოვნების სრულყოფილი დაცვა ვაქცინის გახსნილი ფლაკონის გამოყენება დაშვებულია 1 თვის განმავლობაში, გარდა დაწესებულების გარეთ (მასობრივი, გამსვლელი ბრიგადის საშუალებით ან ბინაზე ვაქცინაციისას) გახსნილი ფლაკონებისა.

 

 

აცრების კალენდარი ეპიდემიური ჩვენებით

 

აცრები ეპიდჩვენების მიხედვით ტარდება ზოგიერთი ინფექციების მიმართ (დიფთერია, წითელა, ეპიდემიური პაროტიტი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით.

ეპიდჩვენებით ასევე ტარდება აცრები ეპიზოოტიურ, ენდემიურ და ენზოოტიურ ტერიტორიებზე მცხოვრებთა შორის, ასევე მოსახლეობის ცალკეულ პროფესიული ჯგუფებში შავი ჭირის, ტულარემიის, ბრუცელოზის, ჯილეხის, ცოფის, ლეპტოსპიროზის, ტკიპისმიერი ენცეფალიტის, Q-ცხელების და სხვა ინფექციების წინააღმდეგ. ტერიტორიების ეპიზოოტიურობას, ენდემიურობას ან ენზოოტიურობას ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ზ.ა. აცრები ტარდება ფიზიკური პირის, დამქირავებლის ხარჯით ან მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში, მოქმედი ინსტრუქციების და დარიგებათა შესაბამისად.

 

ვაქცინა

მინიმალური ასაკი

რევაქცინაციის ვადები

რეკომენდირებული რისკ-კონტინგენტი

   ტულარემია

7 წლიდან

ყოველ 5 წელიწადში

ცოცხალ კულტურებზე მომუშავეები; ეპიზოოტიურ ტერიტორიაზე მოსახლე, შემდეგი სამუშაოების შესრულებისას: სასოფლო-სამეურნეო, ჰიდრომელიორაციული და სხვა სამუშაოები დაკავშირებული გრუნტის ამოღებასა და გადაადგილებასთან, გეოლოგიური, ექსპედიციური, დერატიზაციური, დეზინსექციური, ხე-ტყის დამამუშავებელი.

   შავი ჭირი

2 წლიდან

ყოველწლიურად

ცოცხალ კულტურებზე მომუშავეები; ბუნებრივ კერებში ეპიდრაზმებში მომუშავენი; აქტიურ კერებში მცხოვრებნი.

  ბრუცელოზი

18 წლიდან

ყოველწლიურად

ცოცხალ კულტურებზე მომუშავეები; შემდეგ სამუშაოებზე დაკავებული პირები: ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო მეურნეობებში მომუშავე მეცხოველეები, ვეტერინარები, ზოოტექნიკოსები, ამ მეურნეობებიდან მიღებული ხორცის და ხორცროდუქტების გადამამუშავებელი პირები.

  ჯილეხი

14 წლიდან

ყოველწლიურად

ცოცხალ კულტურებზე მომუშავეები; ჯილეხით დაავადებული ცხოველების დაკვლაში და მისი ხორცისა და ხორცპროდუქტების დამუშავებაში მონაწილე პირები.

  ცოფი

16 წლიდან

1 წლის, შემდგომ ყოველ 3 წელიწადში

ცოცხალ "ველურ" ვირუსებზე მომუშავეები; მოხეტიალე ცხოველების დამჭერი და მომვლელი პირები, ვეტერინარები, ტაქსიდერმისტები. პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკური მკურნალობა ტარდება ნებისმიერ ასაკში.

  ლეპტოსპიროზი

7 წლიდან

ყოველწლიურად

ცოცხალ კულტურებზე მომუშავეები; ლეპტოსპიროზზე არაკეთილსაიმედო მეცხოველეობის მეურნეობებში მომუშავეები; მოხეტიალე ცხოველების დამჭერი და მომვლელი პირები.

  ტკიპისმიერი

   ენცეფალიტი

4 წლიდან

1 წლის, შემდგომ ყოველ 3 წელიწადში

ცოცხალ კულტურებზე მომუშავეები, ენზოოტიურ ტერიტორიებზე გამსვლელი პირები.

  Q ცხელება

14 წლიდან

ყოველწლიურად

ცოცხალ კულტურებზე მომუშავეები; არაკეთილსაიმედო მეცხოველეობის მეურნეობებში მომუშავე პირები.

ყვითელი ცხელება

1 წლიდან

10 წლის შემდეგ

ცოცხალ კულტურებზე მომუშავეები; საზღვარგარეთ ენზოოტიურ რაიონებში გამსვლელი პირები.

   მუცლის ტიფი

3 წლიდან ვაქცინის შესაბამისად

3 წლის შემდეგ

ცოცხალ კულტურებზე მომუშავეები; მოსახლეობა ქრონიკული წყლისმიერი ეპიდემიების ტერიტორიაზე, კონტაქტირებულები ეპიდჩვენების დროს.

მენინგოკოკური ინფექცია

1 წლიდან

3 წლის შემდეგ

A და C სეროჯგუფებით გამოწვეული ეპიდაფეთქების კერებში.

    ვირუსული

    ჰეპატიტი A

3 წლიდან

 

ბავშვები ჰიპერენდემიური ავადობის დონის ტერიტორიაზე, სკოლამდელი საბავშვო დაწესებულებების პერსონალი, კომუნალური სფეროს პერსონალი, რომელიც დაკავშირებულია წყალმომარაგებასთან და კანალიზაციასთან.

ვირუსული ჰეპატიტი B

ნებისმიერ ასაკში

 

ქრონიკული ავადმყოფის ოჯახურ კერებში, ბავშვთა სახლების ბინადრები, სისხლის რეგულარული რეციპიენტები, ჰემოდიალიზზე მყოფი და ონკოჰემატოლოგიური პაციენტები, სისხლთან შეხებაში მყოფი სამედიცინო პერსონალი, ინექციური ნარკომანები, სტუდენტი მედიკოსები.

  გრიპი

6 თვიდან

ყოველწლიურად

60 წელზე უფროსი, ქრონიკული სომატური დაავადების მქონე პირები, სკოლამდელი ასაკის ბავშვები, სკოლის მოსწავლეები, სამედიცინო, ტრანსპორტის, განათლების და მომსახურების სფეროს პერსონალი.

 ეპიდემიური პაროტიტი (ყბაყურა)

1 წლიდან

 

აუცრელი კონტაქტები კერაში ეპიდაფეთქებისას, ვისაც არა აქვს გადატანილი პაროტიტი.

 წითელა

1 წლიდან

 

აუცრელი კონტაქტები კერაში ეპიდაფეთქებისას, ვისაც არა აქვს გადატანილი წითელა.

 დიფთერია

3 თვიდან

 

აუცრელი კონტაქტები კერაში.

 

 

 

 

აცრის ჩატარების წესები

 

·        აცრაზე მოსული ყველა ბავშვი იცრება დადგენილი კალენდრის მიხედვით.

·        იმუნიზაცია სრულყოფილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს დაბადებიდან 24 თვის განმავლობაში გაკეთებული აქვს 14 აცრა კალენდრის შესაბამისად: 1 ბცჟ (ტუბერკულოზი, BCG), 4 დყტ (დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსი, DPT), 4 ოპვ (ორალური პოლიომიელიტის ვაქცინა, OPV), 1 წითელა (Measles), 1 ყბაყურა (Mumps), 3 ჰეპატიტი B (HB).

·        ამცრელი პერსონალი ვალდებულია აწარმოოს ჩატარებული აცრების, აცრებზე უარის, აცრებზე უკუჩვენებების და აცრისშემდგომი გართულებების რეგისტრაცია.

·        რაც უფრო ადრეულ ასაკში იწყება და მთავრდება აცრების კურსი (ანუ ზუსტად აცრების კალენდრის შესაბამისად) მით უფრო ნაკლებია აცრის შემდგომი რეაქციების ან გართულებების ისედაც მცირე რისკი. მაგალითად, დტყ ვაქცინაციის კურსის დამთავრება 4 თვის ასაკისათვის, 4-ჯერ ამცირებს გართულებების რისკს, 10 თვის ასაკში ვაქცინაციის კურსის დამთავრებასთან შედარებით.

·        აცრის წინ სათანადო კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალი აფასებს ბავშვის ზოგად მდგომარეობას, უზომავს ტემპერატურას და არკვევს ხომ არ აღენიშნება აცრისადმი რომელიმე უკუჩვენება. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სარწმუნო ინფორმაცია აცრების შესახებ, ვიზიტის დღეს ბავშვს უტარდება ყველა გამოტოვებული აცრა შესაბამისი ვაქცინით. ვაქცინის ცალკეული დოზების შეყვანის რეკომენდებული 4 კვირიანი ინტერვალის გადამეტების შემთხვევაში ვაქცინაცია გრძელდება პირველი შესაძლებლობისთანავე, დამატებითი აცრის გარეშე. თუ კონკრეტული ვაქცინის მორიგი დოზის შეყვანისას არ იყო დაცული მინიმალური 4 კვირიანი ინტერვალი, ეს აცრა არ ითვლება გეგმიურად და საჭიროა მისი განმეორებითი ჩატარება სავალდებულო ინტერვალის დაცვით.

·        აცრები ტარდება აცრების წარმოების ტექნიკისა და წესების, აგრეთვე გართულებების დროს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მცოდნე სამედიცინო პერსონალის მიერ, რომელიც ვალდებულია გააფრთხილოს მშობელი აცრის შემდგომი შესაძლო რეაქციების შესახებ.

·        ყველა აცრა კეთდება სხვადასხვა შპრიცით, სხვადასხვა ადგილზე. გაკეთების წინ ყველა ვაქცინის ფლაკონი კარგად უნდა შეინჯღრეს.

·        დადასტურებულია, რომ ბავშვის იმუნურ სისტემას აქვს უნარი ეფექტურად უპასუხოს რამდენიმე ანტიგენის ერთდროულ შეყვანას. ამ ანტიგენების საპასუხოდ ანტისხეულების პროდუცირება ისევე ხდება, როგორც მათი ცალ-ცალკე შეყვანისას. მოცემული მიდგომის უვნებლობის, მოსახერხებლობის და ეფექტურობის გათვალისწინებით ჯანმო ითვალისწინებს მოცემული ასაკის ბავშვისათვის აუცილებელი ყველა ვაქცინის ერთდროული შეყვანის შესაძლებლობას.

·        ორი ცოცხალი ვაქცინის ერთდროული შეყვანის შეუძლებლობის შემთხვევაში, ეს აცრები უნდა გაკეთდეს 4 კვირის ინტერვალის დაცვით.

·        სამშობიაროში ახალშობილს BCG ვაქცინით აცრის დღეს სხვა ინექციები და ინვაზიური სამედიცინო მანიპულაციები არ უტარდება.

 

 

 
 
პროფილაქტიკური აცრების სამედიცინო უკუჩვენებები

 

 

ვაქცინა

უკუჩვენება

 ყველა ვაქცინა

·        მძიმე რეაქცია ან გართულება იგივე ვაქცინის წინა დოზაზე - ანაფილაქსია, შოკი, კოლაფსი, ენცეფალოპათია ან ენცეფალიტი, კრუნჩხვა ტემპერატურული ფონის გარეშე;

·        ვაქცინაცია დროებით გადავადდება თუ პაციენტს აღენიშნება:მწვავე დაავადებები მკაფიოდ გამოხატული კლინიკური ნიშნებით;
38,50C და
მეტი ტემპერატურა.

ყველა ცოცხალი ვაქცინა

·        მკურნალობა კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით, მაალკილირებადი და ანტიმეტაბოლური პრეპარატებით; სხივური თერაპია;

·         ლეიკოზი და ლიმფომა;

·         ორსულობა

დამატებითი უკუჩვენებები ცალკეულ ვაქცინებზე

BCG ტუბერკულოზის

აივ-ინფექცია, შიდსი

დიფტერია/ყივანახველა/ ტეტანუსი (DPT)

·        ნერვული სისტემის პროგრესირებადი დაავადებები;

·        აფებრილური კრუნჩხვები ანამნეზში (ვაქცინაცია ტარდება ყივანახველის კომპონენტის გარეშე (დტ);

დიფტერია /ტეტანუსი (DT) ტეტანუსი /დიფტერია (Td)

აბსოლუტური უკუჩვენებები არ გააჩნია

ოპვ-პოლიომელიტი (OPV)

·        აბსოლუტური უკუჩვენებები არ გააჩნია

·        აივ-ინფექცია, შიდსი (აცრა ტარდება ინაქტივირებული ვაქცინით (IPV)

წითელა (Measles)
ყბაყურა (Mumps ან MMR)

·        მძიმე ალერგიული რეაქციები ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკებზე (ნეომიცინი, კანამიცინი)

·        ვაქცინის ტიპის მიხედვით - ანამნეზში ანაფილაქსიური რეაქციები კვერცხის ცილაზე; (ასეთი ბავშვების აცრა შეიძლება ქათმის ფიბრობლასტებზე ან ადამიანის დიპლოიდურ უჯრედებზე დამზადებული ვაქცინებით)

B ვირუსული ჰეპატიტის (HB)

ორსულობისას ვაქცინაცია ტარდება მხოლოდ აშკარა აუცილებლობის შემთხვევაში.

 

 

ვაქცინაციის  აბსოლუტურ უკუნაჩვენებას არ წარმოადგენს: 

·        თუ ანამნეზში (ანუ წარსულში) აღინიშნება დღენაკლულობა, სეფსისი, ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება, ოჯახის სხვა წევრებში ალერგიის (ნებისმიერი) ან ვაქცინაციის  შემდგომი გართულებების არსებობა, ეპილეფსია, ოჯახში ბავშვის უეცარი სიკვდილობის ფაქტი.

·        თუ ვაქცინაციის მომენტში აღინიშნება სტაბილური ნევროლოგიური მდგომარეობა, თიმუსის ჩრდილის გაფართოება, ალერგია, ასთმა, ეგზემა, გულის თანდაყოლილი მანკი, დისბაქტერიოზი, მიმდინარეობს შემანარჩუნებელი თერაპია, სტეროიდებით  ადგილობრივად ან მცირე დოზებში მკურნალობა. 

 

პროფილაქტიკური აცრების დროს სიფრთხილეა საჭირო აგრეთვე:

·        BCG – ვაქცინაციის დროს, თუ არის 2კგ-ზე ნაკლები წონის ახალშობილი ან წინა აცრის შემდგომი   კოლოიდური ნაწიბური;

·        B ჰეპატიტზე აცრისას, თუკი არის ალერგია საკონდიტრო საფუარზე; 

·        მწვავე დაავადების ან ქრონიკული დაავადებების  გამწვავების დროს გეგმიური ვაქცინაცია უნდა გადაიდოს მათ დასრულებამდე;

·        თუ მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადება და მწვავე ნაწლავური ინფექცია არ გამოირჩევა მძიმე მიმდინარეობით, აცრა შესაძლებელია ჩატარდეს ტემპერატურის ნორმალიზებისთანავე;

·        სხვა არცერთი მდგომარეობა აცრების უკუჩვენებას არ წარმოადგენს;

·        ტდ ვაქცინაცია ორსულებისათვის უკუჩვენებას არ წარმოადგენს;

 

აცრების "ცრუ უკუჩვენებები”:  

ეს არის დაავადებები და მდგომარეობები, რომლებიც არ წარმოადგენენ იმუნიზაციის უკუჩვენებას:
    ა)პერინატალური
ენცეფალოპათია;
    ბ) სტაბილური
ნევროლოგიური მდგომარეობა;
    გ) ანემია, ქრონიკული
ტონზილიტი, ოტიტი;
    დ) თიმუსის
ჩრდილის გადიდება;
    ე) ალერგია, ასთმა, პოლინოზი, ეკზემა, "დიათეზი";
    ვ) განვითარების
მანკები, ფერმენტოპათია;
    ზ) დისბაქტერიოზი;
    თ) ადგილობრივი
ხმარების სტეროიდები;
    ი) ჰიპოტროფია;
    კ) დიარეა (ინტოქსიკაციის
გარეშე);
    ლ) ინფექციურ
დაავადებასთან კონტაქტი ახლო წარსულში;
    მ) დღენაკლულობა
ან მცირე წონით დაბადება;
    ნ) სეფსისი
ანამნეზში;
    ო) შემაერთებელი
ქსოვილის აუტოიმუნური დაავადება;
    პ) ახალშობილთა
ჰემოლიზური დაავადება;
    ჟ) ოჯახში
აცრისშემდგომი გართულება;
    რ) ალერგია
ნათესავებში;
    ს) ეპილეფსია, რომელიც
მკურნალობას ემორჩილება;
    ტ) კრუჩხვა
ან უეცარი სიკვდილის სინდრომი ოჯახი;
    უ) ორსული
დედა;
    ფ) ბუნებრივი
ან ხელოვნური კვება;
    ქ) მცირედ
ან ზომიერად გამოხატული ადგილობრივი რეაქცია ვაქცინის წინა დოზის შეყვანისას;

 

 

 

 

აცრის შემდგომი გართულებები

 

მართალია თანამედროვე ვაქცინები უსაფრთხოა, მაგრამ არცერთ მათგანზე არ შეიძლება აბსოლუტურად გამოირიცხოს გვერდითი რეაქციების ან იმუნიზაციის შემდგომი გართულებების განვითარების რისკი.

ტემპერატურის მცირე მომატება და მტკივნეულობა ინექციის ადგილზე - ნიშნავს ორგანიზმში იმუნური პასუხის გამომუშავების პროცესის წარმატებულ მიმდინარეობას.

ცალკეულ ადამიანებს აღენიშნებათ პოსტვაქცინური რეაქციები - მსუბუქი გვერდითი რეაქციებიდან დაწყებული იშვიათ, მაგრამ მძიმე და სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობებამდე. ზოგ შემთხვევაში ასეთი რეაქციები დაკავშირებულია თვით ვაქცინის თავისებურებასთან, ზოგჯერ კი მათი განვითარება განპირობებულია ვაქცინის შეყვანისას დაშვებული შეცდომებით და ძალიან ხშირად მიზეზობრივი კავშირი რეაქციასა და ვაქცინაციას შორის არ არსებობს.

განვითარების მიზეზის მიუხედავად, იმუნიზაციის შემდგომი გვერდითი რეაქციები, ე.წ. "პოსტვაქცინური რეაქციები” (პვრ) შესაძლებელია გახდეს ბავშვის ვაქცინაციის გაგრძელებაზე უარის საბაბი, რის შედეგადაც, საგრძნობლად მოიმატებს "მართვადი" ინფექციებით მათი დასნებოვანების და შედეგად დაინვალიდების ალბათობა და ლეტალური გამოსავალიც კი.

პოსტვაქცინური რეაქციები - ესაა ჯანმრთელობის დარღვევები, რომლებიც ვითარდება იმუნიზაციის შემდეგ და სავარაუდოდ იმუნიზაციის შედეგია. თუმცა, ადამიანები, ჩვეულებრივ ფიქრობენ, რომ იმუნიზაციის შემდეგ ჯანმრთელობის ყველა აღნიშნული დარღვევა მიზეზობრივად დაკავშირებული უნდა იყოს იმუნიზაციასთან, მაგრამ ასეთი რეაქციები ხშირად შემთხვევითი დამთხვევის შედეგია. ასევე არასწორია ფართოდ გავრცელებული აზრი, რომ პვრ-ის ხშირი მიზეზი სახელდობრ ვაქცინებია. მაგრამ პვრ უხშირესად დაკავშირებულია ტექნიკურ შეცდომებთან, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია.

იმუნიზაციის შემდეგ გვერდითი მოვლენები ძირითადად კლასიფიცირდება 4 ჯგუფად:

·        ვაქცინით გამოწვეული გვერდითი რეაქციები;

·        ვაქცინით პროვოცირებული გვერდითი რეაქციები;

·        ვაქცინაციის შეცდომასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები;

·        ვაქცინაციასთან შემთხვევითი თანხვედრით გამოწვეული გვერდითი რეაქციები.

ვაქცინის გვერდითი ზემოქმედების ხარისხი დამოკიდებულია საკუთრივ პრეპარატის თვისებებსა და ვაქცინირებულის რეაქტიულობაზე. გარდა სხვადასხვა ტექნოლოგიური მომენტებისა, ვაქცინის რეაქტოგენობაზე არაკეთილსასურველ შედეგს იძლევა სხვადასხვა მოთხოვნების დარღვევა, ვაქცინის წარმოების წესების დარღვევა, ვაქცინების ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დაუცველობა, არასაკმარისი ინფორმაცია პაციენტის თანმხლები პათოლოგიის არსებობაზე, ვაქცინაციის პროცედურის დარღვევა, დოზის მომატება, სქემის შეცვლა, შეყვანის ხერხის შეცვლა და სხვ.

დახოცილი და სორბირებული ქიმიური ბაქტერიული ვაქცინების, ასევე ანატოქსინების შეყვანისას ადგილობრივი რეაქციები ვითარდება 24 საათის შემდეგ და ქრება 2-7 დღეში მკურნალობის გარეშეც, მომატებული ტემპერატურა და ინტოქსიკაციის ნიშნები ნარჩუნდება 24-48 საათი. ზოგიერთ შემთხვევაში სორბირებული პრეპარატების შეყვანის ადგილებში მტკივნეული შემკვრივება გრძელდება 1 თვის განმავლობაში. ვაქცინის ტოქსიურ მოქმედებაზე დამოკიდებული ადგილობრივი და ზოგადი რეაქციები უფრო გამოხატულია ვაქცინის პირველი შეყვანის შემდეგ.

ალერგიული რაქციები უპირატესად მჟღავნდება ქიმიური (ხსნადი) ვაქცინების შეყვანისას. გამოიხატება ჰიპერემიით და შეშუპებით, ზოგად რეაქციებს თან ახლავს ცხელება, არტერიული წნევის შემცირება, გამონაყარი, ართრალგია და სხვ.  გამოვლენის ვადების მიხედვით ალერგიული რეაქციები იყოფა დაუყოვნებელ (1 სთ-ს განმავლობაში), დაყოვნებულ (24-48 სთ-ს შემდეგ) და შერეულად. უპირატესად ვითარდება განმეორებითი შეყვანისას, პირველადი შეყვანისას განვითარებული რეაქცია უფრო ხშირად პარაალერგიაა ("ცრუ ალერგია").

ისეთი ინფექციების წინააღმდეგ, როგორიცაა წითელა, დიფთერია, ახალშობილთა ტეტანუსი, ჰეპატიტი B და პოლიომიელიტი, ვაქცინაციის დადებითი შედეგები ბევრად აღემატება იმუნიზაციის შემდგომი გართულებების შესაძლო ზიანს. არავაქცინირებული ბავშვის "მართვადი" ინფექციებით დაავადების ალბათობა ბევრად მეტია, ვიდრე მძიმე პოსტვაქცინური რეაქციების ან გართულებების განვითარების ალბათობა.

 

პოსტვაქცინურ გართულებებს მიეკუთვნება:

 

1. ადგილობრივი გვერდითი აქციები:

·        აბსცესი ვაქცინის შეყვანის ადგილზე - ინექციის ადგილზე დაზიანების კერა ფლუქტუაციით ან თხევადი ჩირქის გამოყოფით, ტემპერატურის მატებით ან ცხელების გარეშე. თუ აბსცესი ბაქტერიულია, ჩირქის არსებობის გამო აღინიშნება ცხელება, ანთების ნიშნები, გრამ-დადებითი ბაქტერიების არსებობა. გამომწვევის კულტურაში ან შიგთავსში ნეიტროფილების სიჭარბე ადასტურებს ბაქტერიული აბსცესის დიაგნოზს, თუმცა ამ ნიშნებიდან ზოგიერთის არ არსებობა არ გამორიცხავს ასეთ დიაგნოზს.

·        ბცჟ ვაქცინაციის შემდგომ ლიმფადენიტის ყველა შემთხვევა - თუნდაც ერთი 1.5 სმ დიამეტრის ლიმფური კვანძი ან ფისტულა ლიმფური კვანძის ზედაპირზე;

·        მძიმე ადგილობრივი რეაქცია -  ვაქცინის შეყვანის ადგილზე შეწითლება და/ან შესიება და ჩამოთვლილიდან ერთი ან რამოდენიმე ნიშანის არსებობა:

1.უახლოესი სახსრის საზღვრებს გარეთ არსებული შესიება;

2. სამ დღეზე მეტი ხანგრძლივობის ტკივილი, სიწითლე და შესიება;

3. ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა.

·        ყველა ლეტალური გამოსავალი, რომელიც მედიცინის მუშაკის ან მოსახლეობის აზრით დაკავშირებული იყო ვაქცინაციასთან (თუ განვითარდა ვაქცინის შეყვანიდან 1 თვის განმავლობაში);

·        ჰოსპიტალიზაციის ყველა შემთხვევა, რომელიც მედიცინის მუშაკის ან მოსახლეობის აზრით დაკავშირებული იყო ვაქცინაციასთან (თუ განვითარდა ვაქცინის შეყვანიდან 1 თვის განმავლობაში, თუმცა ჯანმრთელობის ზოგიერთ დარღვევას შესაძლებელია მიზეზობრივი კავშირი ჰქონდეს იმუნიზაციასთან მაშინაც კი, როდესაც მათ უფრო გვიანი დასაწყისი ჰქონდათ);

·        სხვა მძიმე ან არაჩვეულებრივი დარღვევები, რომელიც მედიცინის მუშაკის ან მოსახლეობის აზრით დაკავშირებული იყო ვაქცინაციასთან (თუ განვითარდნენ ვაქცინის შეყვანიდან 1 თვის განმავლობაში).

 

2. მძიმე რეაქციები ცნს-ის მხრიდან:

·        მწვავე დუნე დამბლა:

1.       ვაქცინასთან ასოცირებული პარალიზური პოლიომიელიტი, რომელიც განვითარდა ოპვ-ს შეყვანიდან 4-30 დღის შემდეგ ან ვაქცინირებულ ბავშვთან კონტაქტიდან 4-75 დღის შემდეგ განვითარებული მდდ, დაავადების დაწყებიდან 60 დღის შემდეგ შენარჩუნებული ნევროლოგიური დარღვევებით, ან ლეტალური გამოსავალით;

2.       გიენ-ბარეს სინდრომი (გბს) – მწვავე სწრაფად პროგრესირებადი აღმავალი სიმეტრიული დუნე დამბლა, რომელიც გამოვლინდება იმუნიზაციიდან 30 დღის განმავლობაში, დაავადების დასაწყისში ტემპერატურის მატების გარეშე, მგრძნობელობის დაკარგვით. დიაგნოზი დასტურდება თავზურგტვინის სითხის გამოკვლევით;

·        ენცეფალოპათია - იმუნიზაციასთან დროში თანხვედრილი მძიმე მწვავე დაავადება (უნდა დარეგისტრირდეს ვაქცინაციიდან 72 საათის განმავლობაში), რომელიც ხასიათდება ქვემოთ ჩამოთვლილი 3 ნიშნიდან ნებისმიერი ორის არსებობით: კრუნჩხვებით, ცნობიერების გამოხატული დარღვევით და ქცევის გამოხატული შეცვლით, რომელიც გრძელდება ერთი დღე ან მეტი;

·        ენცეფალიტი - ხასიათდება ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებით და თავის ტვინის ანთების ნიშნებით და ხშირად – თავ-ზურგ-ტვინის სითხეში პლეოციტოზით და/ან ვირუსის გამოყოფით. უნდა რეგისტრირდეს იმუნიზაციიდან 1-4 კვირის განმავლობაში;

·        მენინგიტი – მძიმე მწვავე დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ცხელებით,კისრის კუნთების რიგიდობით და დადებითი მენინგეალური სიმპტომებით (კერნიგი, ბრუძინსკი). სიმპტომების გამოხატულება ვარირებს ძალიან სუსტიდან ენცეფალიტის მსგავს გამოვლინებებამდე. უდიდესი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვთ თავ-ზურგ-ტვინის  სითხის გამოკვლევებს (პლეოციტოზი და/ან მიკროორგანიზმების აღმოჩენა);

·        კრუნჩხვები  (ფებრილური ან არაფებრილური), რომელიც გრძელდება რამოდენიმე წუთიდან 15 წუთზე მეტი ხანგრძლივობით და არ ახლავს კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომები ან ნიშნები;

 

3. სხვა გართულებები:

·        ალერგიული რეაქციები - ხასიათდება შემდეგი ნიშნებიდან ერთის ან რამდენიმეს არსებობით: გამონაყარი კანზე (მაგ. ჭინჭრის ციება, ეგზემა),  სუნთქვის გაძნელება, კვინკეს შეშუპება ან გენერალიზებული შეშუპება;

·        ანაფილაქტოდური რეაქცია -ჰიპერმგრძნობელობის მწვავე რეაქცია,  განვითარებული ვაქცინის შეყვანიდან პირველი 2 საათის განმავლობაში. გამოხატულია შემდეგი ნიშნებიდან ერთის ან რამოდენიმეს სახით: გაძნელებული სუნთქვა ან ქოშინი ბრონქოსპაზმის გამო, ლარინგოსპაზმი ან ხორხის შეშუპება და კანის დაზიანება – მაგ. "ჭინჭრის ციება", კვინკეს ან გენერალიზებული შეშუპება;

·        ანაფილაქსიური შოკი - ვაქცინის შეყვანისთანავე განვითარებული სისხლძარღვოვანი უკმარისობა (ცნობიერების დარღვევა, დაბალი არტერიული წნევა, პერიფერიულ სისხლძარღვებზე პულსის სისუსტე ან არ ქონა, ცივი კიდურები პერიფერიულ სისხლძარღვებში ცირკულაციის დარღვევის გამო, სახის ჰიპერემია და მომატებული ოფლგამოყოფა) ბრონქოსპაზმით და/ან ლარინგოსპაზმით და ხორხის შეშუპებით ან ამ ნიშნების გარეშე, რასაც მოსდევს სუნთქვის უკმარისობა;

·        ართრალგია – ტკივილი სახსრებში, რომელიც გრძელდება 10 დღემდე (ტრანზიტორული) ან 10 დღეზე მეტ ხანს (პერსისტირებადი). ჩვეულებრივ, ზიანდება მცირე პერიფერიული სახსრები;

·        გენერალიზებული ბცჟ-ინფექცია ("დისემინირებული ბცჟიტი") - ბცჟ ვაქცინით იმუნიზაციის შემდეგ 1-12 თვის შემდეგ განვითარებული დისემინირებული ინფექცია, დადასტურებული ავადმყოფიდან შესაბამისი შტამის გამოყოფით;

·        ცხელება – რექტალურად გაზომილი ტემპერატურული რეაქცია: მსუბუქი (38-38.90C), მძიმე (39-40.40C) ან ძალზედ მძიმე (40.50C და მეტი);

·        ჰიპოტენზიურ-ჰიპორესპონსური სინდრომი (შოკი, კოლაფსი) - უეცარი (ვითარდება ვაქცინაციიდან პირველი დღე-ღამის განმავლობაში) გაფითრება, ცნობიერების დარღვევა ან დაკარგვა, კუნთოვანი ტონუსის დაქვეითება ან არარსებობა. ზ.ა. ნიშნები ტრანზიტორულია და სრულდება სპონტანური გამოჯანმრთელებით;

·        ოსტეიტი/ოსტეომიელიტი  - ძვლების ანთებითი ცვლილებები, რომლებიც განვითარდა ბცჟ-სშეყვანის შემდეგ 8-16 თვეში ან სხვა ბაქტერიული ინფექციის შედეგად;

·        ხანგრძლივი ტირილი - 3 საათზე მეტ ხანს უწყვეტი მუდმივი ტირილი ყვირილის თანხლებით;

·        სეფსისი - ბაქტერიული ინფექციის შედეგად განვითარებული მძიმე გენერალიზებული დაავადება, მწვავე დასაწყისით. დიაგნოზის დასადასტურებლად სისხლიდან გამომწვევის კულტურის გამოყოფით;

·        ტოქსიური შოკის სინდრომი - იმუნიზაციიდან რამდენიმე საათში განვითარებული უეცარი დაავადება ცხელებით, პირღებინებით და წყლოვანი განავლით, არაიშვიათად ლეტალური გამოსავლით დაწყებიდან 24-48 საათის განმავლობაში;

·        იმუნიზაციიდან 4 კვირის განმავლობაში განვითარებული ჯანმრთელობის სხვა სერიოზული და არაჩვეულებრივი დარღვევები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ზემოთ.

 

შენიშვნა: პვგ-ზე სასწრაფო შეტყობინება ეგზავნება შესაბამისი რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს, რომელიც თავის მხრივ ატყობინებს სამხარეო სამსახურს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს.

 

 

გახსოვდეთ:

 

·        აცრების ჩატარების საკითხს უნდა წყვეტდეს ექიმი (უბნის პედიატრი, ოჯახის ექიმი, აცრის კაბინეტის ექიმი) ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვის ან მოზრდილის ინდივიდუალობის (ჯანმრთელობის მდგომარეობის, ანამნეზის, მოცემული დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორების არსებობის), ასევე ქვეყანაში არსებული ეპიდ-სიტუაციისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით.

·        უკუჩვენებათა ჩამონათვალი უნდა შემოწმდეს ვაქცინის თანმხლებ ინსტრუქციაში;