აივ/შიდსი კვლავ რჩება მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემად.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით ბოლო ათი წლის განმავლობაში აივ ინფექციის ყოველწლიური ახალი შემთხვევების რიცხვი შემცირდა 33 ქვეყანაში და სამ მილიონზე მეტ დაავადებულს მიუწვდება ხელი ანტირეტროვირუსული პრეპარატებით მკურნალობაზე. 2010 წელს მსოფლიოში აივ/შიდსით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 34 მილიონს მიაღწია (დაავადებულთა 60% ცხოვრობს
აფრიკაში). განსაკუთრებით სწრაფი ტემპით მატულობს ახალი შემთხვევები აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებში. დღეისათვის ამ ინფექციით უკვე 25 მილიონი ადამიანია გარდაცვლილი.
ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსი (აივ) მიეკუთვნება რეტროვირუსების ოჯახს, რომელიც აინფიცირებს იმუნური სისტემის უჯრედებს და ახდენს ამ სისტემის ფუნქციონირების დარღვევასა და ნგრევას. ვირუსით ინფიცირებისას ხდება იმუნური სიტემის დეგრადაცია და იმუნოდეფიციტი. იმუნური სიტემა ვეღარ ახერხებს ბრძოლას ინფექციებისა და დაავადებების წინააღმდეგ და ადამიანი უფრო მგრძნობიარე ხდება ოპორტუნისტული ინფექციების მიმართ.
შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტური სინდრომი) აივ ინფექციის ბოლო სტადიაა. ვირუსით ინფიცირებისას აივ ინფექცია შესაძლოა მიმდინარეობდეს 10-15 წლის განმავლობაში უსიმპტომოდ და საბოლოოდ განვითარდეს შიდსი. საყურადღებოა ის, რომ შიდს-ის განვითარების პროცესი დღეს უკვე შესაძლებელია შეფერხდეს ანტირეტროვირუსული პრეპარატების გამოყენებით.
აივ/შიდსის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2011 წლის ივლისიდან აწარმოებს, აივ გამოკვლევა ჩაუტარდა 104 ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტს (13-ს დადებითი დაუდასტურდა), 591 პატიმარს (არცერთი არ დადასტურდა), 35 სგგდ პაციენტს (1 დადებითი დადასტურდა), 415 ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელს (არცერთი არ დადსტურდა). ასევე ჩაუტარდათ ტესტირება 9 962 აივ ინფიცირებულთან კონტაქტირებულ პირს და 15 აივ დადებითი გამოვლინდა. გარდა ამისა გამოკვლეულ იქნა შიდსის კლინიკური ნიშნების მქონე 1616 პიროვნება, აივ დადებითი დაუდასტურდა 52-ს. უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტესტირება ჩაუტარდა 10 253 დონორს და გამოვლინდა 1 აივ დადებითი შემთხვევა.
იმის გამო, რომ საქართველოში აივ/შიდს-ის გავრცელების მრავალი
ხელშემწყობი ფაქტორი არსებობს:
-
ნარკომანიის შემთხვევების მატების ტენდენცია,
-
სგგდ-ს მაღალი პრევალენტობა,
-
მოსახლეობის მზარდი მიგრაცია და საერთაშორისო კონტაქტები,
-
პრეზერვატივებზე დაბალი მოთხოვნილება,
-
შიდს-ის შესახებ მოსახლეობისცოდნის დაბალი დონე,
საჭიროა აივ/შიდს-თან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული იქნას ამ ხელშემწყობი ფაქტორების წინააღმდეგ.
აქედან გამომდინარე:
-
მოსახლეობაში (განსაკუთრებით ახალგაზრდებში) სისტემატიურად უნდა წარმოებდეს ცხოვრების ჯანსაღი წესისა (განსაკუთრებით ნარკომანიის წინააღმდეგ) და უსაფრთხო სქესობრივი კონტაქტის პრაქტიკის დანერგვის საგანმანათლებლო აგიტაცია.
-
რისკ-ჯგუფების (ნარკომანები, არატრადიციული სქესობრივი ორიენტაციის მქონე პირები, სექს-მუშაკი ქალები) ხშირი სკრინინგი,რათა დროულედ მოხდეს აივ დადებითი შემთხვევების გამოვლენა.
-
სადიაგნოსტიკო, სამკურნალო აპარატურისა და საინექციო საშუალებების სრულყოფილი სტერილიზაციის უზრუნველყოფა,
-
“უსაფრთხო სისხლის პროგრამის” გამართული მუშაობა, რათა არ მოხდეს სამედიცინო ოპერაციებისა თუ მშობიარობის დროს არაინფიფირებულთა ინფიცირება.
2011 წლის 8-10 ივნისს, ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების 64-ე გენერალურმა ასაბლეამ მიიღო 2011-2015 წლებში აივ/შიდსთან ბრძოლის გლობალური სტრატეგია. აივ/შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეები მოეწყობა თემაზე: ,,ნულოვანი ზღვრის მიღწევა: ნული აივ ინფექციის ახალ შემთხვევებს, ნული დისკრიმინაციას, ნული შიდსით გამოწვულ სიკვდილობას".