რამდენად მავნეა ენერგეტიკული სასმელები ადამიანის ჯანმრთელობისთვის? პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემამ Pediatrics–მა ენერგეტიკული სასმელების მავნებლობაზე მასალა გამოაქვეყნა, რომლის ავტორები ენერგეტიკულ სასმელებზე ასაკობრივი შეზღუდვების დაწესებას ითხოვენ.
სტატიის ერთ-ერთი ავტორის, მაიამის უნივერსიტეტის პროფესორის სტივენ ლიპშულცის განმარტებით, აუცილებელია „ენერგეტიკებზე“ ბავშვების და მოზარდების წვდომა ისევე შეიზღუდოს, როგორც თამბაქოსა და ალკოჰოლზეა შეზღუდული.
სტატიის ავტორების განმარტებით, „ენერგეტიკების“ მოზარდებზე ზემოქმედება ბოლომდე შესწავლილი არაა, თუმცა ცნობილია, რომ ზოგიერთი მათგანი რამდენჯერმე მეტ კოფეინს შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი კოფეინშემცველი გაზიანი სასმელები.
ამასთან, „ენერგეტიკები“ შეიცავს კომპონენტებს, რომლების აძლიერებს კოფეინის მოქმედებას ნერვულ სისტემაზე და იწვევს ისეთ უარყოფით ეფექტებს, როგორიცაა ღებინება და დიარეა.
კოფეინით პერედოზირება, თავის მხრივ, იწვევს სისხლის წნევის მატებას, გახშირებულ გულისცემას, გაღიზიანებას. ასევე ჰალუცინაციებს, კრუჩხვას, ტკივილს გულის არეში. თუმცა ენერგეტიკული სასმელებისგან სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა.
ამერიკელი ექიმების მოსაზრებას ქართველი პედიატრები სრულად იზიარებენ. როგორც პედიატრმა ქეთი ნემსაძემ განაცხადა, „ენერგეტიკებზე“ ასაკობრივი შეზღუდვა აუცილებლად უნდა დაწესდეს.
მისი თქმით, ექიმების ჯგუფმა ამ საკითხის პარლამენტის წინაშე დაყენებაც გადაწყვიტა, თუმცა კომერციული პრესი იმდენად მაღალი იყო, რომ პრობლემის წინაშე პრაქტიკულად მარტო აღმოჩნდა.
მისი თქმით, პირველ რიგში „ენერგეტიკების“ ისეთი აგრესიული რეკლამა უნდა აიკრძალოს, რაც დღეს ჩვენს ტელესივრცეში ხდება, შემდეგ კი გაყიდვებზე ასაკობრივი შეზღუდვები დაწესდეს.
ქეთი ნემსაძის განმარტებით, უკვე მთელი მსოფლიო მიდის იქამდე, რომ „ენერგეტიკებს“ მოზარდის ორგანიზმზე უფრო მეტი ზიანის მოხდენა შეუძლია, ვიდრე სიკეთის. მით უმეტეს, რომ მოზარდები ამ სასმელებს ხშირად ალკოჰოლთან ერთად იყენებენ, რაც მის უარყოფით ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს.
ინფორმაციისთვის: ენერგეტიკული სასმელები პირველად დაახლოებით 20 წლის წინ გამოჩნდა და მას შემდეგ მისი გაყიდვები მუდმივად იზრდება: 2011 წლისთვის აშშ–ში 9 მილიარდი დოლარის ენერგეტიკული სასმელების რეალიზაციას ელოდებიან.
ამასთან, „ენერგეტიკების“ ხანგრძლივი მოხმარების რისკების შესახებ სრულფასოვანი და მასშტაბური კვლევა დღემდე არ ჩატარებულა.
http://commersant.ge
2011.04.06