ახლახან ჩატარებული კვლევის შედეგები ადასტურებს კავშირს C ჰეპატიტსა და გულის იშემიურ დაავადებას შორის. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ HCV-ინფექციის არსებობაზე დაყრდნობით შეგვიძლია გულის იშემიური დაავადების პროგნოზირება. კერძოდ, HCV-პოზიტიურობა ზრდის გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს ან მისი არსებობის შემთხვევაში - სიმძიმეს.
ჩატარებული იქნა რეტროსპექტული კვლევა, რომლის მიხედვითაც გულის იშემიური დაავადება უფრო ხშირი იყო C ჰეპატიტით დაავადებულთა ჯგუფში, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. შედეგები წარმოდგენილი იყო ამერიკის გასტროენტეროლოგთა კოლეჯის ყოველწლიურ შეხვედრაზე.
C ჰეპატიტით დაავადებულებში გულის იშემიური დაავადების გავრცელების შესაფასებლად მეცნიერებმა განიხილეს C ჰეპატიტით დაავადებული 934 პაციენტის მონაცემები, რომლებსაც აკვირდებოდნენ ლონგ აილენდში ებრაელთა სამედიცინო ცენტრში (ნიუ ჰაიდ პარკი, ნიუ-იორკის შტატი) 2002 წლის მაისიდან 2008 წლის დეკემბრამდე. ამ პაციენტებიდან 63-ს ჩაუტარდა კორონაროგრაფია. მკვლევარებმა მათი მონაცემები შეადარეს საკონტროლო ჯგუფში შემავალი 63 ადამიანის მონაცემებს, რომლებსაც არ ქონდათ C ჰეპატიტი.
”გულის იშემიურ დაავადებასა და C ჰეპატიტს შორის წარმოდგენილი ასოციაციაციის მიუხედავად, აღნიშნული მონაცემები არ არის საკმარისი”, ამბობს კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დოქტორი Sanjaya Satapathy.
გიდ, რომელიც წარმოდგენილი იყო, როგორც კორონარული არტერიების სტენოზი 50%-ზე მეტად, გამოვლინდა C ჰეპატიტით დაავადებულთა 70%-ში (44 პაციენტი) და საკონტროლო ჯგუფის 48%-ში (30 პაციენტი). გულის იშემიური დაავადება, რომელიც წარმოდგენილი იყო, როგორც კორონარული არტერიების 75%-ზე მეტი სტენოზი, დაუდგინდა ჰეპატიტით დაავადებულთა ჯგუფში - 42 პაციენტს (67%), ხოლო საკონტროლო ჯგუფში მხოლოდ 29-ს (46%).
რამდენიმე კორონარული არტერიის დაზიანება მნიშვნელოვნად მეტი იყო ჰეპატიტის ჯგუფში საკონტროლოსთან შედარებით (შესაბამისად, 57% და 16%), ხოლო ერთი სისხლძარღვის შევიწროება უფრო ხშირი იყო საკონტროლო ჯგუფში.
Dr. Satapathy განმარტებით, ”HCV-სეროპოზიურობა წარმოადგენს გულის იშემიური დაავადების მნიშვნელოვან პრედიქტორს. თუმცაღა, C ჰეპატიტით დაავადებულებს სავარაუდოდ, მეტი შანსი აქვთ დარჩნენ ანტითრომბოციტული და ჰიპოლიპიდემიური მკურნალობის ქვეშ”.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა შემოიფარგლა რეტროსპექტული დიზაინით და არც გამოკვლეულთა რაოდენობა იყო დიდი, მკვლევარების აზრით, კლინიცისტებმა უნდა გაითვალისწინონ მისი შედეგები C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების მკურნალობის დროს.