ცნობილია, რომ სიმსუქნე იწვევს დაავადებების განვითარების რისკის მატებას. ახალი კვლევის მიხედვით, მსუქან ადამიანებს აღენიშნებათ ღვიძლის დაავადებებისა და ციროზის პროგრესირების პროცესის დაჩქარება. ექიმთა თქმით, ამ პაციენტებისთვის წონის დაკლებას დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს დაავადების სიმძიმეზე.
მკვლევარებმა აშშ-დან და ევროპიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ NIH-დაფინანსებულ მულტიცენტრულ კვლევაში, დაადგინეს, რომ სხეულის მასის ინდექსის (სმი) მატება წარმოადგენს კლინიკური დეკომპენსაციის დამოუკიდებელ პრედიქტორს კომპენსირებული ციროზის მქონე პაციენტებისთვის და არ არის დამოკიდებული პორტალურ წნევასა და ღვიძლის ფუნქციებზე. შედეგებმა აჩვენა, რომ სიმსუქნე აჩქარებს ციროზის პროგრესირებას და ზომების მიღება სმი-ის შემცირებისთვის გააუმჯობესებს ღვიძლის პროგრესირებადი დაავადების მქონე პაციენტების პროგნოზს.
სიმსუქნე გლობალური ეპიდემიაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) 2008 წლის ანგარიშის მიხედვით, 20 წლისა და მეტი ასაკის 1,5 მილიარდი მოსახლეობა ჯარბწონიანია, ხოლო სიმსუქნის მაჩვენებელი გაორმაგდა 1980 წელთან შედარებით. ჭარბწონიან პოპულაციაში 200 მლნ-ზე მეტი მამაკაცია და დაახლოებით 300 მლნ – ქალი. წინა კვლევების მიხედვით, სიმსუქნე აღიარებული იყო ღვიძლის ქრონიკული დაავადებების ხშირ მიზეზად, რომელიც ხელს უწყობდა დაავადების პროგრესირებას ციროზის განვითარებით. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ღვიძლის ციროზის შემთხვევათა 17% თანხლებულია ჟარბი წონით. კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტებში გადარჩენის მაჩვენებელი უფრო ნაკლებია სიმსუქნესთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებებით განვითარებული ციროზის შემთხვევაში, ვიდრე ვირუსული წარმოშობის ციროზის დროს.
კვლევაში მონაწილეობდა კომპენსირებული ციროზის მქონე 161 პაციენტი, რომლებიც მოზიდული იყვნენ ვენების ვარიკოზული დაავადების პროფილაქტიკისთვის ბეტაბლოკერების გამოყენების კლინიკური კვლევიდან. მკვლევართა გუნდი მონაწილეებს კლინიკურ დეკომპენსაციამდე (ასციტის, ვარიკოზული ჰემორაგიის ან ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარება) აკვირდებოდა. უკეთდებოდათ შესაბამისი ტესტები.
სმი-ის ანალიზმა აჩვენა, რომ მონაწილეთა 29% იყო ნორმალურ წონის ფარგლებში, 40% - წარბწონიანი, ხოლო 30% -მსუქანი. დაკვირვება 59 თვე გრძელდებოდა. კლინიკური დეკომპენსაცია პაციენტების 30%-ს აღენიშნა. ციროზის დეკომპენსაციის შემთხვევა უფრო მეტი იყო პაციენტებში სმი-ის მაღალი მაჩვენებლებით – ჭარბწონიანების 31% და მსუქანი პაციენტების 43%, ვიდრე პაციენტებში ნორმალური წონით – 15%. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ კლინიკური დეკომპენსაციის განვითარების ალბათობა მნიშვნელოვნად მაღალია სმი-ის პათოლოგიური მაჩვენებლების შემთხვევაში.
მკვლევართა თქმით, ჭარბწონიანი და მსუქანი ავადმყოფები იმყოფებიან ციროზის პროგრესირების ძალიან მაღალი რისკის ქვეშ. წონის დაკლება გააუმჯობესებს მაღალი რისკის მქონე პოპულაციის გადარჩენის შანსს.
http://www.elements4health.com
2011.07.29