სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მიკრობიციდული ვაგინალური გელი ორჯერ ამცირებს პარტნიორისაგან ქალის აივ-ინფექციით დაინფიცირების რისკს.
ახალი გელი შეიცავს შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტს ტენოფოვირს. თუ ხანგრძლივი ტესტირების ჩატარებით კვლევის შედეგები დადასტურდება, ეს დაეხმარება იმ ქალებს, რომელთა პარტნიორებიც უარს ამბობენ პრეზერვატივის გამოყენებაზე.
აივ-ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში გარღვევის აუცილებლობა კარგა ხანია დადგა. ეს ეხება განსაკუთრებით აფრიკას, საჰარის უდაბნოს სამხრეთ ნაწილს, სადაც აივ-ინფიცირებულების უმეტესობა (60%-ზე მეტი) ქალია.
უამრავი ქალი ამ ქვეყნებში იძულებულია სექსი იქონიოს პრეზერვატივის გარეშე და ამის გამო უფრო მეტად იმყოფებიან დაინფიცირების რისკის ქვეშ. ამრიგად, ახალი გელი შეიძლება გახდეს მათთვის დაცვის ერთადერთი საშუალება.
გაეროს შიდსთან ბრძოლის სააგენტო მიესალმება კვლევის შედეგებს და აგვისტოში გეგმავს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სპეციალისტების მონაწილეობით კონსულტაციების ჩატარებას, სადაც იმსჯელებენ მედიკამენტის დანერგვის მიზნით შემდგომი ქმედებების განხორცილების შესახებ.
იმ კვლევის შედეგები, რომელიც შიდსის კვლევების პროგრამის ფარგლებში სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სამხრეთ აფრიკაში (Caprisa), წარმოდგენილი იქნა ვენაში, შიდსისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე.
გელმა, რომელიც გამოიყენებოდა ერთჯერადად 18-40 წლის ქალების მიერ, სქესობრივ აქტამდე 12 საათით ადრე და 12 საათის შემდეგ, დაამტკიცა თავისი უსაფრთხოება და ეფექტურობა.
”ჩვენ პირველად ვაკვირდებით, როგორ იძლევა მიკრობიციდი დადებით შედეგს. იგი შეიძლება შეფასდეს, როგორც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი”, - აღნიშნა ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორმა, დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ.
მკვლევარების სიტყვებით, ქალებში, რომლებიც იყენებდნენ გელს, მცირდებოდა ჰერპესით დაინფიცირების რისკი. ეს გავრცელებულ ინფექცია, რომელიც სქესობრივი გზით გადაეცემა, თავის მხრივ, ზრდის აივ-ით დაინფიცირების ალბათობას.
გაეროს შიდსთან ბრძოლის სააგენტოს (UNAids) აღმსრულებელი დირექტორის მიშელ სიდიბეს აზრით, 20-წლიან კვლევებს უქმად არ ჩაუვლია და ქალებს უკვე გააჩნიათ იარაღი ამ დაავადების წინააღმდეგ დამოუკიდებლად საბრძოლველად.
“ჩვენ ქალებს მივეცით იარაღი. ისინი პირველად შეძლებენ დამოუკიდებლად დაიწყონ შიდსის პროფილაქტიკა”, - განაცხადა მიშელ სიდიბემ.
ახალ გამოგონებას მაღალი შეფასება მისცა ასევე ჯანდაცვის მსოფლიო რგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა დოქტორმა მარგარეტ ჩანმა. ”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კვლევის შედეგები დადასტურდება და როდესაც წამლის ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცდება, ჯანმო შეუდგება მუშაობას თავის პარტნიორებთან, რათა დაჩქარდეს ამ მედიკამენტების ხელმისაწვდომობა”, - განაცხადა მან.
http://Bbc.co.uk
2010.07.21