მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყოველდღიურად საკვებ რაციონში თხილეულის არსებობა სხვადასხვა დაავადებისგან სიკვდილის რისკს საშუალოდ 20%-ით ამცირებს.
„თხილეული განსაკუთრებით სასარგებლოა გულის დაავადებების პროფილაქტიკისთვის - 29% და ასევე, როგორც კვლევის შედეგებმა სასიამოვნოდ გაგვაკვირვა, იწვევს კიბოს განვითარების რისკის შემცირებას 11%-ით“ – აღნიშნავს დოქტორი ჩარლზ ფაჩსი ბოსტონის კიბოს ინსტიტუტიდან.
ექიმების გუნდი ფართომასშტაბიან დაკვირვებას აწარმოებდა 76 000 ქალისა და 42 000 მამაკაცის კვებაზე, ცხოვრების წესსა და ჯანმრთელობაზე 1980 წლიდან 2010 წლამდე.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ იმ პირებს, რომლებიც თხილეულის ერთ პორციას (30გ.) მოიხმარდნენ უფრო იშვიათად, ვიდრე კვირაში ერთხელ, აღენიშნებოდათ სიკვდილის რისკის 7%-ით შემცირება, კვირაში ერთხელ ერთი პორციის მომხმარებლებს - 11%-ით, ხოლო ყოველდღე ან უფრო ხშირად მომხმარებლებს - 20%-ით. ამასთან, თხილეულის სახეობას არ ჰქონდა მნიშვნელობა.
მეცნიერებმა, ასევე, დაამტკიცეს, რომ თხილეული ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ჟანგვით სტრესს, ანთებით პროცესს, სიმსუქნეს და ინსულინისადმი მდგრადობას.