ამერიკელი სპეციალისტების დასკვნით, შიდსით დაავადებული პაციენტები საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ოთხჯერ უფრო ხშირად იღუპებიან გულის შეტევით. მართალია ისინი დიდხანს ცოცხლობენ ანტირეტროვირუსული თერაპიის წყალობით, მაგრამ გულის დაავადებების განვითარების რისკი მათში მნიშვნელოვნად იზრდება, იუწყება News.com.au.
ჟურნალში Journal of Cardiology გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც განხილულია ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. მათ შეისწავლეს ცხრა- წლიანი პერიოდის განმავლობაში კალიფორნიის საზოგადოებრივ კლინიკაში გატარებული 3000-ზე მეტი აივ-ინფიცირებული პაციენტის სამედიცინო რუქა. სასიკვდილო გამოსავლის დაფიქსირებული 230 შემთხვევიდან 13% მოდიოდა გულის შეტევაზე. ეს მაჩვენებელი რამდენიმეჯერ აღემატება საერთო სტატისტიკურ მაჩვენებელს.
მელბურნის ჰოსპიტალ ”ალფრედის” კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის, პროფესორ ენტონი დარტის სიტყვებით, აღნიშნულმა ტენდენციამ თავი იჩინა ბოლო 10-15 წლის მანძილზე. მანამდე ინფიცირებული პირები უფრო ადრე იღუპებოდნენ. ახლა ადამიანები უფრო მეტს ცოცხლობენ, თუმცა ეს არ გამორიცხავს ინფექციის, თამბაქოს მოხმარების და ჭარბი წონის ზეგავლენას, რაც ზრდის გულის პრობლემების განვითარების რისკებს. მაგალითად, ავსტრალიაში შიდსით დაავადებული ადამიანების 42% მწეველთა რიცხვს განეკუთვნება.
პროფესორი ასევე ლაპარაკობს იმაზე, რომ ძველი თაობის ანტირეტროვირუსული პრეპარატები უფრო მეტად მოქმედებენ ქოლესტერინის დონეზე, თუმცა ცალსახად იმის თქმა, თუ რის ხარჯზე იზრდება რისკი, ძნელია.