თანამედროვე მედიცინის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა იმ სამედიცინო ცოდნის მეცნიერული ანალიზისა და უზარმაზარი გამოცდილების გათვალისწინების გარეშე, რომელიც დააგროვა კაცობრიობამ თავისი არსებობის მანძილზე. ნათქვამია, თუ არ იცი წარსული, შეუძლებელია გაიგო თანამედროვეობის ჭეშმარიტი აზრი და მომავლის მიზანი. მედიცინის ისტორია შეისწავლის სამედიცინო ცოდნის განვითარებას დასაბამიდან დღემდე საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ფორმაციებთან მჭიდრო კავშირში, ასევე სამედიცინო სპეციალობების ჩამოყალიბებასა, ექიმებისა და მეცნიერი ექიმების ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მათ წვლილს მედიცინის მეცნიერების ამა თუ იმ დარგის განვითარებაში და მათი სკოლების სამეცნიერო მიღწევებს. მედიცინის ისტორია თავისი შინაარსით ღრმად ინტერნაციონალურია: მსოფლიოს ყველა ხალხს, მეტ-ნაკლებად, მიუძღვის წვლილი სამედიცინო ცოდნის განვითარებასა და თანამედროვე მედიცინისა და ჯანმრთელობის დაცვის ჩამოყალბებაში. უძველესი ცივილიზაციების ისტორია არ შეიძლება გადმოცემული იყოს როგორც საკუთრივ ძველი რომის ან ძველი საბერძნეთის ისტორია, რადგან მონათმფლობელური წყობილების დროს ხმელთაშუა ზღვის ამ ქვეყნებში შედიოდნენ სხვადასხვა ხალხები, რომლებითაც იმ დროისათვის დასახლებული იყო სამხრეთ-ევროპის, სამხრეთ-დასავლეთ აზიის და ჩრდილოეთ აფრიკის მნიშვნელოვანი ტერიტორიები. ამგვარად, ძველი საბერძნეთისა და ძველი რომის მედიცინის ისტორია ამავე დროს ეგვიპტის, ტუნისის, კვიპროსის, თურქეთის, სირიის, ლიბანის, ერაყის, ირანის, იორდანიის, ინდოეთის, პაკისტანის, არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებისა და სხვა სახელმწიფოების ისტორიაა. ძველ საბერძნეთში და ძველ რომში მედიცინის განვითარების ანალიზის საფუძველზე შეიძლება თვალყური ვადევნოთ კავშირს ამ ცივილიზაციების მიღწევებსა და სხვა რეგიონების კულტურებს შორის. მედიცინის ისტორიას პრაქტიკულად საქმე აქვს უსაზღვრო ემპირიულ მასალასთან, რომელიც დააგროვა კაცობრიობამ მრავალი ათასწლეულის მანძილზე. ყოველი ახალი ეპოქის მიღწევა მტკიცედაა დაფუძნებული წინამორბედი ეპოქების მიღწევებზე და წარმოადგენს მათ გაგრძელებასა და განვითარებას. მსოფლიო მედიცინის ისტორიის შესწავლას, რომელიც დაფუძნებულია სამედიცინო ცოდნის ფორმირების მეცნიერულ ანალიზზე, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმთა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი მსოფლმხედველობის, სოციალურ-ეკონომიური პოზიციის, საერთო და პროფესიული კულტურის ამაღლებისა და, საერთოდ, თანამედროვე მედიცინის განვითარებისათვის.
მედიცინა პირველყოფილ საზოგადოებაში
პირველყოფილი საზოგადოება მოიცავს პერიოდს ადამიანის წარმოშობიდან (დაახლოებით 2 მილიონ წლის წინ) პირველი კლასობრივი საზოგადოებებისა და სახელმწიფოების ფორმირებამდე (IV-I ათასწლეულები ჩვ. ერამდე).
პირველყოფილი ისტორია არის ისტორია დამწერლობის გარეშე. ამ უძველესი წარსულის შესახებ უმთავრესად არქეოლოგიური გათხრებისა და ზეპირი გადმოცემების საფუძველზე შეიძლება ვიმსჯელოთ. როგორც არქეოლოგიური გათხრების შედეგები მეტყველებენ, პირველყოფილი ადამიანის ძვლებზე წარუშლელი კვალი დატოვეს ისეთმა დაავადებებმა, როგორიცაა ართრიტი, სიმსივნეები, მოტეხილობები, ტუბერკულიოზი, ხერხემლის გამრუდება, კარიესი და ა.შ. მაგ., კუნძულ იავაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს უძველესი ადამიანის, პითეკანტროფის მარცხენა ბარძაყის ძვალი, რომელსაც თავთან მნიშვნელოვანი ძვლოვანი წანაზარდები აღენიშნებოდა (ამ აღმოჩენის აბსოლუტური ასაკი შვიდასი ათასი წელია), საფრანგეთში ნაპოვნი ნეანდერტალელის ჩონჩხი, შეზრდილი კისრის მალებით, მოწმობს პირველყოფილ ადამიანებში გავრცელებულ ართრიტზე, ამერიკელი აბორიგენების მუმიების გამოკვლევებისას აღმოჩენილია ათეროსკლეროზის კვალი და სხვა. ამ ფაქტებმა და, საერთოდ, პალეოპათოლოგიამ (მეცნიერებამ პირველყოფილი ადამიანის ჩონჩხის პათოლოგიური ცვლილებების შესახებ) გააქარწყლა გავრცელებული აზრი, რომ პირველყოფილი ადამიანი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და რომ დაავადებები ცივილიზაციიის შედეგად მოგვიანებით აღმოცენდნენ. ზოგიერთი დაავადება, მაგ., სხივური დაავადება, სილიკოზი და სხვ. მართლაც, ცივილიზაციის შედეგია, მაგრამ ასეთი დაავადებების რიცხვი არც თუ ისე დიდია. ნეანდერტალელის ერთ-ერთ სამარხში შანიდარის გამოქვაბულში (ირანის ტერიტორია) ნაპოვნია მამაკაცის ჩონჩხი, რომლის ამპუტირებული ზედა მარჯვენა კიდურის დისტალური ნაწილის ძვლოვანი კოჟრები და წინა კბილების მნიშვნელოვანი ცვეთა მიგვანიშნებს, რომ ამპუტაციის შემდეგ ადამიანი კბილებს იყენებდა დაკარგული კიდურის მაგივრად და აგრძელებდა საზოგადოებაში ცხოვრებას, რომელიც თავის მხრივ დახმარებას უწევდა მას. მსგავსი პათოლოგიური ცვლილებები მეტყველებენ იმ ფაქტზე, რომ ადამიანები უხსოვარი დროიდან ზრუნავდნენ ავადმყოფებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმედ დაავადებული ავადმყოფობის დასაწყისშივე დაიღუპებოდა. ამავე გამოქვაბულში აღმოჩენილ ნეანდერტალელის სამარხში ნაპოვნია სამკურნალო მცენარეების მტვერი, რაც პირველყოფილი ადამიანის მიერ მათი სამკურნალო დანიშნულებით გამოყენებაზე მეტყველებს.
უნდა აღინიშნოს, რომ პირველყოფილ ადამიანების ძვლებზე ტრავმების შედეგად მიღებული დაზიანებები უფრო ხშირად გვხდება, ვიდრე დაავადებათა კვალი. მაგ., თავის ქალას დაზიანებები, რომლებიც მიღებულია ნადირობის დროს. სხვა აღმოჩენებს ემჩნევათ ტრეპანაციის კვალი, რომელიც ჩატარებულია მკურნალობის (ტრეპანაციის ადგილებს განუცდიათ რეგენერაცია) და რიტუალური (ტრეპანაციის ადგილებს არ ემჩნევათ რეგენერაციის კვალი) მიზნით. პალეოანტროპოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ უძველესი ადამიანი (არქანტროპი), რომელიც ბინადრობდა ადრეულ პალეოლითში (დაახ. 2 მილიონი - 40 ათასი წლის წინ), ორ ფეხზე დადიოდა. მისი ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 30 წელს. იშვიათად ცოცხლობდნენ 50 წლამდე. ის იღუპებოდა ძალების გაფურჩქვნის ასაკში და ვერ ასწრებდა დაბერებას, მარცხდებოდა ბუნებასთან უთანასწორო ბრძოლაში, რაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდებოდა, თითქმის შუა საუკუნეების ეპოქამდე.
ზეპირი გადმოცემების საფუძველზე მედიცინის ისტორიამ მაინც შემოგვინახა მდიდარი მასალა იმ ხალხების სამედიცინო გამოცდილებაზე, რომლებსაც დამწერლობა არ გააჩნდათ. ავსტრალიაში, აზიაში, ამერიკასა და ოკეანეაში შემორჩენილი ტომების ეთნოგრაფიული გამოკვლევები დღესაც იძლევიან უმდიდრეს მასალას პირველყოფილი საზოგადოების სამედიცინო პრაქტიკის შესახებ. უეჭველია, რომ გვიანი პალეოლითის ეპოქაში (40-12 ათასწლეული ჩვ. ერამდე) მკურნალობას ეწეოდნენ თემის სხვადასხვა წარმომადგენლები: ქალები, რომლებიც მოვალენი იყვნენ ეზრუნათ ბავშვებზე და მამაკაცები, რომლებსაც დახმარება უნდა აღმოეჩინათ ნადირობის ან სხვა ტომებთან შეჯახების დროს დაჭრილი თანატომელებისათვის. ქირურგიული ინსტრუმენტების სახით გამოიყენებოდა ქვისა და ძვლის დანები, თევზის ქერცლი, ნაფოტი, ეკალი და სხვ. პირველყოფილი ადამიანი დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებდა თილისმებსა და ავგაროზებს, რომლებსაც სხვადასხვა დანიშნულება გააჩნდათ (შავი ჭირის, ქოლერის, ბრძოლებში ჭრილობების მიღების საწინააღმდეგო და სხვ.). სამკურნალო მაგიის არსებობაზე მოწმობენ გვიანი პალეოლითის ეპოქაში გამოქვაბულის კედლებზე აღმოჩენილი ნახატები.
პირველყოფილი ადამიანები დაავადების მიზეზად ავადმყოფის სხეულში ჩასახლებულ გარდაცვლილთა სულებს მიიჩნევდნენ. ამ წარმოდგენებმა ხელი შეუწყვეს მკურნალობის ისეთი ხერხების შემუშავებას, რომლის მიზანს ავადმყოფის სხეულიდან წინაპრის სულის გამოდევნა წარმოადგენდა. კერძოდ, თანამედროვე მინის კოტოშების ნაცვლად კამეჩის რქის გამოყენება, ავადმყოფისათვის არასასიამოვნო წამლებისა და საკვების მიცემა, რომელსაც სული უნდა შეეწუხებინა და სხვა. ავადმყოფობის გამომწვევი სულის ოგანიზმიდან გამოდევნამ წარმოშვა საკულტო პრაქტიკის მთელი მიმართულება -შამანობა, რომელმაც რაციონალური მედიცინის ელემენტებიც შეითავსა. პირველყოფილი თემური წყობილების დაშლის პერიოდში სხვადასხვა ხალხებში იეროგლიფური დამწერლობის აღმოცენებით გამოწვეულმა საერთო კულტურულმა აღმავლობამ ხელი შეუწყო მკურნალობის განვითარებასაც. გრძელდებოდა მკურნალობის ხერხებისა და ახალი მეთოდების შემუშავება, სამკურნალწამლო საშუალებათა სფეროს გაფართოება, მეანობის ელემენტების ჩასახვა. ხშირმა ომებმა და მონებისათვის კიდურების ამპუტაციის ტრადიციამ საუკეთესო პირობები შექმნა ქირურგიული უნარ-ჩვევების განვითარებისათვის. ხოლო ლითონის დამუშავებაში მიღწეული წარმატებებმა გაზარდა სპილენძის, რკინისა და ბრინჯაოსაგან უფრო დახვეწილი სამედიცინო ინსტრუმენტების დამზადების შესაძლებლობა.
ოთხი ათასი წლის წინ პირველი მონათმფლობელური სახელმწიფოების წარმოშობით დასრულდა პირველყოფილი წყობილება დაიწყო კლასობრივი წყობილების ისტორია.
ძველი სამყაროს მედიცინის ისტორია
მედიცინა ძველ ეგვიპტეში
ძველი ეგვიპტის მედიცინის ისტორიის შესახებ მდიდარ მასალას იძლევიან არა მარტო არქეოლოგიური გათხრები, არამედ სამარხებისა და პირამიდების კედლებზე, სარკოფაგებსა და სტელებზე არსებული სამედიცინო ხასიათის ძველეგვიპტური წარწერები. მაგ. ეგვიპტის Vდინასტიის მეფის ნეფერირკა-რას (XXV საუკ. ჩვ. წ. აღრიცხვამდე) მთავარი არქიტექტორის უაშ-პტახას აკლდამის კედელზე წერია, რომ ის უეცრად გარდაიცვალა ფარაონის თვალწინ. ეს არის ყველაზე ძველი ცნობა ავადმყოფობაზე, რომელიც ძალზე წააგავს ინსულტს ან მიოკარდიუმის ინფარქტს. უძველესი სამედიცინო პაპირუსების არსებობაზე მოწმობენ ძველი ისტორიკოსებიც. მაგ. მანეფონი გვამცნობს, რომ I დინასტიის მეორე მეფე ატოტისი დახელოვნებული ექიმი ყოფილა და შეუდგენია სამედიცინო ტექსტი ადამიანის აღნაგობის შესახებ. კახუნის პაპირუსის (დაახლოებით 1800 წელი ჩვ. წ. აღრიცხვამდე) ერთ-ერთი განყოფილება ეძღვნება ნაადრევ და დაგვიანებულ მშობიარობას, ხოლო მეორე - ცხოველების მკურნალობას. ბრუგშის პაპირუსი (დაახლოებით 1450-1350 წლები ჩვ. წ. აღრიცხვამდე) ჩვენამდე მოღწეულ პაპირუსთაგან ყველაზე ძველი დოკუმენტია ბავშვთა დაავადებების მკურნალობის შესახებ. ბერლინის პაპირუსი (დაახლოებით 1300 წელი ჩვ. წ. აღრიცხვამდე) ეძღვნება სისხლძარღვების დაავადებებს. ყველაზე სრულ ინფორმაციას ძველი ეგვიპტის მედიცინის შესახებ გვაძლევს ორი პაპირუსი: ებერსის (ჩვ. წ. აღრიცხვამდე დაახლოებით 1550 წელი) დიდი სამედიცინო პაპირუსი და ტრაქტატი ქირურგიის შესახებ - სმიტის პაპირუსი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, უფრო ადრე, ჩვ. წ. აღრიცხვამდე III ათასწლეულში უნდა იყოს შედგენილი ლეგენდარული ექიმის იმხოტეპის მიერ. ებერსის პაპირუსი შედგება 108 ფურცლისაგან, საერთო სიგრძით - 20,5მ. ის მოიცავს 900-მდე წამლის აღწერილობას. აქ თავმოყრილია საჭმლისმომნელებელი, სასუნთქი გზების, ყელ-ყურ-ცხვირის, დამწვრობის, სისხლდენის, თვალის დაავადების, კანის, პარაზიტული და სხვა დაავადებების მკურნალობისათვის გამიზნული წამლების დამზადების წესები და სავსებით ამართლებს თავის დასახელებას: “სხეულის ყველა ნაწილისათვის წამლების დამზადების წიგნი.” სმიტის პაპირუსი ქირურგიის შესახებ ჩვენამდე მოღწეულ ტექსტებიდან ყველაზე ძველია, რომელიც წარმოადგენს 4,68 მ სიგრძისა და 33 სმ-ის სიგანის პაპირუსის ლენტს და შედგება 17 სვეტისაგან. აქ აღწერილია ქალას ძვლების, ტვინის, კისრის მალების, წინამხრის, გულმკერდის ყაფაზის, ხერხემლის დაზიანებებისა და მათი მკურნალობის 48 შემთხვევა.
ეგვიპტური მუმიების შესწავლაც იძლევა კონკრეტულ ცნობებს ძველი ეგვიპტელების დაავადებათა შესახებ. მაგ., სახსრებისა და ძვლების დაავადებები (ოსტეოსარკომა, პოლიომიელიტი, ნიკრისის ქარი და სხვ.), ყბებისა და კბილების, სისხლძარღვთა (ათეროსკლეროზი), პარაზიტული, ინფექციური (ყვავილი, მალარია, ჭირი) და სხვა დაავადებები. ისეთი მძიმე ინფექციური დაავადებები, როგორიცაა ყვავილი, მალარია, შავი ჭირი ძველი ეგვიპტელებისთვისაც იყო ცნობილი. ამას მოწმობენ ისტორიკოსთა ნაწერები, ყვავილის ჩირქგროვები რამზეს II სახის კანზე, მუმიების კანზე აღმოჩენილი შავი ჭირის ჩხირები და სხვა მტკიცებულებები.
სამედიცინო ცოდნის განვითარებას ძველ ეგვიპტეში მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი მუმიფიცირების ტრადიციამ. ძველ ეგვიპტელებს ღრმად სწამდათ იმქვეყნიური ცხოვრების, ცდილობდნენ დაეცვათ მიცვალებულის სხეული გახრწნისაგან და მუმიფიცირებასაც ამ მიზნით მისდევდნენ. ამ საქმით დაკავებულ ადამიანებს ტარიხევტებს უწოდებდნენ. ჰეროდოტემ, რომელიც მოგზაურობდა ეგვიპტეში, მოგვცა მუმიფიცირების მეთოდების აღწერა. მისივე გადმოცემით ეგვიპტელები დიდ ყურადღებას უთმობდნენ ჰიგიენის წესების დაცვას. აი, რას წერს ჰეროდოტე ამის შესახებ: ეგვიპტელები “წყალს სვამენ მხოლოდ სპილენძის ჭურჭლიდან, რომელსაც ყოველდღე ხეხავენ, ატარებენ ტილოს ტანსაცმელს და დღენიადაგ ზრუნავენ მის სისუფთავეზე, რასაც ისინი დიდი გულმოდგინებით აკეთებენ. წინდაცვეთასაც სისუფთავის მიზნით იტარებენ. ურჩევნიათ იყვნენ სუფთები, ვიდრე ლამაზები. ქურუმები ყოველდღე იპარსავენ მთელს სხეულს ღვთისმსახურების დროს ტილებისა და სხვა პარაზიტებისაგან თავის დასაცავად. აცვიათ პაპირუსის ფეხსაცმელები.”
ძველ ეგვიპტელებს ღრმა ცოდნა გააჩნდათ ადამიანის ორგანოების შესახებ. მათ შორის მნიშვნელოვანია ჩვენამდე მოღწეული ტრაქტატი თავის ტვინის აღწერილობით. მათი აზრით, თავის ტვინის დაზიანება სხვა ორგანოების დაავადებას იწვევდა. განსაკუთრებულ როლს ანიჭებდნენ გულს. ებერსის ეტრატში ნათქვამია, რომ ყველა ექიმის ოსტატობის საიდუმლო გულის მუშაობის ცოდნაშია.
დაავადებების უმნიშვნელოვანეს მიზეზად ძველ ეგვიპტეში არაჯანსაღი საჭმელი ითვლებოდა. ჰეროდოტეს მიხედვით ძველი ეგვიპტელები კუჭს ისუფთავებდნენ თვეში ერთხელ სამი დღის განმავლობაში. გარდა ამისა, ადამიანის დაავადების მიზეზად თვლიდნენ გარდაცვლილთა სულებს, რომელთა გამოდევნას ორგანიზმიდან ისინი ცდილობდნენ წამალში არასასიამოვნო გემოს მქონე და საჭმელად უვარგისი ნივთიერებების დამატებით.
ძველეგვიპტური რელიგიის მიხედვით მთავარი ღვთაება, რომელიც მკურნალობასთან იყო დაკავშირებული, იყო ისიდა. ხოლო ექიმების მფარველი ღვთაებად ლომისთავიანი სოხმეტი იყო მიჩნეული. ისიდა მაგიური მკურნალობის სულისჩამდგმელად და ამავე დროს ბავშვების მფარველად ითვლებოდა. ის დედობისა და ნაყოფიერების სიმბოლო იყო. მან შესძლო გველისაგან დაკბენილი შვილის გაცოცხლება. ისიდამ გადარჩენილი შვილიც აზიარა მკურნალობის საიდუმლოებებს. წამლები, რომლებიც ისიდას სახელს ატარებდნენ, ძველ რომშიც იყო ცნობილი და ჰალენის წიგნებშიც არის მოხსენიებული.
ძველ ეგვიპტეში გავრცელებული ყოფილა ისეთი მძიმე ინფექციური დაავადებები, როგორიცაა ყვავილი, მალარია, და ჭირი. ძველი ეგვიპტე ჭიებით მძიმე დაავადებების, შარდსასქესო და ნაწლავური შისტოსომოზების დიდი კერა იყო. ეს დაავადებები აღწერილია ებერსის, ხერსტის, ბერლინისა და ლონდონის პაპირუსებში. ეს უძველესი ტექსტები გვამცნობენ, რომ ამ დაავადებების დამახასიათებელი ნიშნები იყო ჭიების არსებობა ორგანიზმში, სისხლი შარდში ("ეგვიპტური ჰემატურია"), სწორი ნაწლავის დაზიანება და ფაღარათი. XX დინასტიის (XI საუკ. ჩვ. ერამდე) ეგვიპტური მუმიების მიკროსკოპულმა გამოკვლევებმა დაადასტურა მათ თირკმელებში შარდსასქესო შისტოსომოზების გამომწვევის გაქვავებული კვერცხების არსებობა. ამ დაავადების გავრცელებას ძველ ეგვიპტეში და მოგვიანებით ძველ მესოპოტამიაში, ასევე აზიის, აფრიკისა და ამერიკის ქვეყნებში ხელი შეუწყო სარწყავი სისტემის ნაგებობებში მოლუსკების არსებობამ, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა დღესაც მიმდინარეობს ეგვიპტეში.
კბილის ექიმის პროფესია უხსოვარი დროიდან არსებობდა ეგვიპტეში. მუმიების გამოკვლევამ აჩვენა, რომ ძველ ეგვიპტეში ფართოდ ყოფილა გავრცელებული ძვლისაზრდელას მძიმე ფორმის ანთებები, რომელებიც იწვევდა ყბის ფორმის ცვლილებას და კბილების დაცვენას ავადმყოფის სიცოცხლეში. კბილის მკურნალობა ძველ ეგვიპტეში კონსერვატორულ ხასიათს ატარებდა და კბილზე ან დაავადებულ ღრძილზე სამკურნალო ხსნარებისა და პასტების გამოყენებით ამოიწურებოდა. ებერსის პაპირუსში მოყვანილია აღწერა 11 წამლისა, რომლებიც ხელს უწყობენ პირის ღრუს გაჯანსაღებასა და კბილების გამაგრებას, კურნავდნენ ღრძილების ანთებას და უამებდნენ კბილის ტკივილს. პაპირუსში აღწერილია ამოვარდნილი ქვედა ყბის ჩასმის შემთხვევა.
ბერძნები ეგვიპტელებს მდიდარი სამედიცინო ტრადიციების გამო მედიცინის “გამომგონებლებს” უწოდებდნენ.
(შუმერები, ბაბილონი, ასურეთი)
პირველი ცნობები შუმერებში სამედიცინო ცოდნის შესახებ განეკუთვნება ჩვ. წ. აღრიცხვამდე III ათასწლეულს და წარმოადგენს 9,5x16 ზომის თიხის დაფას, რომელიც მოიცავს სამ განყოფილებას, 145 სტრიქონს და წარმოადგენს სამი სახის (ცხელი საფენების, შინაგანი და გარეგანი სამკურნალო საშუალებების ) 15 რეცეპტს, რომლებიც ლაკონურობით გამოირჩევიან. მაგ.: გაცერით და გულდასმით შეურიეთ ერთმანეთს კუს დანაყილი ბაკანი, მცენარე ნაგას (იყენებენ სოდის მისაღებად) ყლორტები, მარილი და მდოგვი. მოიბანეთ მტკივნეული ადგილი მაგარი ლუდით და ცხელი წყლით, რის შემდეგაც შეიზილეთ ზემოაღნიშნული ნაზავი და დაიყარეთ სოჭის დაფხვნილი წიწვები. რეცეპტების ანალიზი გვიჩვენებს, რომ შუმერი მკურნალები ფართოდ იყენებდნენ მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა: მდოგვი, სოჭი, ფიჭვი, ქლიავი, მსხალი, ტირიფი, მცენარე ლეკანორუ ("მანა"). წამლების შემადგენლობაში შედიოდა ნავთობი, ბუნებრივი ასფალტის კუპრი, სუფრის მარილი, გამოიყენებოდა რძე, მატყლი, კუს ბაკანი, წყლის გველის ორგანოები. რეცეპტების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მკურნალი, რომელმაც ეს ტექსტები შეადგინა, თავის პრაქტიკას ემპირიულ დაკვირვებებზე აგებდა. თიხის ფირფიტა არ შეიცავს არც ერთ სიტყვას ღმერთისა და დემონების შესახებ, რომლებიც გვხვდებიან ძველი მესოპოტამიის უფრო გვიანდელ რეცეპტებში. თუმცა არ არის მითითებული რომელი დაავადებების მკურნალობის დროს უნდა გამოეყენებინათ ეს რეცეპტები. ეს იმიტომ, რომ მესოპოტამიის ისტორიის ამ პერიოდისათვის ცოდნის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ზეპირი სახით გადაიცემოდა.
ბაბილონში მიაჩნდათ, რომ ქალღმერთებს შორის უპირველესს-იშთარს შეეძლო დაავადებებისაგან განკურნება. მას "დიდ მკურნალსა" და "მიცვალებულთა გამაცოცხლებელს" უწოდებდნენ.
სამედიცინო ცოდნის განვითარება და ტრადიციული მედიცინა ბაბილონში (XVII-XII საუკ. ჩვ. ერამდე) ორი მიმართულებით ჩამოყალიბდა: ასუტუ ("მკურნალთა ხელოვნება") და აშიპუტუ ("შემლოცავთა ხელოვნება"). ხოლო დაავადებათა გამომწვევებად სამი მიზეზი ითვლებოდა: 1. ზებუნებრივი ძალები (მაგ. მათი რწმენით თავის ტკივილს და გულისრევას იწვევდა ქარიშხლის დემონი პაზუზუ, ხოლო საშინელ მოხუც დემონ ქალს ლამაშტუს შეეძლო ბავშვების დაავადება ციებ-ცხელებით); 2. სამართლებრივი და მორალური ნორმების, ასევე, წეს-ჩვეულებების დარღვევები (მაგ. გათხოვილ ქალთან ან ქურუმთან მიახლოება) და 3. ბუნებრივი მიზეზები (არაჯანსაღი საკვების მიღება, დაბინძურებულ მდინარეში ბანაობა, უსუფთაობა). მკურნალი - ასუ უფრო ხშირად ოპტიმისტურად იყო განწყობილი, რაც გამოიხატებოდა ფრაზებით: "ის გამოჯანმრთელდება", "ის გადარჩება"... თუ დაავადება სცილდებოდა მისი კომპეტენციის ფარგლებს, ის ხელს არ ჰკიდებდა ავადმყოფს. ასუს, როგორც მკურნალს, გააჩნდა რეალური მიზანი: "ციებისა და ცხელების შეჩერება", "სიმსივნის დაცხრომა", "ხელისა და ფეხის გამოვარდნილი ძარღვების დამშვიდება" და სხვ. ასუ თვითონ აგროვებდა, ინახავდა და ამზადებდა წამლებს საცხის, ფხვნილების, აბების, სანთლებისა და ტამპონების სახით. ასუს, როგორც წარმატებული მკურნალის შესახებ ცნობებს შეიცავს მეფე აშურბანაპალუსადმი მისი ძმის მიერ და ქალაქ ნიპურის ტაძრის მკურნალის მუკალიმის (XIV საუკ. ჩვ. ერამდე) მიერ ქალაქის მმართველისადმი მიწერილი წერილები. ამ მიმოწერიდან ჩანს, აგრეთვე, რომ აფთიაქი მუკალიმის ხელმძღვანელობით მუშაობდა, მკურნალობდნენ მონებსაც და პაციენტები გამოჯანმრთელებამდე მკურნალის მეთვალყურეობის ქვეშ რჩებოდნენ.
აშიპუს მკურნალობის მეთოდს კი შელოცვა წარმოადგენდა. მისი სამკურნალწამლო არსენალი მეტად შეზღუდული იყო. იშვიათად აკეთებდა კეთილსაიმედო პროგნოზებს და ზოგ შემთხვევაში ახლოს არ ეკარებოდა ავადმყოფს, როგორც ბოროტი და მავნე ძალების მსხვერპლს. ამის მიუხედავად, ისინი მეფის კარის მკურნალებად ითვლებოდნენ, სადაც, როგორც ზემოაღნიშნული წერილებიდანაც ჩანს, მხოლოდ წარუმატებელი მკურნალობის შემთხვევაში იწვევდნენ ასუს. უფრო გვიანდელი ხანის სამედიცინო ტექსტებიდან ჩანს, რომ აშიპუმ გააერთიანა ორივე მიმართულება.
ძველი მესოპოტამიის სამედიცინო ტექსტების უმრავლესობა აღმოჩენილია ასურეთის დედაქალაქის აშურის მახლობლად ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს და თარიღდება II-I ათასწლეულით ჩვ. ერამდე. ყოველი მათგანი შედგენილია გარკვეული ნიმუშის მიხედვით და იწყება სიტყვებით: "თუ ადამიანი ავადაა ..." და მთავრდება სიტყვებით: "...ის გამომჯანმრთელდება."
ძველ მესოპოტამიაში სათანადოდ არ ჰქონდათ შესწავლილი ადამიანის აღნაგობა, რადგან არ მიმართავდნენ გვამების გაკვეთას და ძალზე ზოგადი წარმოდგენა ჰქონდათ ისეთ ორგანოებზე, როგორიცაა ღვიძლი, გული, თირკმელები, კუჭი, ნაწლავები. ძველი მესოპოტამიის ჩვენამდე მოღწეულ ლურსმულ დამწერლობაში არ არის აღწერილი არც ერთი ქირურგიული ოპერაცია, თუმცა ნახსენებია ზოგიერთი სამედიცინო ინსტრუმენტი, მაგ.: სპილენძის მილები, შპადელები, ბრინჯაოს დანები და ჩვ. წ. აღრიცხვამდე XI - VI საუკუნეების ტექსტებში აღნიშნულია კასტრაციის შესახებ, რომელსაც სპეციალურად ნასწავლი ადამიანები ატარებდნენ. ეს ტექსტები ასევე შეიცავს ცნობებს ექიმი ქალის, რომელიც კურნავდა ქალურ დაავადებებს და თვალის ექიმის შესახებ.
ძველ მესოპოტამიაში არსებობდა ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებული წესები. ერიდებოდნენ წყლის დალევას დაბინძურებული ჭურჭლიდან, არაჯანსაღი საკვების მიღებას და სხვ. განსაკუთრებულად იცავდნენ ჰიგიენას ქურუმები, რომლებიც ატარებდნენ ძვირადღირებულ თეთრ ტანსაცმელს. თუ მეფეს მიუახლოვდებოდა უსუფთაო ადამიანი, ან მოსამსახურე ჭუჭყიანი ხელებით, იწყებოდა მთელი სასახლისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება. ქალაქებში დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ კანალიზაცია. ბუნებრივი წყალსაცავები კი იმდენად იყო დაბინძურებული, რომ წყლის ნაცვლად ყველა, მათ შორის ბავშვებიც, სვამდა ლუდს და სხვადასხვა სასმელს.
მსოფლიოში უძველესი კანონმდებლობა ბაბილონის მეფის, ჰამურაბის (1792-1750 ჩვ. ერამდე) სახელთანაა დაკავშირებული, რომლის დროსაც ბაბილონის სამეფომ უდიდეს განვითარებას მიაღწია. ჰამურაბი არამეულ ენაზე ნიშნავს "მეფე-მკურნალს". "ჰამურაბის კანონები" 2,25 მეტრის ბაზალტის ბოძზეა (ლუვრი) ამოტვიფრული და განეკუთვნება ჩვ. წელთაღრიცხვამდე XVIII საუკუნეს. კანონები შედგება პროლოგისაგან, საკუთრივ კანონებისაგან (282 პარაგრაფი) და ეპილოგისაგან. იგი წარმოადგენს ძველი მესოპოტამიის ყველაზე მნიშვნელოვან სამართლებლივ ძეგლს, რომელშიც გარკვეული ადგილი უჭირავს სამედიცინო სამართლის საკითხებსაც. როგორც ტექსტიდან ირკვევა, ამ პერიოდში მკურნალს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება ჰქონდა, რაც აიხსნებოდა მისი პროფესიის დიდი რისკით. წარუმატებელი მკურნალობის შემთხვევაში ისინი მკაცრად ისჯებოდნენ. ამის შესახებ კანონებში ვკითხულობთ: “თუ მკურნალს შემოაკვდა ავადმყოფი ან დაუშრიტა თვალი, მას უნდა მოაჭრან მკლავი”.
მთელი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ძველი მესოპოტამიის კულტურამ დიდი გავლენა მოახდინა სამეცნიერო ცოდნის განვითარებაზე მთელს წინა აზიაში, სადაც ასევე წარმატებით ვრცელდებოდა მესოპოტამიური დიდი სამედიცინო გამოცდილება.
ინდოეთის ისტორიაში უძველესი დამწერლობა ჰარაპული ცივილიზაციის (ჩვ. წ. აღრიცხვამდე III ათასწლეული) დროს წარმოიქმნა. ჰარაპული ტექსტები შეიცავენ 400-ამდე განსხვავებულ ნიშანს, წერილობითი ძეგლების გარდა ისინი შესრულებულია კერამიკის, სპილენძის, ბრინჯაოს, სპილოს ძვლის ნაკეთობებზე, რაც ამ ეპოქაში განათლების ფართო გავრცელებაზე მეტყველებს.
ჰარაპის კულტურა მნიშვნელოვნად აღემატებოდა ეგვიპტისა და მესოპოტამიის უძველეს კულტურას. შემდგომი პერიოდის წერილობითი ძეგლები შეიცავენ ვედურ რელიგიურ თხზულებებს, ეპიკურ პოემებს, ასტრონომიულ და სამედიცინო ტრაქტატებს. ცნობილი ოთხი სახის ვედადან მედიცინისათვის საინტერესოა უკანასკნელი "ათხარვავედა", რომელიც მოიცავს ავადმყოფობის საწინააღმდეგო შელოცვებს. ძველ ინდოეთში ცხოვრების ნორმების შესახებ წარმოდგენას გვაწვდიან "მანუსკრიპტები" ("მანუს დარიგებები", ანუ, როგორც მას ხშირად უწოდებენ, "მანუს კანონები", შექმნილია ჩვ . წ. აღრიცხვამდე II საუკუნესა და ჩვ. წ. აღრიცხვით II საუკუნეს შორის) შეიცავენ ჰიგიენური ხასიათის დარიგებებს.
ძველ ინდოეთში მკურნალობის მეთოდების შესახებ ყველაზე სრულ წარმოდგენას იძლევა ჩვ.წ. აღრიცხვამდე II საუკუნეში შექმნილი ორი სამედიცინო ტრაქტატი, რომლებიც იმ დროისათვის სახელგანთქმულ ექიმებს ჩარაკასა და სუშრუტას ეკუთვნის. უფრო ადრინდელი "ჩარაკა-სამხიტა" ეძღვნება შინაგანი ორგანოების დაავადებებს და შეიცავს ცნობებს 600-ზე მეტი მცენარეული, ცხოველური და მინერალური წარმოშობის წამლების შესახებ. დიდი ყურადღება აქვს დათმობილი ოპერატიულ მკურნალობას. მისი ავტორი აღწერს 300-ზე მეტ ოპერაციას, 120-ზე მეტ ქირურგიულ ინსტრუმენტს.
მდ. ინდის დაბლობის უძველესმა ცივილიზაციამ ორი ათასი წლით ადრე შესძლო შეექმნა რომის ცნობილ წყალსადენზე უფრო სრულყოფილი წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისიტემა. გაოცებას იწვევს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქალაქების არქიტექტურა, სანიტარულ-ტექნიკური უზრუნველყოფა (ჭები, აბანოები, აუზები, კანალიზაციის სისტემა). ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისისათვის ძველ ინდოეთში ჩამოყალიბდა ჰიპოკრატესა და ჰალენის სისტემის მსგავსი სამედიცინო ცოდნის მაღალგანვითარებული სისტემა, რომელიც ზოგიერთი მიმართებით კიდევაც უსწრებდა წინ მათ მოძღვრებას. IV საუკუნეში შექმნილ სამედიცინო ტრაქტატში აღწერილია ანთების სამი სტადია, მათთვის დამახასიათებელი ნიშნებით: პირველ პერიოდში - უმნიშვნელო ტკივილები; მეორეში - გამჭოლი ტკივილები, შეშუპება, შებოჭილობა, ადგილობრივი ცხელება, სიწითლე და ფუნქციის დარღვევა; მესამეში - შეშუპების დაცხრომა და ჩირქის წარმოშობა. მკურნალობისათვის მითითებული იყო ადგილობრივი წამლები და ქირურგიული ჩარევა. ძველ ინოეთში ყველაზე სრუყოფილი წარმოდგენა ჰქონდათ ადამიანის აგებულების შესახებ, რადგან რელიგია არ კრძალავდა მიცვალებულების გაკვეთას. ამავე ტრაქტატის მიხედვით დიაგნოსტიკა ემყარებოდა ავადმყოფის გამოკითხვას, სხეულის ტემპერატურის, ენისა და კანის ფერის დადგენას, გამონაყოფისა და ფილტვებში ხმაურის შესწავლას, თუმცა არსად არ იყო ნახსენები პულსის გამოკვლევა. აღწერილია ძველი ბერძნებისათვისაც კი მანამდე უცნობი დიაბეტი, რომელსაც შარდის გემოს გასინჯვით ადგენდნენ.
მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრებოდა დაავადების განკურნებისა თუ არგანკურნების შესაძლებლობების დადგენის შემდეგ. კეთილსაიმედო პროგნოზს ექიმი აკეთებდა დაავადების თავისებურების, წელიწადის დროის, ავადმყოფის ასაკის, მისი ტემპერამენტის, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით.
ინდოელი ექიმები ოსტატურად იყენებდნენ ადგილობრივ მცენარეულ, ცხოველურ და მინერალური წარმოშობის წამლებს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ვერცხლისწყალი. წამლების დამზადებით მხოლოდ ექიმები იყვნენ დაკავებულნი. საუკეთესო სამკურნალო მცენარეები ჰიმალაიდან ჩამოჰქონდათ. ინდური წამლებითა და სამკურნალო მეთოდებით სარგებლობდნენ მეზობელი ქვეყნებიც. კერძოდ, ტიბეტური მედიცინა დიდად არის დავალებული ძველი ინდური მედიცინისაგან.
მშობიარობის წარმართვა ძველ ინდოეთში დამოუკიდებელ სფეროდ ითვლებოდა. ტრაქტატში აღწერილია ნორმალური ფეხმძიმობიდან გადახრები, ნაყოფის სიმახინჯეები, ნაყოფის არასწორი მდებარეობა, ემბრიოტომია, საკეისრო კვეთა (რომელსაც მიმართავდნენ დედის სიკვდილის შემდეგ ნაყოფის გადარჩენის მიზნით), ასევე რჩევები ორსულთათვის სისუფთავისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვის შესახებ.
ძველინდური ოპერატიული მკურნალობის (ქირურგია) ხელოვნება მთელს მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლებოდა. ძველი ინდოელი ექიმები მას პირველ ადგილს ანიჭებდნენ მკურნალობის მეთოდებს შორის. ინდოელი ქირურგები მისდევდნენ რა თავისი ქვეყნის წეს-ჩვეულებებს, ოპერაციის დროს ზედმიწევნით იცავდნენ სისუფთავეს, თუმცა ჯერ არ ჰქონდათ წარმოდგენა ასეპტიკასა და ანტისეპტიკაზე. ისინი გამოირჩეოდნენ გამბედაობით, მოქნილობით და ინსტრუმენტების ჩინებული ფლობით. ისინი აკეთებდნენ ამპუტაციას, ლაპაროტომიას, თიაქრის ოპერაციას, კენჭების ამოღებას, პლასტიკურ ოპერაციებს ომებში დასახიჩრებულთათვის, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით დასჯილთათვის მოჭრილი ცხვირის, ყურის, ტუჩების აღდგენის მიზნით. აქ აღწერილი რინოპლასტიკის მეთოდი დღესაც "ინდური მეთოდის" სახელითაა ცნობილი მედიცინაში. ძველი ინდოელი ქირურგები ვირტუოზულად ფლობდნენ კატარაქტის ოპერაციას. აღწერილია თვალის 76 სახის დაავადება და მათი მკურნალობის მეთოდები.
დიდი ყურადღება ექცეოდა სილამაზეს, პირად ჰიგიენას თუ სადგომის სისუფთავეს, ასევე საჭმლის დამზადებისა და კვების ჰიგიენას. "მანუს მითითებებში" აკრძალული იყო საცხოვრებელის სიახლოვეს საჭმლის ნარჩენების გადაყრა, ფეხის ნაბანი წყლის გადაღვრა, რომ არაფერი ვთქვათ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე.
მაურის იმპერიის დროს (ჩვ. წ. აღრიცხვამდე I ათასწლეულის დასაწყისი) მოქმედებდნენ მკაცრი კანონები, რომლებიც განსაზღვრავდნენ გვამების დაწვის ადგილებს და კრძალავდნენ ქუჩაში ნაგვის გადაყრას. აშოკის დროს (268-231წ. ჩვ.ერამდე) ბუდას ტაძრებთან განთავსებული იყო საავადმყოფოები, რომლებიც ინდოეთში ევროპასთან შედარებით 5-6 საუკუნით ადრე წარმოიშვნენ. მოგვიანებით, გუპტების იმპერიის დროს (IV-VI ს.) სპეციალურად აშენებდნენ სახლებს ხეიბრების, ქვრივების, ობლებისა და ავადმყოფებისათვის.
ძველი ინდოეთის მედიცინაში დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა იოგას, რომელშიც შერწყმული იყო რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, მორალურ-ეთიკური სწავლება და ვარჯიშის სისტემა. იოგას ვარჯიშებს დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა და უამრავი მიმდევარი ჰყავს ჯანმრთელებისა და ავადმყოფების სახით.
საექიმო ეთიკის წესები ძველ ინდოეთში უახლოვდებოდა ძველი ბერძენი ექიმების ფიცის პრინციპებს: მასწავლებლებისა და კოლეგების პატივისცემა, წუნდაუდებელი გარეგნობა, თავმდაბლობა და მოთმინება, ავადმყოფის სამსახური "საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი", უპოვართა და მეგობართა მკურნალობა გასამრჯელოს გარეშე, საექიმო საიდუმლოების დაცვა, განსჯის უნარი და თავისი ცოდნის მუდმივად სრულყოფა.
მდიდარი წარსულის მქონე ინდურმა მედიცინამ დიდი გავლენა მოახდინა სამედიცინო ცოდნის განვითარებაზე მთელ მსოფლიოში.
ჩინური დამწერლობის უძველესი წერილობითი ძეგლები განეკუთვნებიან ჩვ. წ. აღრიცხვამდე II ათასწლეულის შუა პერიოდს, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამედიცინო ხასიათის ტექსტებს. ტრადიციული მედიცინის მრავალრიცხოვან წერილობით ძეგლებს შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ტრაქტატი სახელწოდებით “ხუანდი ნეი ცზინ” (“ყვითელი წინაპრის მედიცინის კანონები”), რომელსაც ხშირად “ნეი ცზის” (“მედიცინის კანონები”) სახელითაც მოიხსენიებენ. “ნეი ცზი” შედგება 18 წიგნისაგან. პირველი ცხრა ეძღვნება ორგანიზმის აღნაგობასა და ფუნქციებს, დიაგნოსტიკასა და დაავადებათა მკურნალობას. ბოლო ცხრა კი – "ჩჟენ ცზიუ" თერაპიას . ("ჩჟენ"- ნემსით ჩხვლეტა - აკუპუნქტურა, "ცზიუ" - მოწვა).
ადამიანის აღნაგობის შესახებ ცოდნა ძველ ჩინეთში მანამდე წარმოიშვა, ვიდრე კონფუციანელობის ოფიციალურ რელიგიად აღიარება მოხდებოდა, რომელიც კრძალავდა გვამების გაკვეთას. ჯანმრთელობის საფუძვლად ითვლებოდა "პირველადი ელემენტების" წონასწორობა, ხოლო დაავადების მიზეზებად კი ამ წონასწორობის დარღვევა. ეს დარღვევები გამოიხატებოდა 16 სინდრომით, რომლებიც იყოფოდა ორ ჯგუფად: მეტობის სინდრომი - "იანი" და ნაკლებობის სინდრომი - "ინი". დიაგნოსტიკა ეფუძნებოდა ავადმყოფის კანის, თვალის, ლორწოვანასა და ენის გამოკვლევას. დიაგნოსტიკის საფუძველს ძველ ჩინეთში წარმოადგენდა მოძღვრება პულსის შესახებ. სისხლის წრიულ მოძრაობაზე მათი შეხედულებები ძველი ჩინეთის ფილოსოფიური აზროვნების ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად ითვლება.
ტრადიციული ჩინური მედიცინის განსაკუთრებული მიმართულებაა "ჩჟენ-ცზიუ" თერაპია, რომლის მიხედვითაც ჩხვლეტა სხეულის განსაზღვრულ ადგილებში იწვევს ზოგიერთი დაავადების განკურნებას. ისტორიულ ქრონიკებში აღნიშნულია ამ მეთოდის წარმატებით გამოყენების შემთხვევები ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღრიცხვამდე XI საუკუნეში. ნემსის თერაპიის მეთოდი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა მასაჟთან და მოწვასთან ერთად. პირველი ნემსები დამზადებული იყო ქვისაგან. ექიმმა ვან ბეიმ 1027 წელს დაამზადა ორი ბრინჯაოს ფიგურა, რომელზედაც დატანილი იყო აკუპუნქტურისათვის აუცილებელი ყველა წერტილი თავისი შიგა არხებით. ფიგურა ავსებული იყო წყლით და დაფარული იყო ცვილით. ამ თვალსაჩინოებას იყენებდნენ სწავლების მიზნით. თუ მოსწავლე სწორად აკეთებდა ჩხვლეტას, ფიგურის ზედაპირზე წყალი ჩნდებოდა.
ლიუ შენისა და მისი მეუღლის სამარხში (II საუკუნე ჩვ. წ. აღრიცხვამდე) პირველად აღმოაჩინეს ძველი ჩინური სამკურნალო ნემსები. ოთხი მათგანი დამზადებულია ოქროსაგან, ხოლო ხუთი კი ვერცხლისაგან. მათ შორის ყუნწიანი – ჭრილობის გასაკერად და სამკუთხა – ვენების გასახსნელად. ამ აღმოჩენით განისაზღვრა ნემსური თერაპიის ჩინური სისტემის ასაკი – ორი ათასი წელი.
მოწვის დროს სამკურნალო ეფექტი მიიღწეოდა "სასიცოცხლო წერტილებზე" სითბური მოქმედებით, კერძოდ, ამ წერტილებზე სამკურნალო ბალახებისაგან დამზადებული ანთებული ღერების შეხებით.
წამლით მკურნალობამ ძველ ჩინეთში დიდ სრულყოფას მიაღწია. ჩინურ სამკურნალო საშუალებების სამ მეოთხედს მცენარეული, ხოლო დანარჩენს კი ცხოველური და მინერალური წარმოშობის წამლები შეადგენდა. ჩინური ხალხური მედიცინიდან დამკვიდრდა მსოფლიო პრაქტიკაში ისეთი სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ჟენშენი, ქაფური, ჩაი, ფისი, რკინა, ვერცხლისწყალი, გოგირდი. არსებული ცნობების თანახმად, 502 წელს ჩინეთში შეიქმნა მსოფლიოში პირველი ფარმაკოპეა შვიდ წიგნად, რომელშიც მოცემულია 730 სამკურნალო მცენარის აღწერა. სამკურნალო მცენარეების შესახებ მოძღვრების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის გამოჩენილ ჩინელ ექიმსა და დიეტოლოგს სუნ სიმიაოს (581-682), რომელსაც "წამლების მეფეს"უწოდებდნენ. მისი კაპიტალური ნაშრომი "ათასი ოქროს რჩევა" 30 წიგნად თავისი დანართით ძვირფასი შენაძენია ფარმაკოლოგიისა და მედიცინისათვის. მის მიერაა შემოთავაზებული ცხოველის ღვიძლის გამოყენების მეთოდი "ქათმის სიბრმავის" სამკურნალოდ.
ძველი ჩინური მედიცინის ძლიერ მხარეს დაავადების პროფილაქტიკა წარმოადგენდა. ჩინელები ნამდვილ ექიმად მიიჩნევდნენ ექიმს, რომელიც ავადმყოფებს კი არ კურნავდა, არამედ დაავადებისაგან იცავდა ადამიანებს.
ძველი ჩინური ფილოსოფიური მოძღვრებები: კონფუციანელობა და დაოიზმი ჩვ. წ. აღრიცხვამდე IV საუკუნეში წარმოიშვა. აღსანიშნავია ფილოსოფოსისა და ექიმის ვან ჩუნის მოღვაწეობა, რომელიც გამოდიოდა უკვდავების დაოისტური იდეების წინააღმდეგ. “იმ არსებებს შორის, რომელთა ძარღვებშიც სისხლი დგას, არ არსებობენ უკვდავნი” – წერდა ის.
ძველი ჩინეთის ცნობილი ქირურგად ითვლებოდა ხუა ტო (141-208), რომელმაც სახელი გაითქვა მოტეხილობების მკურნალობით, გულმკერდისა და მუცლის ღრუზე, თავის ქალაზე წარმოებული ოპერაციებით. ერთ-ერთ წიგნში აღწერილია ავადმყოფის განკურნების შემთხვევა, რომელსაც ხუა ტომ ამოაჭრა ელენთის ნაწილი გაუტკივარების გზით.
ტრადიციულ ჩინურ მედიცინას გააჩნია დამახასიათებელი თავისებურებები, რითაც ის განსხვავდება ყველა სხვა ძველი ხალხების მედიცინისაგან. ის დიდი ხნის განმავლობაში ვითარდებოდა სხვა კულტურებისაგან იზოლირებუილად. მაგ. ევროპაში ჩინური მედიცინის შესახებ ცნობებმა მხოლოდ XIII საუკუნეში შეაღწია. ძველი ჩინური მედიცინის მეცნიერულ შესწავლას დღესაც დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია თანამედროვე მედიცინისათვის.
ბერძნული მედიცინა დასაბამს უძველეს წარსულში იღებს და უეჭველია, რომ დაკავშირებულია აღმოსავლეთის: ეგვიპტის, ბაბილონის, ინდოეთის უძველეს კულტურასთან. ბერძნული მითოლოგიის თანახმად მედიცინის მთავარ ღმერთად ითვლებოდა მკურნალობის ღმერთი ასკლეპიოსი, რომელიც ღმერთი-მკურნალისა და ღმერთი-წინასწარმეტყველის აპოლონის შვილი იყო. გადმოცემის თანახმად, აპოლონს შეეძლო თავისი ისრებით გამოეწვია მძიმე დაავადებები და საყოველთაო უბედურება. ლეგენდის თანახმად, ასკლეპიოსი საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა. აპოლონმა ჩვილი მომაკვდავი დედის, ცეცხლის ტიტანის ფლეგიას ქალიშვილის, კორონიდას მუცლიდან ამოიყვანა. ვაჟიშვილის აღზრდა მამამ კენტავრ ხილონს მიანდო, რომელიც გადმოცემის თანახმად, პელიონის მთაზე ცხოვრობდა და ახალგაზრდა გმირებს, ტიტანებსა და ნახევრადღმერთ-გმირებს მუსიკას, ნადირობას, კანონებს, ასტრონომიასა და მედიცინას ასწავლიდა. მკურნალობის ხელოვნებით ასკლეპიოსმა გაუსწრო თავის მასწავლებელს. ის არა მხოლოდ კურნავდა ავადმყოფებს, სიცოცხლესაც უბრუნებდა გარდაცვალებულებს, რითაც მიწისქვეშეთის სამეფოს ღმერთის, აიდას რისხვას იმსახურებდა.
ანტიკური ხელოვნების ნიმუშებში ასკლეპიოსი წარმოდგენილია კომბლით, რომელზედაც გველია შემოხვეული, ხოლო მისი ქალიშვილი ჰიგია (ჯანმრთელობის ქალღმერთი) კი ტუნიკაში გამოწყობილი ახალგაზრდა, ლამაზი ქალიშვილის სახით, დიადემითა და გველით, რომელიც ხელში ეჭირა და თასიდან აჭმევდა. შემდეგში გველშემოხვეული კომბალი და თასი ბევრ ქვეყანაში მედიცინის ძირითადი ემბლემა გახდა, რომელიც, მკვლევართა ერთი ჯგუფის აზრით, ბუნების ბრძენ და მძლავრ მკურნავ ძალებს, სხვების აზრით კი ამოუცნობი ძალებისადმი შიშს (გველის შხამი ერთდროულად შხამიც იყო და წამალიც) გამოხატავს. გადმოცემის მიხედვით, ასკლეპიოსი დაქორწინდა კუნძულ კოსის მმართველ მეროპსის ქალიშვილზე ეპიონეზე. შემდგომში ეს კუნძული გადაიქცა ძველი საბერძნეთის სამედიცინო განათლების ერთ-ერთ ცენტრად. აქ აყვავდა ასკლეპიადების მოდგმა. ამ კუნძულზე დაიბადა ჰიპოკრატე, რომელიც თავს ასკლეპიადების შთამომავლად თვლიდა. ასკლეპიოსის შვილებიდან შედარებით ცნობილნი არიან: ჰიგია - ჯანმრთელობის ქალღმერთი, ყველაფრისაგან განმკურნავი პანაცეა - წამლით მკურნალობის მფარველი, მახაონი - ცნობილი სამხედრო ქირურგი დადგა და პოდალირია, რომელმაც სახელი გაითქვა შინაგანი ორგანოების მკურნალობით. მკურნალის ოსტატობა ყველამ მამისაგან ისწავლა. მკურნალობის ღმერთის, ასკლეპიოსის კულტი ძველ საბერძნეთში ჩამოყალიბდა დაახლოებით VII საუკ. ჩვ. წ. აღრიცხვამდე, ჰომეროსის მიერ აღწერილი ტროას ომიდან ხუთასი წლის შემდეგ.
პირველი ბერძნული ლიტერატურული ძეგლები - ჰომეროსის ეპიკური პოემები "ილიადა" და "ოდისეა" - წარმოადგენენ პრაქტიკულად ძვ. წ. XII-VI საუკუნემდე ძველბერძნული მედიცინის შესახებ ცნობების ერთადერთ წყაროს. კლასიკური პერიოდის (V-IV საუკ. ჩვ. წ. აღრიცხვამდე) საბერძნეთის მედიცინის შესახებ მოგვითხრობს სამედიცინო ლიტერატურის გამოჩენილი ძეგლი "ჰიპოკრატეს კრებული" (ჩვ. წ. აღრიცხვამდე დაახლოებით III საუკუნე), რომელშიც შევიდა ძველი ბერძენი ექიმების თხზულებები და ეწოდა ანტიკური ხანის სამყაროს მსოფლიოს უდიდესი ექიმის ჰიპოკრატეს სახელი. არქაული და კლასიკური პერიოდის მედიცინის შესახებ რამდენიმე საინტერესო ცნობას გვაწვდის ჰეროდოტეს (V საუკ. ჩვ. წელთაღრიცხვამდე) სახელგანთქმული ნაწარმოები "ისტორია ცხრა წიგნად". ელინური ეპოქის (IV საუკ. ჩვ. წ. აღრიცხვამდე - I საუკ. ჩვ. წ. აღრიცხვით) მედიცინაზე მოგვითხრობენ ალექსანდრიელი მეცნიერების შრომები, რომელთა შესახებ ვგებულობთ ჰალენისა და იულიუს კორნელიუს ცელსიუსის ნაწერებიდან, რადგან ამ სამედიცინო ტრაქტატების ორიგინალები არ შემონახულა.
კუნძულ კრეტაზე 1900 წელს ინგლისელმა არქეოლოგმა ევანსმა აღმოაჩინა კნოსის სასახლის ნანგრევები (დაახლოებით XXII საუკ. ჩვ. წ. აღრიცხვამდე), რომელიც მნახველს აოცებს თავისი სანიტარულ-ტექნიკური დაგეგმარებითა და აღჭურვილობით: გამომწვარი თიხის მილები ჭუჭყიანი წყლებისათვის, წყლის არხები, წყლის შემკრები ორმოები, დიდებული აბანოები და ვენტილაციაც კი. ბერძნულ-სკვითური კულტურის შესანიშნავი ნიმუშია ოქროს ჭურჭელი (IV საუკ. ჩვ. წ. აღრიცხვამდე), რომელზეც გამოსახულია სამი სცენა: სკვითების ბელადი ესაუბრება მეომრებს, სკვითი მეომარი ჭრილობას უხვევს თანამებრძოლს, სკვითი (სავარაუდოდ, მკურნალი) კურნავს დაავადებულ კბილს.
ბერძნულ მედიცინას გააჩნდა ემპირიული საფუძველი და არ ატარებდა მაგიურ ხასიათს. ჰომეროსის მიხედვით, ტროას ომის დროს იყვნენ შესანიშნავი სახალხო მკურნალები, რომლებიც წარმატებით მკურნალობდნენ ჭრილობებს და იცოდნენ "დედამიწის ზურგზე არსებული" ყველა სამკურნალო ბალახი. როგორც ირკვევა ბერძნულ სამედიცინო ტერმინოლოგია პირველად "ილიადასა" და "ოდისეაში" გვხვდება. ჰომეროსი თავის პოემაში აღნიშნავს დაავადებების ბუნებრივი მიზეზების შესახებ. მისი აზრით, მეომრებს შორის შავი ჭირი და დიზინტერია გამოიწვია პურის ნაცვლად საჭმელად ბალახების, ფოთლებისა და ხის ქერქების გამოყენებამ და დაუმარხავმა გვამებმა. ძველ საბერძნეთში გვამებს არ კვეთდნენ, რაც თავისებურად ზღუდავდა მეცნიერული მედიცინის განვითარებას.
ჩვ. წ. აღრიცხვამდე VI საუკუნიდან, რელიგიის გაძლიერებასთან ერთად ჩამოყალიბდა სატაძრო მედიცინა. ანტიკური ავტორების ცნობით არსებობდა 300-მდე ასკლეპეიონი (ასკლეპიოსის სახელობის ტაძარი) თავისი აბანოებით, აუზებით, რომელშიც სამკურნალო მინერალური წყალი ჩადიოდა, სავარჯიშო დარბაზით, თეატრით, ბიბლიოთეკითა და კიპარისის ტყეებით, რომლებიც ხელს უწყობდნენ ჰაერის გაჯანსაღებას. განკურნების შემდეგ ადამიანებს ტაძრებთან შესაწირის სახით მიჰქონდათ განკურნებული ორგანოების ოქროს, ვერცხლისა და მარმარილოს ქანდაკებები.
კლასიკური პერიოდის (ჩვ. წ. აღრიცხვამდე V-IV საუკუნეები) ბერძნულ მედიცინაზე ფილოსოფიის ორი მიმართულება აისახა: მატერიალისტური (დემოკრიტე) და იდეალისტური (პლატონი), რომელთა გავლენას განიცდიდნენ ამ პერიოდში ჩამოყალიბებული სამედიცინო სკოლები. მათ შორის აღსანიშნავია: კროტონის, კნიდის, კოსის სამედიცინო სკოლები. კროტონის სამედიცინო სკოლის (ჩვ. წ. აღრიცხვამდე VI საუკუნე) მიღწევები შეიძლება გადმოიცეს შემდეგი თეზისებით: 1. ორგანიზმი ურთიერთდაპირისპირებულობათა ერთიანობაა; 2. ჯანმრთელი ორგანიზმი ურთიერთსაწინააღმდეგო ძალების (მშრალი და სველი, თბილი და ცივი, ტკბილი და მწარე) ერთიანობაა და რომელიმეს გაბატონება იწვევს ავადმყოფობას; 3. საპირისპირო ინკურნება საპირისპიროთი (მიაწერენ ჰიპოკრატეს). ამ სკოლის გამოჩენილი წარმომადგენელია ექიმი და ფილოსოფოსი ალკმეონი (ჩვ. წ. აღრიცხვამდე V-VI საუკუნეები). მას ეკუთვნის მხედველობითი ნერვების ჯვარედინისა და სასმენი არხის (მოგვიანებით ევსტახიევის მილად ცნობილი) აღწერა. იგი თავის ტვინს განიხილავდა როგორც შემეცნების ორგანოს.
კნიდის სამედიცინო სკოლამ საფუძველი ჩაუყარა: 1. ჰუმორალურ მოძღვრებას, რომლის მიხედვითაც ჯანმრთელობა ორგანიზმის ოთხი სახის სითხის კეთილსასურველი ნაზავია, რომლის დარღვევა ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს; 2. მოძღვრებას დაავადების სიმპტომებისა და დიაგნოსტიკის შესახებ.
კოსის სამედიცინო სკოლის (დაახ. 460-337 წლები ჩვ. ერამდე) დიდება დაკავშირებულია დიდი ჰიპოკრატეს სახელთან. ეს სკოლა ორგანიზმს ბუნებასთან მჭიდრო კავშირში განიხილავდა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ავადმყოფზე დაკვირვებასა და მუდმივ ზედამხედველობას ეფრექტური მკურნალობის მიზნით. ამ სკოლამ ჩაუყარა საფუძველი მედიცინაში კლინიკურ მიმართულებას და საექიმო ეთიკას.
ჰიპოკრატე დაიბადა ძვ. წ. 460 წელს კუნძულ კოსზე. სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა ფესალიაში.
ის ეკუთვნოდა ასკლეპიადების ცნობილ გვარს, რომელმაც ძველ საბერძნეთს მარტო ამ სახელის მქონე შვიდი ცნობილი ექიმი გაუზარდა. ჰიპოკრატე მათ შორის მეორე იყო და თავისი დამსახურების გამო ჰიპოკრატე დიდს უწოდებდნენ. ის იყო ექიმი ფილოსოფოსი, ძლიერი რეფორმატორი, სახელგამთქმული სამედიცინო სკოლის მამამთავარი. ჰიპოკრატესა და მისი თანამედროვე სხვა ექიმების მემკვიდრეობა განზოგადებულია "ჰიპოკრატეს კრებულში" (ჩვ. წ. აღრიცხვამდე III საუკუნე). ის შეიცავს 72 სამედიცინო სახის თხზულებას. მკვლევართა აზრით, ამ კრებულიდან ყველაზე თვალსაჩინო ნაშრომები: "აფორიზმები", "პროგნოსტიკა", "ეპიდემიები", "ჰაერის, წყლის, ადგილის შესახებ", "მოტეხილობების შესახებ", "თავის ჭრილობების შესახებ", "უძველესი მედიცინის შესახებ" და სხვ., ჰიპოკრატეს მიერ უნდა ყოფილიყო შედგენილი.
"აფორიზმებში" გადმოცემულია შინაგანი დაავადებების სამკურნალო, ქირურგიული და სამეანო სახის, დიეტური და საექიმო დარიგებები.
"პროგნოსტიკა" წარმოადგენს სახელგანთქმულ თხზულებას ძველბერძნულ თერაპიაში. მასში დაწვრილებითაა გადმოცემული პროგნოზის შემადგენელი ელემენტები: დაკვირვება, გასინჯვა და ავადმყოფის გამოკითხვა.
"ეპიდემიებში" გადმოცემულია მედიცინაში კლინიკური მიდგომის საწყისები, როდესაც ექიმი ყოველდღიურად აკვირდებოდა ავადმყოფს და აღწერდა მის მდგომარეობასა და მკურნალობას. გადმოცემულია მკურნალობის ძირითადი პრინციპები, რომლითაც ჰიპოკრატე და მისი მიმდევრები ხელმძღვანელობდნენ: 1. უპირველესყოვლისა არ ავნო; 2. საპირისპირო იკურნება საპირისპიროთი; 3. დაიცავით შეთავსებადობის პრინციპი; 4. განკურნეთ ბუნების კანონებთან შეთანხმებით. კრებულში მოცემულია 250 მცენარეული და 50 ცხოველური წარმოშობის წამალი. მათგან 60-70-ს ჰიპოკრატე იყენებდა. მათში შედიოდა სასაქმებელი, შარდმდენი და ოფლმდენი საშუალებები. კრებული ასევე მოიცავდა რჩევებს სისხლის გამოშვების, კოტოშების გამოყენებისა და დიეტური საკვების მიღების შესახებ.
თხზულება "ჰაერის, წყლის, ადგილის შესახებ" მოიცავს ავადმყოფობის მიზეზის ანალიზს, რომელიც ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: 1. საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული და 2. ინდივიდუალური მიზეზები.
თხზულება "ქირურგიის შესახებ", რომელიც მოიცავს "მოტეხილობებს", "ჭრილობებს თავის ჭრილობებს", "სახსრების გასწორებას", გვიქმნის მაღალ წარმოდგენას ძველ საბერძნეთში შეხვევების, ქირურგიული აპარატების, ჭრილობების მკურნალობის, მოტეხილობების, ამოვარდნილობების, თავისა და სახის დაზიანებების მკურნალობის შესახებ. ჰიპოკრატეს კრებულში მოცემულია, აგრეთვე, აღწერილობა "ჰიპოკრატეს სკამისა", რომელსაც ამოვარდნილობის წინააღმდეგ იყენებდნენ და "ჰიპოკრატეს ქუდისა", რომელიც დღესაც გამოიყენება ქირურგიაში.
"ჰიპოკრატეს კრებული" მოიცავს სამ თხზულებას ექიმის ქცევის შესახებ: "ფიცი", "კანონი" და "ექიმის შესახებ." მათ შორის აღსანიშნავია "ჰიპოკრატეს ფიცი" (ჩვ. წ. აღრიცხვამდე III საუკუნე).
ელინისტური პერიოდის მედიცინის (IV საუკ. ჩვ. წ. აღრიცხვამდე - I საუკ. ჩვ. წ. აღრიცხვით) განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია დიდმა ბერძენმა ფილოსოფოსმა არისტოტელემ. პლატონის მოწაფემ და ალექსანდრე მაკედონელის მასწავლებელმა დაგვიტოვა ყოვლისმომცველი მემკვიდრეობა მეცნიერების მრავალ დარგში და მათ შორის მედიცინაშიც. მას ეკუთვნის სისხლის მიმოქცევის სისტემაში გულისათვის მთავარი ფუნქციის მიკუთვნების იდეა, რაც ორი ათასი წლის შემდეგ დადასტურდა.
ელინიზმის ეპოქაში მედიცინამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, განსაკუთრებით ანატომიასა და ქირურგიაში. აღწერილობითი ანატომიის ფუძემდებელია ჰეროფილე (IV-III საუკ. ჩვ. წ. აღრიცხვამდე). მას ეკუთვნის თავის ტვინისა და შინაგანი ორგანოების, ასევე მინისებრი სხეულის, თვალის გარსისა და ბადურის აღწერილობები. მან პირველმა ძველი საბერძნეთის ისტორიაში გაკვეთა ადამიანის გვამი. ქირურგიის მნიშვნელოვან მიღწევად ელინიზმის პერიოდში უნდა ჩაითვალოს გაუტკივარების მეთოდის გამოყენება, კათეტერის გამოგონება, რთული ოპერეციების ჩატარება ღვიძლზე, თირკმელებზე, კიდურების ამპუტაცია. ამ პერიოდის მეანობასა და გინეკოლოგიაში მიღწეული წარმატებების შესახებ მეტყველებს ადრიანეს ტრაქტატი, რომელისც ერთადერთია ამ სფეროში ჩვენამდე მიღწეულ ძველბერძნულ თხზულებებს შორის.
ელინისტური პერიოდი ყველაზე ნაყოფიერი პერიოდია ძველბერძნული მედიცინის ისტორიაში, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო სამედიცინო აზროვნებაში.
ძველი რომაელები მნიშვნელოვანწილად დაესესხნენ ძველ ბერძნებს კულტურას, ფილოსოფიას, მეცნიერებას, რელიგიას და მოახდინეს მისი ტრანფორმაცია. არქეოლოგიური გათხრები და წერილობითი ძეგლები ადასტურებენ, რომ ძველ რომში სანიტარული საქმე მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ამაზე მეტყველებს "თორმეტი ფილის კანონი" (ჩვ. წ. აღრიცხვამდე დაახ. 450 წელი), რომელიც სპილენძის თორმეტ ფილაზე იყო დაწერილი და რომლის ზოგიერი პარაგრაფი ქალაქის სისუფთავესა და მისი მცხოვრებლების ჯანმრთელობის დაცვას ეხებოდა. 1771 წელს პომპეის გათხრების დროს აღმოჩნდა არქეოლოგიის ისტორიაში პირველი სამედიცინო ინსტრუმენტების სრული ნაკრები. დიდ ინტერესს იწვევს ჩვენამდე მოღწეული ცნობილი აკვედუკები (წყალსადენები). რომში არსებობდა არა მარტო კერძო, არამედ საზოგადოებრივი აბანოები - თერმები (ლათ. ცხელი), რომლებიც ქალაქის საკუთრებას წარმოადგენდა. რომში მათი რიცხვი ჩვ. წ. აღრიცხვამდე I საუკუნეში 170-ს აღწევდა, ხოლო ჩვ. წ. აღრიცხვით IV საუკუნეში კი - ათასს. აქ ერთდროულად რამდენიმე ათას ადამიანს შეეძლო დაბანა. ძველ რომში თითქმის II საუკუნემდე ჩვ. წ. აღრიცხვამდე არ სარგებლობდნენ ექიმის დახმარებით. მკურნალობდნენ სახლში ბალახებით, ფესვებით და ნაყოფით, მათი ნახარშებითა და ნაყენით. ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე კატონი (ჩვ. წ. აღრიცხვით 234 -149 წლები) აღნიშნავს, რომ იტალიაში ყველაზე პოპულარულ სამკურნალო საშუალებად კომბოსტო ითვლებოდა. აქ პირველი ექიმები მხედართმთავრების მიერ საბერძნეთიდან, მცირე აზიიდან, ეგვიპტიდან ჩამოყვანილი მონები იყვნენ. მუდმივი რომაული არმია, რომელიც ხანგრძლივ ომებს აწარმოებდა, ითხოვდა სულ უფრო მეტ ქირურგს, რამაც ხელი შეუწყო ამ დროისათვის სამხედრო მედიცინის განვითარებას. პარალელურად სახელმწიფო აწესებდა ექიმთა ფასიან თანამდებობებს (არქიატრები), რომლებსაც კერძო პრაქტიკის უფლებაც ეძლეოდათ. მთავარი არქიატრები სპეციალურ სკოლებში ასწავლიდნენ მედიცინას. სახელმწიფო სკოლების გვერდით არსებობდნენ მცირერიცხოვანი კერძო სამედიცინო სკოლებიც. რომში თანდათან იზრდებოდა ექიმთა უფლებები: ომების დროს ექიმები და მათი ვაჟები თავისუფლდებოდნენ სამხედრო ბეგარისაგან. სახელგანთქმული რომაელი პოეტი ლუკრეციუსი (დაახ. 98-55 წლები ჩვ. ერამდე) თავის პოემაში "საგანთა ბუნებისათვის" სამედიცინო საკითხებს ატომისტური მოძღვრების თვალსაზრისით იხილავს. ის ზუსტად აღწერს მთელ რიგ დაავადებებსა და მათ დამახასიათებელ სიმპტომებს. მისმა მოწინავე შეხედულებებმა დიდი გავლენა იქონიეს მომავალი თაობის ექიმებზე. მათ შორის: ასკლეპიადზე (28-56 წლები), რომელიც მკურნალობის მთავარ ამოცანად ორგანიზმის ყველა ნაწილაკის მოძრაობაში მოყვანას თვლიდა. მეორე რომაელი ექიმი წარმოშობით კილიკიელი დემოკრიტე (I საუკუნე ჩვ. წელთაღრიცხვით) ავტორია ტრაქტატისა "სამკურნალწამლო საშუალებები", რომელიც XVI საუკუნემდე გამოიყენებოდა, ხოლო ეფერსელი სორანის (98-138 წლები) თხზულება ყველაზე ვრცელია უძველეს ლიტერატურაში მეანობის, გინეკოლოგიისა და ადრეული საბავშვო დაავადებების შესახებ ნაშრომებს შორის. მან აღწერა ემბრიოტომიის ოპერაცია, მშობიარობის დროს შორისის დაზიანების თავიდან აცილების ხერხები, ჭიპის დამუშავება, მოქმედების ტაქტიკა ნაყოფის სწორი და არასწორი მდებარეობის დროს, ასევე, ორსულის გამოკვლევის სხვადასხვა ხერხები: ხელით მოსინჯვა, კაკუნი, ნაყოფის მდებარეობის არეში ხმების მოსმენა, პულსის, სისველისა და შარდის გამოკვლევა. დიდ ყურადღებას უთმობდა ჩვილების მოვლას, კვების წესებსა და ბავშვთა მკურნალობას. თავისი აქტუალობის გამო სორანის თხზულება დიდი პოპულარობით სარგებლობდა ევროპაში XVIII საუკუნის ჩათვლით. აქვე უნდა აღინიშნოს პლინიუს უფროსის თხზულება "საბუნებისმეტყველო ისტორია", რომლის VII კრებული ეხება ტყუპების, სამი და მეტი ბავშვის დაბადების შემთხვევებს. ავლიუს კორნელიუსის (I საუკ. ჩვ. წელთაღრიცხვამდე - I საუკუნე ჩვ. წელთაღრიცხვით) ენციკლიპედიური კრებულიდან - "ხელოვნება" ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ VI-XIII წიგნები საერთო სათაურით "მედიცინა" და მოიცავს ცნობებს ჰიგიენის, სხვადასხვა პათოლოგიების, თერაპიისა და ქირურგიის შესახებ. ძველი სამყაროს გამოჩენილი ექიმი ჰალენი (დაახ. 130-200 წლები) ქ. პერგამში დაიბადა. მედიცინის შესწავლა 17 წლისამ გადაწყვიტა. ენების ცოდნამ და ხშირმა მოგზაურობამ მას საშუალება მისცა კარგად გასცნობოდა არა მარტო რომაელი წინამორბედი ექიმების შრომებს, არამედ სხვა ქვეყნების სამედიცინო ტრადიციებსა და გამოცდილებებსაც. ჰალენი 125-ზე მეტი სამედიცინო ნაშრომის ავტორია. მისი შრომებიდან აღსანიშნავია: "ადამიანის სხეულის ნაწილების დანიშნულება", "ანატომიის შესახებ", "თერაპევტული მეთოდები", "სხეულის ავადმყოფი ნაწილების შესახებ", "წამლების შემადგენლობის შესახებ", ასევე კომენტარები "ჰიპოკრატეს კრებულის" შესახებ და სხვ. მას ეკუთვნის ტრაქტატი "კუნთების ანატომია", რომელშიც აღწერილია 300-მდე კუნთი. დიდია მისი დამსახურება ნერვული სისტემის კვლევის საქმეში. ქალა-ტვინის თორმეტი წყვილი ნერვიდან შვიდი წყვილი ჰალენის მიერაა აღწერილი. მანვე შეისწავლა თავისა და ზურგის ტვინის ყველა განყოფილება. ჰალენმა ზუსტად აღწერა გულის ანატომიური აგებულება, თუმცა არასწორია მისი მოსაზრება, რომ გულის ტიხარს შეუძლია სისხლის გატარება. ის არ იცნობდა სისხლის წრიულ მოძრაობას, რომელიც XVI საუკუნეში პირველად აღწერა სერვეტმა. დიდია ჰალენის წვლილი ფარმაკოლოგიის განვითარების საქმეში. მის მიერ მიღებული წამლები დღესაც ჰალენის პრეპარატების სახელითაა ცნობილი. ძნელია ჰალენის დამსახურების შეფასება მედიცინის განვითარების საქმეში. ამ მხრივ მისი მოღვაწეობა შეიძლება მხოლოდ ჰიპოკრატესა და ავიცენას მოღვაწეობას შევადაროთ.
დასავლეთ რომის იმპერიის დაცემით (476წ.) დასრულდა ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ აუზში მონათმფლობელური წყობილების არსებობა. ძველი რომის ცივილიზაციამ შემდგომში საფუძველი ჩაუყარა ევროპისა და მასთან ერთად მსოფლიო კულტურის განვითარებას.
ამერიკის აბორიგენების უძველესი ტექსტების შესწავლის შესაძლებლობა მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში, მაიას ტომის იეროგლიფური დამწერლობის გაშიფვრის შემდეგ გახდა შესაძლებელი. მაიას ტომის ( ცენტრალური ამერიკა. I ათასწლეული ჩვ. ერამდე)სასწაულებრივად გადარჩენილი ხელნაწერებიდან აღსანიშნავია მალაბერის კოდექსი, ბორჯიას კოდექსი, აცტეკელი ექიმის დე ლა კრუსას კოდექსი და ა.შ. გარდა წერილობითი ძეგლებისა ძველი ამერიკელების დაავადებებსა და მათი მკურნალობის შესახებ მოგვითხრობენ მაიას პირამიდები, ინკების (თანამედროვე პერუს ტერიტორია) მუმიები, ხელოვნების ნიმუშები, აგრეთვე ძველი პერუს მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაკეთობანი, რომლებზედაც გამოსახულია ადამიანის ფიზიკური განვითარების ანომალიები (“კურდღლის ტუჩი, აკრომეგალია), დაავადებები (სიბრმავე, კანის დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის გადიდება), ოპერაციული ჩარევის შედეგები (კიდურების ამპუტაცია, თავის ქალას ტრეპანაცია), აგრეთვე მშობიარობის პროცესი.
ანტიკური სამყაროს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მაიას ტომის დამსახურება უტოლდება ძველი ეგვიპტისას. მაიას კალენდარი ისევე, როგორც მათ მიერ აღმოჩენილი რიცხვი p გაცილებით უფრო ზუსტი იყო განათლებული ევროპის მიერ გამოყენებულზე კოსმოსურ ერამდეც კი. აცტეკები (თანამედროვე მექსიკის ტერიტორია) იყენებდნენ ოცობით სისტემას, მზის კალენდარს, იცოდნენ პიქტოგრაფიული დამწერლობა. მათი მედიცინა ყველაზე პოპულარული იყო მთელს კონტინენტზე. ინკებმა სრულყოფილებას მიაღწიეს მშენებლობის საქმეშიც, იცოდნენ ოქროს, სპილენძისა და ვერცხლის დამუშავება, აწარმოებდნენ აღრიცხვას და მიმოწერას.
დაავადებების მიზეზად ითვლებოდა ცუდი საქციელი და ცოდვები, კალენდარული წლის თავისებურებები, არასრულყოფილი მსხვერპლთშეწირვა, არამიწიერი და მაგიური ძალები. მაგ., აცტეკები მიიჩნევდნენ, რომ ფეხების დაავადებებს, წყლულებსა და გაციებებს წვიმის ღმერთი ტლალოკი უგზავნიდა მათ, ხოლო მაიას ტომი ციებას, სიყვითლეს, სისხლღებინებას უკავშირებდა მაიმუნებს, რომლებსაც თავის წინაპრად მიიჩნევდნენ. ამასთან ერთად, ავადმყოფის ცხოვრებიდან გამომდინარე, აღიარებდნენ დაავადების ბუნებრივ მიზეზებსაც.
მკურნალობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული მაგიასთან, თუმცა ის არსობრივად ეფუძნებოდა კონტინენტის ხალხების ემპირიულ გამოცდილებას. დაავადებებს მკურნალობდნენ ქურუმები და სახალხო მკურნალები. აცტეკები მათ ”ტისიტლებს” უწოდებდნენ. ძველ პერუში არსებობდა მთელი ტომი მკურნალებისა –“კალეუალია”, რომლებიც მკურნალობდნენ მმართველ ინკებს და ინახავდნენ თავისი ხელოვნების საიდულმლოებებს ტომის შიგნით.
ჩვენამდე მოღწეულ კოდექსებში აღწერილია ცალკეული დაავადებები და მათი მკურნალობის მეთოდები. ამ კოდექსებიდან ვიგებთ, რომ მაია და აცტეკები იტანჯებოდნენ სხვადასხვა გადამდები დაავადებებით. მაგალითად, ტულას სახელმწიფოს დაცემა აიხსნება მასობრივი დაავადებებით, რომელსაც თან ახლდა სისხლიანი ღებინება და ფაღარათი. ტექსტები გვამცმობენ სხვადასხვა ციებების შესახებაც, მათ შორისაა დაავადებაც, რომელმაც შემდეგში მიიღო სახელწოდება “მალარია” (ესპანურად – ცუდი ჰაერი). სააგუნას წიგნში ბალახების შესახებ სპეციალურ განყოფილებაში აღწერილია 251 სამკურნალო მცენარე და მოყვანილია მათი 185 ფერადი სურათი.
ზოგიერთი სწავლულის აზრით, აცტეკელმა მკურნალებმა იცოდნენ 3000 სამკურნალო მცენარე. მათ მიერ გაშენებულმა სამკურნალო მცენარეების ბაღჩებმა განაცვიფრეს ესპანელი კონკისტადორები.
ძველი პერუს მედიცინის შესახებ წერდა ინკი გარსილასო დე ლა ვეგა. თავის “ინკების სახელმწიფოს ისტორიაში” ის მოგვითხრობს სისხლის გამოშვებაზე და ადგილობრივი კუჭისამშლელი და ღებინების გამომწვევი საშუალებებით კუჭის გაწმენდაზე, მახვილა ჭიების გამოდევნაზე ორგანიზმიდან, დიეტით განწმენდაზე, ჭრილობების მკურნალობაზე და ღრძილების გამაგრებაზე, ასევე ბალახის, სახელწოდებით “მატეკლუ” მოქმედების ეფექტურობაზე, რომლის დადებაც კურნავდა მწვავე ანთებით დაავადებებს და ორი დღე-ღამის განმავლობაში აქრობდა ლიბრს. დღეისათვის კონტინეტის სამკურნალო მცენარეების უმდიდრესი არსენალიდან ბევრი მათგანი შესწავლილია და დანერგილია მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკაში. ესენია: იპეკაკუანა და სათითურა, ქინაქინისა და გუაიაკოვოს ხის ქერქი, ნარკოტიკული საშუალებები, პერუული ბალზამი, კოკის ფურცლები და მრავალი სხვა.
კონტინეტზე უმაღლეს დონეს მიაღწია მშობიარეთა დახმარების ხელოვნებამ და ქალური დაავადებების მკურნალობამ, რომელიც იმ დროის ევროპულს არ ჩამოუვარდებოდა. მშობიარობის მიღებით კონტინეტზე დაკავებული იყვნენ ის ქალები, რომლებმაც უკვე იმშობიარეს. ისინი სარგებლობდნენ დიდი პატივისცემით და იწვევდნენ ოჯახებში ქორწინებისთანავე, რათა მათგან მიეღოთ აუცილებელი რჩევები ჰიგიენასა და ფეხმძიმობის პერიოდში ქცევის წესებზე. მშობიარობამდე რამდენიმე თვით ადრე ფეხმძიმეს უწყობდნენ აბანოს, რომლის დროსაც უსინჯავდნენ მუცელს, არკვევდნენ ნაყოფის მდებარეობას და საჭიროების შემთხვევაში ასწორებდნენ კიდეც. მშობიარობის პირველივე ნიშნების გამოვლინებისთანავე მშობიარეს აბანოში ბანდნენ, დაზიანებების თავიდან ასაცილებლად აძლევდნენ წამალს სახელწოდებით “სასაუაკტილი” და ასმევდნენ წვენებს, ნაყენებსა და ბალახების ნახარშებს, რომლებიც ხელს უწყობდნენ გაუტკივარებასა და ახდენდნენ მშობიარობის სტიმულირებას. მშობიარობდნენ ოთხზე დამდგარი ან ჩაცუცქულნი. როგორც წესი, მშობიარეს ეხმარებოდა ორი ქალი: ერთი უკნიდან იჭერდა მას, ხოლო მეორე იღებდა ახალდაბადებულს. ძუძუთი კვებას იწყებდნენ დაბადებიდან 2-3 დღის შემდეგ, რომელიც ხანდახან გრძელდებოდა 3-4 წელი. რძის მოყვანის სტიმულაციისათვის გამოიყენებდნენ სამკურნალო მცენარეებს. საერთოდ, მაიასა და აცტეკების ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდნენ სახალხო აბანოები, რომლებიც გამოიყენებოდნენ ჰიგიენური, სამკურნალო და სარიტუალო მიზნით. აბანოში ემზადებოდნენ სამშობიაროდ, ბანდნენ ახალდაბადებულს, აკეთებდნენ მასაჟებს, გოგირდის წყლით მკურნალობდნენ კანის დაავადებებს.
ქალური დაავადებების მკურნლობა ასევე ძალზე ეფექტურად მიმდინარეობდა ადგილობრივი სამკურნალი მცენარეების, მინერალებისა და ცხოველების ნაწილების გამოყენებით და დოზების მკაცრი დაცვით. კოლუმბამდელი ამერიკის მედიცინის ზოგიერთი საშუალება დღესაც გამოიყენება სამეანო-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში, თუმცა ბევრი მათგანი უცნობია თანამედროვე მეცნიერებისათვის. კერძოდ, ეს ეხება ორსულობის სიხშირის რეგულაციას: თუ თანამედროვე ბრაზილიის ინდიელთა ტომის ქალმა გადაწყვიტა თავი შეიკავოს დაფეხმძიმებისაგან, ის სვამს რაღაც ბალახების ნაყენს და არ ფეხმძიმდება. თუ რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვეტს დაორსულებას, საამისოდ ის სხვა ბალახს იყენებს. ეს საიდუმლო მკაცრად არის დაცული ტომის შიგნით და ზეპირად გადაეცემა თაობიდან თაობას.
ოპერატიული მკურნალობის სფეროში უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს ინკებმა და მათმა წინამორბედმა პრე-ინკებმა. მათი მკურნალები კარგად ახორცებდნენ ჭრილობებს, აკეთებდნენ ზედა და ქვედა კიდურების ამპუტაციებს, თავის ქალის ტრეპანაციებს. ოპერაციათა 70% წარმატებით მთავრდებოდა, რაზეც მიუთითებს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ თავის ქალებზე ოთხკუთხა და მრავალკუთხა ნაჭრილობევების ირგვლივ წარმოქმნილი ძვლოვანი კოჟრები, რისი განვითარებაც მხოლოდ პაციენტის სიცოცხლეში იყო შესაძლებელი. ტრეპანაცია წარმოებდა როგორც რიტუალური, ისე სამკურნალო მიზნებით: თავის ქალას ჭრილობებისა და ტრავმების, ძვლოვანი ქსოვილის ანთებითი პროცესების, სიფილისური წყლულებისა და სხვა შემთხვევებში.
აცტეკების სახელმწიფოში არსებობდა სპეციალური ორგანო, რომელიც მკურნალთა მოღვაწეობას აწესრიგებდა. კორტესის ცნობით, აცტეკების არმიაში, რომელიც ითვლიდა 150 ათას ადამიანს, იყვნენ ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოყვანით დასაქმებული სპეციალური ადამიანები. არსებობდა სამხედრო ჰოსპიტალები, ასევე, სპეციალური შენობები ხეიბრების, ალბინოსების, უკურნებელი და უცნობი დაავადებებით შეპყრობილი ადამიანების იზოლაციისათვის. ეპიდემიების დროს დაუყონებლივ ტოვებდნენ დაავადების კერებს, განსაკუთრებით მაღალი სოციალური ფენების წარმომადგენლები.
ინკების იმპერიაში არსებობდა მკაცრი წესები, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც სახელმწიფოებრივი რეგლამენტაცია. მაგ. ავადმყოფებს ეკრძალებოდათ ქალაქებში ცხოვრება, დაბადებიდან ავადმყოფებს კი – ქორწინება, აგრეთვე ავადმყოფების თავშესაფრების ორგანიზაცია და სხვ.
კოლუმბამდელი ამერიკის მაღალცივილიზებული კულტურის ცენტრები დიდად განხვავდებოდნენ მათი თანამედროვე დასავლეთ ევროპული ცენტრებისაგან. მაგ. აცტეკების დედაქალაქში ტენოჩტიტლანეში, რომელიც 150 ათას ადამიანს ითვლიდა, სისუფთავის დაცვას ემსახურებოდა ათასამდე ადამიანი. ამ ქალაქის ქუჩებში ისეთი სისუფთავე იყო, რომ კონკისტადორების გადმოცემით, “ფეხს ვერაფერს წამოკრავდით”. ქალაქში სუფთა სასმელი წყალი მთებიდან ქვის ორი წყალსადენი მილით მოედინებოდა.
ძველი ამერიკის მედიცინა ძველი სამყაროს მედიცინის ისტორიის ერთ-ერთი თვალსაჩინო და საინტერესო ფურცელია. ძველი ამერიკის ცივილიზაციის ტრაგიკულმა დასასრულმა აჩვენა ადამიანებს, რომ აუცილებელია წარსულის მემკვიდრეობის გულმოდგინედ დაცვა, საფუძვლიანი შესწავლა, გამდიდრება და შემდგომი განვითარების მიზნით მომავალი თაობებისათვის გადაცემა.