ზოგიერთი მკვლევარი მისდევს თეორიას, რომ მემკვიდრეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარე ფაქტორები. სხვები საპირისპიროს ამტკიცებენ. კვინსლენდის უნივერსიტეტისა და ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის მკვლევარებმა ამ დავას წერტილი საბოლოოდ დაუსვეს. მათ გააანალიზეს 2748 კვლევის მონაცემები, რომელშიც მონაწილეობდა 14,5 მილიონი წყვილი ტყუპი, იუწყება The Guardian.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ზოგადად დაავადებებისა და ინდივიდუალური თავისებურებების რისკის 49% გენეტიკური ფაქტორებით და 51% გარემო ფაქტორებითაა განპირობებული. მკვლევარებმა შეისწავლეს 17800 თავისებურება და დაავადება. აღსანიშნავია, რომ შედეგი თითოეული თავისებურებისა და დაავადების მიხედვით განსხვავებულია.
მაგალითად, ბიპოლარული აშლილობის რისკის 68% გენებით, ხოლო 32% გარემო ფაქტორებითაა განსაზღვრული. წონის შენარჩუნება 63%-ში გენეტიკასთანაა კავშირში და 37%-ში - გარე ფაქტორებთან. კვების ქცევითი დარღვევები 40%-ში გენებზეა დამოკიდებული და 60%-ში - გარემოზე. ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი დარღვევების განვითარებაში გენეტიკის წვლილი არის 41%, ხოლო გარემოსი - 59%.
კვლევის დასკვნები ოფთალმოლოგიის, ფსიქიატრიისა და ჩონჩხის თავისებურებების მიხედვით აჩვენებს, რომ გენები გარე ფაქტორებზე უფრო მნიშვნელოვანია, ხოლო დასკვნები სოციალური ღირებულებებისა და ურთიერთობების მიხედვით კი საპირისპიროა, თუმცა გენეტიკას ნებისმიერ შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა.
კვლევებში ხდებოდა მონოზიგოტი (100% საერთო გენი) და ჰეტეროზიგოტი ტყუპების (დაახლოებით 50% საერთო გენი) შედარება. ჰეტეროზიგოტი ტყუპებისთვის გარემო ფაქტორებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.