ამერიკელი მკვლევარების თქმით, მათ მოახერხეს უფრო მეტად ჩაწვდომოდნენ აივ-ინფექციის წინააღმდეგ ზოგ ადამიანში არსებული ბუნებრივი დაცვის არსს.
მათი აზრით, ამ ადამიანებში, რომლებსაც აღენიშნებათ დაინფიცირების შემთხვევაში შიდსის განვითარების ძალზედ ნელი პროგრესირება, სისხლის თეთრი უჯრედები უკეთესად ებრძვიან ვირუსს.
კვლევის შედეგები, რომელიც გამოქვეყნებულია ჟურნალში “Nature”, დაეხმარება საერთაშორისო ძალისხმევას, შეიმუშავოს შიდსის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა, თუმცა მეცნიერთა ვარაუდით, ამას მაიც დაჭირდება სულ მცირე ერთი ათწლეული.
კვლევა ეხებოდა ე.წ. “ელიტარულ მაკონტროლებლებს” - ადამიანთა იმ მცირე ჯგუფს, რომლებსაც დაინფიცირების შემთხვევაში ან ძალიან ნელა ან საერთოდ არ უნვითარდებათ შიდსი.
გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს დადგინდა, რომ ეს ადამიანები – 200 აივ-ინფექციით დაინფიცირებულთაგან დაახლოებით ერთი – არიან სპეციფიკური გენის ე.წ. HLA B57-ის მატარებლები. ეს გენი იწვევს უფრო მეტი პოტენციური კილერის – T უჯრედების წარმოშობას, რაც განაპირობებს აივ-ვირუსის “კუთხეში მომწყვდევას”, მაგრამ ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ორგანიზმი უფრო მოწყვლადი ხდება აუტოიმუნური დაავადებებისადმი.
კვლევა ეყრდნობოდა იმუნური სისტემის სპეციალიზებულ ორგანოში – თიმუსში იმუნური უჯრედების განვითარების კომპიუტერულ მოდელირებას. კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია ეფექტური ვაქცინის შემუშავებისათვის, რომელიც მოახდენს აივ-ინფექციაზე “ბუნებრივი იმუნიტეტის” მქონე ინდივიდების მსგავსი იმუნური პასუხის პროვოცირებას.
http://news.bbc.co.uk
2010.05.07