ევროპა საქართველოსგან საკვები პროდუქტების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით წარმოებას მოითხოვს. ორ წელიწადში მაღალი რისკის შემცველი პროდუქტების მწარმოებელი ყველა კომპანიისთვის სავალდებულო გახდება წარმოების საბჭოური სტანდარტებიდან საერთაშორისოზე გადასვლა.
სურსათის უვნებლობის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტები არა მხოლოდ პროდუქტის, არამედ მასში შემავალი ცალკეული ინგრედიენტების კონტროლსაც გულისხმობს. შესაბამისად, კომპანია ვალდებული იქნება საწარმოში რამდენიმე ლაბორატორია ჰქონდეს. ინფორმაციისთვის: მაღალი რისკის შემცველად ხორცის და ხორცპროდუქტების, რძის და რძის პროდუქტების, ჩვილ ბავშვთა კვების და კონსერვების წარმოება ითვლება.
რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ახალი სტანდარტების ამოქმედებამ შესაძლოა პროდუქციის თვითღირებულება გააძვიროს. ამის შესახებ რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია „სამგორში“ აცხადებენ. მათი მტკიცებით, მეწარმეთა ნაწილისათვის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნები უცნობია. 2 წელი კი ამ სტანდარტების მოთხოვნების შესწავლისა და დანერგვისათვის მცირე დროა. „სამგორში“ აცხადებენ, რომ საქართველოში საწარმოების უმეტესობაში საბჭოური სტანდარტი მოქმედებს და ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა მარტივი არ იქნება.
http://www.commersant.ge
2010.03.26