შიდსის მსოფლიო დღე ყოველი წლის 1 დეკემბერს აღინიშნება. ის მიზნად აივ/შიდსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ისახავს და ახდენს შიდსით დაავადებულ პირთა მიმართ საერთაშორისო სოლიდარობის დემონსტრირებას მსოფლიო მასშტაბით. ეს დღე პარტნიორებს სახელმწიფო და კერძო სექტორიდან აძლევს შესაძლებლობას, გაავრცელონ ინფორმაცია პანდემიის სტატუსის შესახებ და ხელი შეუწყონ აივ/შიდსის პრევენციასა და მკურნალობასთან დაკავშირებულ პროგრესს ამ დაავადების მაღალი პრევალენტობის ქვეყნებსა და მთელ მსოფლიოში.
2012 წლის სლოგანია „დავიყვანოთ ნულამდე“.
2011-2015 წლებში შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეების თემაა: „ნულოვანი ნიშნულის მიღწევა: აივ ინფექციების ახალი შემთხვევების ნულოვანი მაჩვენებელი. ნულოვანი დისკრიმინაცია. შიდსით სიკვდილობის ნულოვანი მაჩვენებელი“. შიდსთან ბრძოლის მსოფლიო კამპანია ფოკუსირდება თემაზე: „შიდსით სიკვდილობის ნულოვანი მაჩვენებელი“, რაც გულისხმობს მოქმედებების გააქტიურებას დაავადების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით და წარმოადგენს მოწოდებას მთავრობებისადმი, დაუყოვნებლივ განახორციელონ ქმედებები ამ მიმართულებით და შეასრულონ აბუჯას დეკლარაციით გათვალისწინებული დაპირებები.
10 ფაქტი აივ/შიდსის შესახებ
აივ/შიდსი კვლავ რჩება მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად, განსაკუთრებით დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში.
ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებების შედეგად ანტირეტროვირუსული პრეპარატებით მკურნალობაზე (ART) ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შედეგად, აივ ინფიცირებული ადამიანები უფრო დიდხანს და ჯანმრთელად ცხოვრობენ. 2010 წლის ბოლოს 6.65 მილიონმა ადამიანმა ჩაიტარა მკურნალობა ანტირეტროვირუსული პრეპარატებით დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში. თუმცა 7 მილიონზე მეტ ადამიანს კვლავ ესაჭიროება მსგავსი მკურნალობა, მაგრამ მათ ჯერ ამის შესაძლებლობა არ აქვთ.
ჯანმო დახმარებას უწევს წევრ–სახელმწიფოებს, რომ შემცირდეს დაავადების გავრცელება და აივ ინფიცირებულები უზრუნველყოფილნი იქნან ანტირეტროვირუსული მკურნალობით.
ფაქტი 1
აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) აინფიცირებს იმუნური სისტემის უჯრედებს
აივ ინფექცია აზიანებს და იწვევს იმუნური სისტემის ნგრევას, რაც ადამიანის ორგანიზმს უნარს ართმევს წინააღმდეგობა გაუწიოს ინფექციებსა და დაავადებებს. შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) არის აივ ინფექციის ბოლო სტადია. შიდსით ინფიცირებული ადამიანი უფრო მგძნობიარე ხდება 20–ზე მეტი ოპორტუნისტული ინფექციისა და სიმსივნური დაავადებების მიმართ.
ფაქტი 2
არსებობს აივ ინფექციის გადაცემის რამდენიმე გზა
აივ ინფექცია შეიძლება გადაეცეს:
- დაუცველი სქესობრივი კონტაქტი (ვაგინალური ან ანალური) ან დაინფიცირებულ პირთან ორალური სექსით;
- ინფიცირებული სისხლის გადასხმით;
- აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის ან სხვა ბასრი ინსტრუმენტის გამოყენებით;
- ინფიცირებული დედისგან ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად.
ფაქტი 3
მსოფლიოში ცხოვრობს აივ/შიდსით ინფიცირებული 34 მილიონი ადამიანი
მათგან უმრავლესობა ცხოვრობს საშუალო და დაბალი შემოსავლების ქვეყნებში. დადგენილია, რომ 2010 წელს ვირუსით დაავადდა 2.7 მილიონი ადამიანი.
ფაქტი 4
ინფექციურ დაავადებათა შორის აივ/შიდსი არის მსოფლიოში სიკვდილოს ძირითადი მიზეზი
აივ/შიდსით გარდაცვლილთა რიცხვი შეადგენს 30 მილიონ ადამიანს. გათვლებით დადგენილია, რომ ყოველწლიურად აივ/შიდსით 1.8 მილიონი ადამიანი იღუპება.
ფაქტი 5
კომბინირებული ანტირეტროვირუსული თერაპია ადამიანის ორგანიზმს იცავს აივ ვირუსის გამრავლებისგან.
ვირუსის რეპროდუქციის შეჩერების შემთხვევაში ადამიანის იმუნურ უჯრედებს აქვთ უნარი უფრო დიდხანს იცოცხლონ და უზრუნველყონ ორგანიზმის დაცვა ინფექციებისგან.
ფაქტი 6
2010 წლის ბოლოს 6.65 მილიონმა აივ ინფიცირებულმა ჩაიტარა მკურნალობა ანტირეტროვირუსული პრეპარატებით დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში.
ეს გულისხმობს, რომ 2003 წლის მონაცემებთან შედარებით ანტირეტროვირუსული მკურნალობის ხელმისაწვდომობა 16–ჯერ გაიზარდა. დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში ანტირეტროვირუსული მკურნალობის მოცვის მაჩვენებელი იზრდება. 2010 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი შეადგენდა იმ 14.2 მილიონი ადამიანის 47% – ს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ სახის მკურნალობის კრიტერიუმებს.
ფაქტი 7
დადგენილია, რომ 3.4 მილიონი ბავშვი დაავადებულია აივ/შიდსით
2010 წლის მონაცემებით ინფიცირებულ ბავშვთა უმრავლესობა ცხოვრობს აფრიკაში, საჰარის უდაბნოს სამხრეთ ნაწილში. ისინი აივ დადებითი ვირუსით დაავადებული დედებისგან დაინფიცირდნენ ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს. ყოველდღიურად თითქმის 1100 ბავშვი ინფიცირდება აივ ინფექციით. იმ ბავშვთა რიცხვი, რომელთაც ანტირეტროვირუსული მკურნალობა უტარდებათ 75 000– დან (2005 წელი) 456 000–მდე (2010 წელი) გაიზარდა.
ფაქტი 8
შესაძლებელია აივ ინფექციის დედიდან ბავშვზე გადაცემის პრევენცია
დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში პრევენციული ღონისძიებების ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი კვლად დაბალია. მიუხედავად ამისა, პროგრესი მაინც მიღწეულია. 2010 წელს აივ ინფიცირებულ ორსულთა 48% – მა მიიღო მკურნალობის ზედმიწევნით ეფექტური სქემები (ჯანმო–ს რეკომენდაციების შესაბამისად) დედიდან ბავშვზე ვირუსის გადაცემის პრევენციის მიზნით.
ფაქტი 9
აივ ინფექცია არის აქტიური TB დაავადების განვითარების ძირითადი რისკ–ფაქტორი
2010 წელს ტუბერკულოზის მიზეზით რეგისტრირებულ იქნა აივ ინფიცირებულთა 350 000 – ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა. ეს შეადგენს 2010 წელს 1.8 მილიონ აივ ინფექციით გარდაცვლილ ადამიანთა მეხუთედს. იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც დაინფიცირებულია როგორც აივ ინფექციით, ასევე TB ცხოვრობს აფრიკაში, საჰარის უდაბნოს სამხრეთ ნაწილში (საერთო შემთხვევების რაოდენობის 82%)
ფაქტი 10
არსებობს აივ ინფექციის გადაცემის პრევენციის რამდენიმე გზა
აივ ინფექციის გადაცემის პრევენციის ძირითადი საშუალებები:
- უსაფრთხო სექსის პრაქტიკა პრეზერვატივების გამოყენებით;
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, მათ შორის აივ ინფექციის, ტესტირება და მკურნალობა
- ინექციური ნარკოტიკების მოხმარებისგან თავის შეკავება, მოხმარების შემთხვევაში ახალი და ერთჯერადი ნემსის და შპრიცის გამოყენება;
- სისხლისა და სისხლის პროდუქტების აივ ინფექციაზე ტესტირების უზრუნველყოფა.
http://www.who.int/features/factfiles/hiv/en/index.html