|
|
|
|
აღმოჩენილია აივ-ინფექციის უნივერსალური ანტისხეულები
|
ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს და აღწერეს ანტისხეულები, რომლებიც ახდენენ ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის ყველაზე გავრცელებული ვარიანტის (HIV-1) შტამების 90%-ზე მეტის ნეიტრალიზაციას. კვლევის შედეგები მოცემულია ჟურნალ “Science”-ის ორ სტატიაში.
ერთ-ერთი კვლევა შესრულებული იყო ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) თანამშრომლების მიერ დოქტორ ჯონ მასკოლას (John Mascola) ხელმძღვანელობით. მეცნიერებმა შეიმუშავეს აივ-ვირუსის აღმოჩენის საკუთარი ტექნოლოგია, რომელიც ემყარება ვირუსის ზედაპირული გლიკოპროტეინის - gp120-ის, მოდიფიცირებული ვერსიის გამოყენებას.
ვირუსის გარსის მოდიფიცირებული ფრაგმენტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ აივ-ვირუსის ამჟამად ცნობილი ანტისხეულების უმრავლესობა ვერ ახერხებს მასთან შეკავშირებას. ეს ფრაგმენტი წარმოადგენს ვირუსის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ სტრუქტურას და პრაქტიკულად იდენტურია აივ-ვირუსის სახესხვაობების დიდი უმრავლესობისთვის. ამავე დროს, gp120 თამაშობს წამყვან როლს იმუნოდეფიციტური ვირუსის ადამიანის იმუნური სისტემის უჯრედებში შეღწევისთვის. ვირუსის გარსის ამ მონაკვეთის ბლოკირებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი გამრავლების შეწყვეტა ავადმყოფის ორგანიზმში.
ვირუსის მოდიფიცირებული ფრაგმენტის “სატყუარად” გამოყენებით მეცნიერებმა შეძლეს აივ-ინფექციის მიმართ მდგრადი პაციენტის სისხლიდან B ლიმფოციტების გამოყოფა, რომლებიც ახდენენ ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულების პროდუცირებას.
მიღებული B ლიმფოციტების საფუძველზე შეიქმნა ჰიბრიდული უჯრედების კულტურები, რომელიც გამოიმუშავებს იმუნოდეფიციტურ ვირუსის ძლიერი შემბოჭველი უნარის მქონე ანტისხეულების რამდენიმე ტიპს. მოქმედების განსაკუთრებული ფართო სპექტრით გამოირჩევა ანტისხეულები, სახელწოდებით VRC01 და VRC02. ლაბორატორიულ ექსპერიმენტში ისინი თრგუნავდნენ HIV-1 შტამების 90%-ზე მეტის გამრავლებას.
NIAID-ის მეცნიერთა მეორე ჯგუფმა გამოავლინა VRC01 ანტისხეულის იმუნოდეფიციტურ ვირუსთან შეკავშირების მექანიზმი და შექმნეს ამ კავშირის შედეგად მიღებული ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსის სამგანზომილებიანი სტრუქტურა.
მეცნიერთა ორი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი აივ-ინფექციის ნეიტრალიზაციის მოლეკულური მექანიზმი ხელს შეუწყობს აივ-ინფექციის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინის და ასევე, ვირუსით გამოწვეული დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის ახალი მედიკამენტების შემუშავებას.
http://www.physorg.com
2010.07.12
|
|
|
|
|
|