იმ მომავალი დედებში, რომლებიც ხშირად მიირთმევენ შემწვარ საკვებს, მაგალითად ომლეტს, ჩიფსებს ან შემწვარ ქათამს, ორჯერ უფრო ხშირად ვითარდება გესტაციური დიაბეტი. გესტაციური დიაბეტი, იგივე ორსულთა შაქრიანი დიაბეტი, უვითარდება ზოგიერთ ქალებს ორსულობის დროს და, ჩვეულებრივ, სპონტანურად გაივლის მშობიარობის შემდეგ. თუ არ მოხდა მისი მკურნალობა, შეიძლება ადგილი ქონდეს ნაადრევ მშობიარობას ან ჭარბი წონის ახალშობილის დაბადებას. უარეს შემთხვევებში ახალშობილი იღუპება დაბადებისთანავე. დაავადება, როგორც წესი, გამოვლინდება მესამე ტრიმესტრში. მისი სიმპტომებია წყურვილი, ხშირი შარდვა და დაღლილობის შეგრძნება. გესტაციურ დიაბეტს მკურნალობენ დიეტის და/ან სისხლში გლუკოზის დონის დამაქვეითებელი აბების მეშვეობით. ასეთ ქალებში ნაჩვენებია მშობიარობა საკეისრო კვეთით.
მეცნიერებმა ჰარვარდის უნივერსიტეტიდან ჩაატარეს ახალი კვლევა 15027 ორსულის მონაწილეობით, რომელიც გრძელდებოდა 10 წელს. კვლევის მონაწილეები პასუხობდნენ ანკეტის შეკითხვებს კვების (მიირთმევდნენ თუ არა შემწვარ საკვებს, ხორცს, ხილს და ბოსტნეულს, სითხეს), ცხოვრების წესის, თამბაქოს და სასმელის მოხმარების შესახებ. ორსულები, რომლებიც ძირითადად (კვირაში 7 დღე) იკვებებოდნენ შემწვარი საკვებით, 88%-ით უფრო მეტად იყვნენ მიდრეკილნი გესტაციური შაქრიანი დიაბეტის განვითარებისადმი, ვიდრე ისინი, რომლებიც შემწვარ საკვებს იღებდნენ კვირაში მხოლოდ ერთჯერ და ნაკლებად. შემწვარი საკვები ამ რისკს ზრდიდა 16%-ით. ამ დაავადების განვითარების რისკი კიდევ უფრო მეტად იზრდებოდა 25 წლის ასაკს გადაცილებულ პირებში, ჭარბი წონის და ოჯახურ ანამნეზში შაქრიანი დიაბეტის არსებობის დროს.
მეცნიერები თვლიან, რომ შეწვის პროცესში წარმოიქმნება ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც აუარესებს ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის დონის კონტროლის უნარს. გარდა ამისა, წვის პროცესში გამომუშავდება ტრანს-ცხიმები, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ ინსულინის მოქმედება. მკვლევარები მოუწოდებენ რეპროდუქციული ასაკის ქალებს, შეამცირონ შემწვარი საკვების მოხმარება, რითაც დააქვეითებენ აღნიშნულ რისკს. იმ ქალებმა, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, უნდა დაიცვან ჯანსაღი ცხოვრების წესი, იკვებონ ბალანსირებულად და რეგულარულად უნდა ივარჯიშონ.