„კოკა–კოლის“ წარმოებისას გამოყენებული ხელოვნური კარამელი ფილტვების, ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის კიბოსა და ლეიკემიას იწვევს. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Daily Mail–ი ავრცელებს. გაზეთის ინფორმაციით, „კოკა–კოლა“ მომხმარებელს ატყუებს, როცა აცხადებს, რომ სასმელი „კარამელითაა“ შეფერილი. სინამდვილეში კი ეს საღებავები კანცეროგენების ნაერთია და მას „კარამელთან“ საერთო არაფერი აქვს.
იგი ამიაკის, სულფიტებისა და შაქრისაგან რთული ქიმიური რეაქციის შემდეგ მიიღება და ადამიანის ჯანმრთელობისათვის ძალიან სახიფათოა. ამასთან, აღნიშნული საღებავი საშიში კონცენტრაციით „კოკა–კოლას“ 5 სხვადასხვა პროდუქტში იქნა აღმოჩენილი. კომპანიის წარმომადგენლები ამ ბრალდებას არ პასუხობენ. ასევე განმარტებას არ აკეთებენ იმაზე, თუ რატომ არ ამბობენ უარს ამიაკიან საღებავზე და რატომ არ სურთ მისი უვნებელი საღებავით ჩანაცვლება. როგორც ექსპერტები განმარტავენ, ამერიკელი მეწარმეები სულ 4 სახის ხელოვნურ კარამელს იყენებენ. აქედან 2–ის დამზადებისას ამიაკი გამოიყენება. სწორედ ამ 2 სახის კარამელის აკრძალვას ითხოვენ წამყვანი ამერიკელი ონკოლოგები და აცხადებენ, რომ ეს ნივთიერებები “კოკა–კოლის“, ლუდისა და სოიოს სოუსის წარმოებაში გამოიყენება.
ამერიკელი მეცნიერების დასკვნებს ქართველი ექიმებიც ეთანხმებიან. დავით ტატიშვილის სახელობის სამეცნიერო ცენტრის ექიმი–დიეტოლოგის ასმათ კევლიშვილის განცხადებით, „კოკა–კოლა“, ისევე როგორც სხვა ხელოვნური სასმელები, არაორგანული, ქიმიური ინგრედიენტებით მზადდება. ადამიანის ღვიძლს კი არაორგანული პროდუქტების გადამუშავება და გაფილტვრა არ შეუძლია. ეს კი უამრავი მძიმე დაავადების პროვოცირებას იწვევს. მაგრამ, მისივე თქმით, საზოგადოებაში ამ მიმართულებით იმდენად დაბალი ცნობიერებაა, რომ ექიმებისა და მეცნიერების ხმამაღალი დასკვნები საკმარისი არაა იმისათვის, რომ „კოკა–კოლას“ მასშტაბურ რეკლამას აჯობოს. ამიტომ სახელმწიფომაც უნდა შეიმუშაოს ისეთი პოლიტიკა, რომ ამ სასმელების მოხმარება მოზარდებში მაინც კონტროლირებადი გახადოს.
http://commersant.ge
2011.04.13