სამხრეთ აფრიკაში იწყება აივ-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ფართომასშტაბიანი კვლევა, აცხადებენ მკვლევარები.
3000, სექსუალურად აქტიურ, აივ-უარყოფით ქალს და მამაკაცს ჩაუტარებენ იმუნიზაციას 4 წლის განმავლობაში. მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი, აშშ ექსპერტების ხელმძღვანელობით განახორციელებს კვლევის მონიტორინგს. ვაქცინა შექმნილია კომპანია მერკის მიერ.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კვლევის შედეგად დადგინდება ის, თუ როგორ მოქმედებს ვაქცინა ჰეტეროსექსუალურ მოსახლეობაში და იქნება თუ არა ის ეფექტური ქალებში. საკვლევმა ვაქცინამ უკვე გაიარა შემოწმება უსაფრთხოებაზე ამერიკაში, აფრიკაში და ავსტრალიაში. იგი არ შეიცავს ცოცხალ აივ-ვირუსს, ამიტომ ვერ გამოიწვევს ვირუსით ინფიცირებას, თუმცა შეიცავს სამი აივ-გენის ასლს. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ამ სამი გენის მოხვედრის შემდეგ, ორგანიზმში განვითარდება იმუნური პასუხი და მოხდება აივ-ვირუსის შემცველი უჯრედების ამოცნობა და განადგურება.
კვლევა ასევე მიზნად ისახავს იმის დადგენას, შესწევს თუ არა აივ-ვირუსის B შტამისშემცველ ვაქცინას პოტენციური უნარი იმისა, რომ დაიცვას ორგანიზმი C შტამის ვირუსისაგან, რომელიც წარმოადგენს სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული აივ-ვირუსის ქვეტიპს. კვლევაში მონაწილეობენ 18-35 წლის ასაკის ადამიანები, ორსულები მონაწილეობას არ მიიღებენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი უზრუნველყოფს დადებით შედეგებს, დამატებითი კვლევები ჩატარდება ვაქცინის საბოლოო ლიცენზირებამდე.
როგორც დიდი ბრიტანეთის შიდსის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, დებორა ჯეკმა განაცხადა, აივ-ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე მატულობს, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია ეფექტური გზების მონახვა რაც შეიძლება მოკლე დროში. უსაფრთხო, ეფექტური და ხელმისაწვდომი ვაქცინის შექმნა უდიდეს გავლენას იქონიებს აივ-ინფიცირებულთა რიცხვის შემცირებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
“ვაქცინის შექმნა ხანგრძლივი და რთული პროცესია და ჩვენ მივესალმებით ახალი კვლევის ჩატარებას სამხრეთ აფრიკაში, რადგან ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება საბოლოო მიზნის მისაღწევად - შეწყდეს ვირუსის გავრცელება მსოფლიოში” - ამბობს დებორა ჯეკი.
http://news.bbc.co.uk
2007.02.14