ადამიანებს, რომლებიც დღეში 2-3 ჭიქა ყავას სვამენ, 15%-ით ნაკლებად უვითარდებათ დეპრესია ყავის იშვიათ მომხმარებლებთან შედარებით, აცხადებენ ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის სპეციალისტები.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კვლევის შედეგები პირდაპირ არ ამტკიცებს კოფეინის ანტრიდეპრესანტულ ეფექტს, თუმცა ავლენს კავშირს დოზირებასა და ადამიანის რეაქციას შორის. სტატისტიკური ანალიზის მიხედვით, სწორედ ყავის ყველაზე დიდი რაოდენობით მომხმარებლებს აღენიშნებათ ფსიქიკური დარღვევების უფრო მცირე ხარისხი.
ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარდნენ კოფეინის 550 მგ-ის ან მეტი რაოდენობის შემცველ სასმელს (დაახლოებით, ოთხი ფინჯანი ან მეტი), აღენიშნებოდათ დეპრესიის განვითარების 20%-ით ნაკლები რისკი იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც ყავას ან იშვიათად სვამდნენ ან არ სვამდნენ საერთოდ. აღნიშნული დასკვნები გააკეთეს მაიკლ ლუკასმა და მისმა კოლეგებმა, რომლებიც 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 50000-ზე მეტ ჯანმრთელ ქალს, რომელთა საშუალო ასაკი 63 წელს შეადგენდა.
მეცნიერები კითხვარების საშუალებით არკვევდნენ მოხმარებული ყავის რაოდენობას და შემდეგ აფიქსირებდნენ დეპრესიის ახალი შემთხვევების რიცხვს. სწორედ ასე გამოვლინდა უკუკავშირი – რაც მეტია კოფეინიანი ყავა, მით დაბალია დეპრესიის რისკი.