კვლევის შედეგების მიხედვით, “წამლების კოქტეილის” ფართოდ გამოყენება შიდსის პანდემიის კონტროლის საშუალებას იძლევა. მეცნიერთა თქმით, მკურნალობის ქვეშ მყოფი აივ-პაციენტებისაგან პარტნიორების დაინფიცირების რისკი ძალზედ მცირეა.
ჟურნალ “Lancet”-ში გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, “წამლების კოქტეილის” გამოყენება, სავარაუდოდ, 92%-ით ამცირებს ინფექციის გადაცემის რისკს. მეცნიერთა თქმით, “წამლების კოქტეილად” წოდებული ანტირეტროვირალური თერაპია, ანუ ART, ისეთივე სასარგებლო პროფილაქტიკური საშუალებაა, როგორიც სამკურნალო.
“შედეგებმა მაღალი დამაჯერებლობით აჩვენა ART-ის გავლენა აივ-გადაცემის რისკის შემცირებაზე”, ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი, კვლევის ხელმძღვანელი დოქტორი კონი ცელუმი (Connie Celum).
მეცნიერებმა გააანალიზეს 3400 წყვილის მონაცემები აფრიკის შვიდი ქვეყნიდან. თითოეულ წყვილში ერთი პარტნიორი აივ-პოზიტიური იყო.
ყველა წყვილს გააცნეს აივ-პრევენციის მეთოდიკა და ნაწილს შესთავაზეს აღნიშნული კურსის ჩატარება. 349 აივ-ინფიცირებულმა დაიწყო მედიკამენტების მიღება. კვლევის პროცესში 103 ადამიანი დაინფიცირდა და მათ შორის მხოლოდ ერთი იყო ისეთი, რომელიც დაინფიცირდა მედიკამენტოზური მკურნალობის ქვეშ მყოფი პარტნიორისაგან.
დოქტორი დებორა დონელის (Deborah Donnell ) თქმით, წამალი სისხლში აივ-ვირუსის შემცველობას ძალზედ დაბალ დონემდე აქვეითებს, რაც ამცირებს ინფექციის გადაცემის რისკს. სისხლში ვირუსის შემცველობის ძალზედ დაქვეითება აღინიშნა წამლების ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთა 70%-ში.
ამჟამად მიმდინარეობს რანდომიზებული კვლევა, რომელიც გაარკვევს მიღებული ეფექტის ხანგრძლივობას.
ჩატარებული კვლევა იძლევა მყარ არგუმენტს აივ-მკურნალობის ადრეული დაწყებისათვის. მკვლევართა თქმით, სარგებლის მომტანია წყვილებში მკურნალობის მოგვიანებით დაწყებაც კი.
გლობალურად აივ-ვირუსით დაინფიცირებულია 33 მლნ ადამიანი, გარდაცვლილია - 25 მლნ, მას შემდეგ, რაც დაიწყო პანდემია 1980 წლიდან. დღემდე ეს დაავადება განუკურნებელია და არ არის შემუშავებული მისი ვაქცინა, თუმცა წამლებით შესაძლებელია პაციენტის ჯანმრთელობის მგომარეობის სტაბილიზაცია.
ამჟამად არსებობს 20-მდე წამალი, რომლის სხვადასხვა კომბინაციებით ხდება აივ-ინფექციის კონტროლი, თუმცა ვირუსის მუტაცია მუდმივად მოითხოვს სათანადო რეჟიმის შერჩევას კონტროლის შენარჩუნების მიზნით.
http://www.reuters.com
2010.05.28