“მაკდონალდსის” შემდეგ გავლენიანი გამოცემის “დეილი მეილის” ყურადღების ცენტრში ჰიგიენური საშუალებების მწარმოებელი კომპანიები ხვდებიან. გამოცემის მომზადებული მასალიდან ირკვევა, რომ ევროკავშირის მეცნიერთა კომიტეტმა მსოფლიოში და საქართველოშიც ერთ-ერთ პოპულარულ კბილის პასტა „ქოლგეითში“ მავნე ნივთიერების შემცველობის შესახებ საგანგაშო გაფრთხილება გაავრცელა.
მათი თქმით, ნივთიერება ტრიკლოზანი, რომელსაც შეიცავს კბილის პასტა, ორგანიზმს ანტიბიოტიკის მიმართ შეუვალს ხდის. პარალელურად ამერიკის შეერთებული შტატების სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაცია შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ტრიკლოზანი შესაძლოა ჰორმონალური დარღვევების გამომწვევი იყოს.
ტრიკლოზანის შემცველი კბილის პასტები შემდგომი გამოკვლევისთვის ლაბორატორიებშია გადაგზავნილი. თავად “ქოლგეით-პალმოლივში” აცხადებენ, რომ პრეპარატის დადებითი ეფექტი აღემატება შესაძლო რისკს. ინფორმაციისთვის: ტრიკლოზანი უკვე ამოღებულია კბილის პასტებიდან „აქუაფრეში“, „სენსოდინი“ და „კორსოდილი“.
გაზეთ Financial-ის გამოკითხვით, „ქოლგეითი“ საქართველოში ყველაზე მოხმარებადი კბილის პასტაა.
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის განცხადებით, „ქოლგეითის“ მწარმოებლებმა ტრიკლოზანზე სამეცნიერო კვლევა კიდევ ერთხელ უნდა ჩაატარონ. მათი თქმით, ასეთი კვლევები კომპანიას მის პროდუქციაში შემავალ ყველა ქიმიურ ნივთიერებაზე, მათ შორის ტრიკლოზანზეც აქვს ჩატარებული. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი პროდუქციის წარმოების შესახებ თანხმობას ვერ მიიღებდა. ამის მიუხედავად, როცა ჩნდება ეჭვი, რომ ფართო მოხმარების კბილის პასტაში შემავალი ესა თუ ის ნივთიერება შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს წარმოადგენდეს, კომპანიამ დამატებითი კვლევა უნდა ჩაატაროს.
„დეილი მეილის“ სტატია „ქოლგეითის“ ანტირეკლამაა და იგი სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ საქართველოში „ქოლგეით–პალმოლივის“ ექსკლუზიურ დისტრიბუტორ კომპანია „ჯი თი სი აიში“ აცხადებენ. მათი თქმით, „ქოლგეითი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის და ამასთან პოპულარული კბილის პასტაა.
http://commersant.ge
2010.10.20