ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის გამრავლებას. რეიმონდ ვაინშტეინის (Raymond Weinstein) ხელმძღვანელობით წარმოებული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში “BMC Immunology”.
მეცნიერები აფასებდნენ იმუნოდეფიციტური ვირუსის რეპლიკაციის უნარს აივ -ინფიცირებული პაციენტების ლეიკოციტებში. მათ ნებაყოფლობით, წინასწარ, კვლევამდე 3-6 თვით ადრე, ყვავილის საწინააღმდეგოდ აცრილ პაციენტებში გამოვლენილი ვირუსის რეპლიკაციის სიჩქარე შეადარეს იგივე მაჩვენებელს იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ღნიშნული აცრა არ ჩაუტარდათ.
აივ-ვირუსი უკავშირდება რა უჯრედის ერთ-ერთ ზედაპირულ ცილას (CCR5 ან CXCR4), აღწევს ლეიკოციტებში. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ აცრილების სისხლში CCR5-რეცეპტორთან დაკავშირებული აივ-ვირუსის რეპლიკაციის სიჩქარე ხუთჯერ შემცირდა. მეორე რეცეპტორთან დაკავშირებული ვირუსის შემთხვევაში ასეთი დამოკიდებულება არ გამოვლინდა.
ვაინშტეინის ვარაუდით, ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია თრგუნავს იმ გენების ექსპრესიას, რომელიც ახდენს CCR5 ცილა-რეცეპტორის კოდირებას. ამ რეცეპტორების არარსებობა ეწინააღმდეგება როგორც ყვავილის, ისე იმუნოდეფიციტური ვირუსის შეღწევას ლეიკოციტებში.
ავტორი აღნიშნავს, რომ უმრავლეს შემთხვევაში პირველადი აივ-ინფექციის გამოწვევა ხდება აივ-ვირუსის CCR5-თან შეკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია თანდათან იქნა ამოღებული 1950-1970 წლებში, ყვავილის მსოფლიო მასშტაბით აღმოფხვრასთან დაკავშირებით და დაახლოებით იგივე პერიოდში მოხდა აივ-ინფექციის მძლავრი გავრცელებაც.
http://www.physorg.com
2010.05.21