British Medical Journal-ის 2010 წლის დეკემბრის გამოცემაში ბრიტანელი ავტორების მიერ გამოქვეყნებულ იქნა ინფორმაცია, რომ ექსკლუზიური ძუძუთი კვება 6 თვის ასაკამდე ზრდის ანემიის, ცელიაკიის, საკვებისმიერი ალერგიის რისკს და ჯანმო-ს გაიდლაინები ძუძუთი კვების ვადებთან დაკავშირებით გადახედვას საჭიროებს.
ამერიკის ძუძუთი კვების აკადემიის განცხადებით, (January 20, 2011) აღნიშნული ინფორმაცია არ ეფუძნება სარწმუნო კვლევის შედეგებს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 6 თვის ასაკამდე ექსკლუზიური ძუძუთი კვების უდავო სარგებელს. ამერიკის ძუძუთი კვების აკადემია, ექიმთა გლობალური ორგანიზაცია, მხარს უჭერს ჯანმო-ს 2001 წლის რეკომენდაციას 6 თვის განმავლობაში ჩვილ ბავშვთა ექსკლუზიური ძუძუთი კვების შესახებ და ხაზს უსვამს მის სარგებელს როგორც ბავშის, ასევე დედისათვის.
კაროლინას ძუძუთი კვების გლობალური ინსტიტუტის პროფესორის, მირიამ ლებოკის განცხადებით, ბრიტანელი ავტორები არაზუსტად გადმოსცემენ ძუძუთი კვების შესახებ თანამედროვე ეტაპზე ხელმისაწვდომ ინფორმაციას. ზემოთ აღნიშნული ინსტიტუტის მონაცემებით, ანემია მნიშვნელოვნად შეიძლება შემცირდეს დაბადებისას ჭიპლარის გადაკვანძვის დაგვიანებით. საკვებისმიერ ალერგიასთან დაკავშირებით არსებული კვლევები კი ადასტურებს ძუძუთი კვების დადებით ეფექტს ალერგიული დაავადებების შემცირებაზე.
ძუძუთი კვების აკადემიის მიერ მომზადებული გაიდლაინები ძუძუთი კვების თაობაზე განთავსებულია ჯანდაცვის კვლევისა და ხარისხის სააგენტოს ვებ გვერდზე: National Guidelines Clearinghouse, რომელიც ფაქტებზე-დაფუძნებული გაიდლაინების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო წყაროს წარმოადგენს და ასევე რეკომენდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
თავისი პოზიცია ასევე გამოხატულ იქნა Surgeon General-ის მიერ: US Call to Action, სადაც რამოდენიმეჯერ არის ხაზგასმული ექსკლუზიური ძუძუთი კვების მნიშვნელობა და ასევე მოყვანილია ფაქტები თუ რამდენად ამცირებს დანახარჯებს 6 თვის ასაკამდე ბავშვის ექსკლუზიური ძუძუთი კვება (www.surgeongeneral.gov/topics/breastfeeding/factsheet.html).
პროფ. ქეთევან ნემსაძე
2011.01.21