ციტრუსების სამყარო
 |
ციტრუსების სახელწოდება წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან «ცედროს», რაც არომატულ ყვავილებს ნიშნავს. მოგვიანებით ბერძნებმა ასე უწოდეს მათთვის უცნობ არომატულ ხილსაც. რომაელებისათვის ეს სიტყვა გადაიქცა «ციტრუსად».
დღეისათვის მსოფლიოში მოყავთ ციტრუსების 28 სახეობა: ფორთოხალი, გრეიპფრუტი, მანდარინი, ლიმონი, ბერგამოტი, პომელო, ციტრონი, ლაიმი, კუმკვატი და სხვ. არსებობს მრავალი შუალედური ჰიბრიდიც, როგორიცაა მაგ. მანდარინისა და ფორთოხლის ნაჯვარი.
ციტრუსების ნაყოფი შეიცავს ლიმონმჟავას, შაქარს, ვიტამინებს: C (60 მგ%-ზე მეტი), PP, B და კაროტინს (პროვიტამინი A). თანამედროვე გამოკვლევების შედეგებით დადასტურებულია, რომ ციტრუსები აძლიერებენ იმუნურ სისტემას, აფერხებენ ან სრულიად აჩერებენ კიბოს უჯრედების ზრდის პროცესს.
ციტრუსების შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი C მიეკუთვნება ე.წ. ანტიოქსიდანტებს, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისაგან და ხელს უწყობს ქოლესტერინს დაშლას. ვიტამინი C ასევე აუცილებელია ცილა კოლაგენის მისაღებად, რომელიც ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ძვლოვან ქსოვილს, კანს და ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათ, ვინც რეგულარულად მიირთმევს ციტრუსებს, ინსულტი არ ემუქრებათ. საგულისხმოა, რომ ცირტუსების ქერქში მეტია C ვიტამინი, ვიდრე რბილობში. ციტრუსების ქერქის შემადგენლობაში შედიან ასევე ბიოფლავონოიდები, რომლებიც უზრუნველყოფენ უწვრილესი სისხლძარღვების შენარჩუნებას სათანადო მდგომარეობაში.
ნაყოფის რბილობში შემავალ პექტინებს ორგანიზმიდან გამოჰყავს ქოლესტერინი და ტოქსიკური ნივთიერებები და ამით იცავს მას გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებებისაგან.
ლიმონმჟავას, როგორც ყველა სხვა ორგანულ მჟავას, გააჩნია გამოხატული ანტიმიკრობული მოქმედება. იგი ასევე აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას.
შედგენილობისა და ადამიანის ორგანიზმზე მოქმედების მიხედვით ყველა ციტრუსი არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ყოველ მათგანს გააჩნია თავისი «სპეციალიზაცია». მაგ. ონკოლოგიური დაავადებებისაგან თავის დასაცავად უმჯობესია ყოველდღე თითო-თითო ფორთოხლის ან ორ-ორი მანდარინის მიღება. გარდა ამისა, ფორთოხალი 20%-ით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რიცხვს. ის შეიცავს ინოზიტს, რომელიც აუცილებელია გულის კუნთისა და თავის ტვინის ნერვული ქსოვილის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ფორთოხლის წყალობით უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, იწმინდება ღვიძლი, ნორმალიზდება ნაწლავების მოქმედება. გარდა ამისა, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, შეიმჩნევა მისი ანტისკლეროზული ეფექტიც.
როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ციტრუსებიდან სწორედ ფორთოხალს და არა ლიმონს მიიჩნევენ მეცნიერები ყველაზე მარგებლად. სასარგებლო ნივთიერების საერთო რაოდენობა ლიმონში 5-ჯერ, ხოლო მანდარინში 2-ჯერ ნაკლებია ფორთოხალთან შედარებით. მიუხედავად ამისა, ლიმონს უფრო ხშირად ურჩევენ ექიმები ჰიპო-და ავიტამინოზის, ათეროსკლეროზის, ანემიის, რევმატიული ართრიტის და გაცივებასთან დაკავშირებული დაავადებების დროს. ლიმონის წვენში აღმოჩენილ კუმარინს იყენებენ ანგინის სამკურნალოდ. მანდარინი სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. ფიტონციდების შემცველობის წყალობით ის ანადგურებს მიკრობებს.
სასარგებლოა აგრეთვე ეთერზეთებიც, რომელსაც ციტრუსების ქერქი შეიცავს. ზოგადი სისუსტისა და ცუდი განწყობის დროს მხნეობის დასაბრუნებლად საკმარისია ამ ზეთების არომალამპის გამოყენება. გარდა ამისა, ციტრუსების ეთერზეთები ხელს უწყობს მუშაობის პროცესში ნერვული დაძაბულობის შემცირებას. ასე რომ ცუდი არ იქნება არომალამპის შეძენა ოფისისათვის. ამ გზით შეიძლება აგრეთვე გაცივების ნიშნების მოხსნა, ბრონქული ხველებისა და გრიპის დროს მდგომარეობის შემსუბუქება.
თუ დავუბრუნდებით კითხვას, რომელი ციტრუსია ყველაზე სასარგებლო (არა მარტო ვიტამინების რაოდენობის, არამედ საერთოდ, ორგანიზმზე ზემოქმედების მიხედვით), მათი «ჰიტ-პარადი» ასეთი იქნება: ფორთოხალი, ლიმონი, გრეიპფრუტი, მანდარინი.
თანამედროვე დიეტოლოგია ციტრუსების ღირსებას მათ უნიკალურ ვიტამინურ სიმდიდრეს უკავშირებს. ფორთოხალი, ლიმონი, გრეიპფრუტი, მანდარინი უდავოდ ლიდერობენ С ვიტამინის შემცველობის მიხედვით, თუმცა აბსოლუტურად უპირობოდ მათი ლიდერებად დასახელება არ შეიძლება. ზოგიერთ ხილსა და ბოსტნეულში მეტია ამ ვიტამინის შემცველობა. გაცილებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ С ვიტამინის მარაგი ციტრუსებში განსაკუთრებული მდგრადობით გამოირჩევა (ამ მხრივ მათ არაფერი შეედრება!). ხილისა და ბოსტნეულის უმრავლესობა С ვიტამინს უკვე ერთი-ორი თვის შენახვის შემდეგ კარგავს, ე.ი. ზამთრის დაწყებისთანავე, ხოლო გაზაფხულზე С ვიტამინს ნატურალური სახით მხოლოდ ციტრუსები შეიცავენ. საქმე იმაშია, რომ ყველა ციტრუსი დაცულია შეუღწევადი «ჯავშნის» მსგავსი ქერქით და რბილობს შეხება არა აქვს ვიტამინური საფუძვლის დამანგრეველ ჟანგბადთან. დაჭრილი და დაშაქრული ლიმონიც კი ხიდან მოწყვეტილ ნაყოფთან შედარებით შეიცავს С ვიტამინის არანაკლებ 90%-ს.
ციტრუსების წვენი მიეკუთვნება ძალზე სასარგებლო სასმელების რიცხვს. ყოველი დილა, გასაკუთრებით გაზაფხულობით, პირველი ხილისა და ბოსტნეულის შემოსვლამდე, აუცილებელია დავიწყოთ ციტრუსების წვენით. ¬ ეს უზრუნველყოფს ენერგიის სწრაფად მომატებას და უკვე ერთი კვირის შემდეგ შესამჩნევად გაამაგრებს იმუნურ სისტემას. მაგრამ დილის ვიტამინური «შეტევა» არ უნდა იყოს წრეგადასული. დილის სასმელში შეიძლება შედიოდეს ერთი ფორთოხლის, ან ორი მანდარინის, ან მესამედი ლიმონის ან ნახევარი გრეიპფრუტის წვენი. ბუნებრივია, წვენი უნდა იყოს მხოლოდ ახლადგამოწურული. მიზანშეწონილია წვენს დაემატოს ბიოფლავონოიდებით მდიდარი კანის გამონაწურიც, რომელიც ხელს უწყობს С ვიტამინის შეთვისებასა და სისხლძარღვების გამაგრებას.
მსოფლიოს წამყვანი დიეტოლოგები მიიჩნევენ, რომ ლიმონი, რომელსაც აყოლებენ მაგარი სასმელების (არაყი, ვისკი, კონიაკი) სირჩას, ნაწილობრივ ანეიტრალებს სპირტიანი სასმელების უარყოფით ზემოქმედებას. რა თქმა უნდა, უმჯობესია ბოროტად არ გამოვიყენოთ მაგარი სასმელები, მაგრამ თუ მოგიწიათ მათი მიღება, არ დაივიწყოთ ლიმონის ან ფორთოხლის ნაჭრის დაყოლება. ასე რომ, კონიაკი ლიმონით არა მარტო გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლიმონის დახმარებით შეიძლება ნაბახუსევის სინდრომის მოხსნაც.
|