მთავრობამ სურსათზე კონტროლი კიდევ ერთხელ გადაავადა, შესაბამისად, 2016 წლამდე იმის გაგება, თუ რას ვჭამთ, ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩება.
ევროპაში პროდუქციის კონტროლი არა მარტო მაღაზიებიდან და ბაზრებიდან აღებულ ნაწარმზე ხორციელდება, არამედ მას მაშინაც ამოწმებენ, როდესაც მისი მოყვანა ხდება. პროდუქცია ყველა ეტაპზე მოწმდება. ეს მითითებულია ევროდირექტივებში და ყველა ქვეყანა ვალდებულია ამ წესს დაემორჩილოს. ჩვენთან კი, სულ სხვა ვითარებაა და ისიც კი არ ვიცით, თუ რას მოვიხმართ.
შეგახსენებთ, რომ ”სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონში მთავრობამ სახელმწიფო კონტროლისა და ინსპექტირების მუხლები 2006 წელს გააჩერა. შესაბამისად, სურსათის ხარისხი იმ დროდან უკონტროლო იყო. ამის შემდეგ ამ მუხლების ამოქმედების ვადა ორჯერ გადავადდა.
ამჟამად სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს სურსათის მხოლოდ მონიტორინგი ევალება, რაც მხოლოდ სარეალიზაციო ქსელში გასაყიდად გამოტანილი პროდუქტების ნიმუშების შესყიდვასა და ლაბორატორიული კვლევის ჩატარებაში გამოიხატება.
ცნობილი იყო, რომ სურსათზე კონტროლი შესაბამის სამსახურს 2010 წლის პირველი იანვრიდან უნდა დაეწყო, თუმცა ექსპერტთა ერთი ნაწილი ამ ვარაუდს არ იზიარებდა და აცხადებდა, რომ ხარისხზე კონტროლს ვარდების ხელისუფლება კიდევ ერთხელ გადაავადებდა. ეჭვს ისიც აძლიერებდა, რომ მთავრობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის შეტანას აჭიანურებდა.
დღეს კი ირკვევა, რომ სურსათის უვნებლობის მაკონტროლებელი ღონისძიებების გატარების ვადები ისევ გადაიწია და ის ნაცვლად 2010 წლის პირველი იანვრისა, 2015 წლის 31 დეკემბრს ამოქმედდება. სურსათის უვნებლობაზე კონტროლის გატარების ვადების გადაწევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი უკვე მომზადებულია.
პროექტის მიხედვით, მავნე ორგანიზმებისგან მცენარეთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები 2009 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, 2015 წლის 31დეკემბრამდე განხორციელდება. კერძოდ, ეს ღონისძიებები მხოლოდ შესაბამისი პროდუქციის საქართველოში შემოტანისას გატარდება, თუ ცნობილია, რომ პროდუქციის მწარმოებელ ქვეყანაში არის მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაავადების ფაქტები. ასევე, ასეთი ღონისძიებები განხორციელდება ქვეყნის ტერიტორიაზე განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო ორგანიზმების გავრცელებისას და მეწარმის სათანადო მოთხოვნის საფუძველზე.
ამავე საკანონმდებლო პაკეტით ვეტერინარიის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვეტერინარული კონტროლი 2009 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად 2013 წლის 31 დეკემბრამდე მხოლოდ აგრარულ ბაზრებზე პროდუქციის საქართველოში შემოტანისას განხორციელდება. კერძოდ, ეს ღონისძიებები იმ შემთხვევაში გატარდება, თუ ცნობილია, რომ პროდუქციის მწარმოებელ ქვეყანაში გავრცელებულია ეპიდემიები; მაკონტროლებელი ზომები, ასევე, მიღებული იქნება გადაუმუშავებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქციის შემოწმების და მეწარმის სათანადო თხოვნის საფუძველზე.
ამჟამად, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს სურსათის მხოლოდ მონიტორინგი ევალება, რაც მხოლოდ სარეალიზაციო ქსელში გასაყიდად გამოტანილი პროდუქტების ნიმუშების შესყიდვასა და ლაბორატორიული კვლევის ჩატარებაში გამოიხატება. აღნიშნული სამსახურის საქმიანობა კი უახლოესი 6 წლის განმავლობაში ისევ უცვლელი დარჩება.
http://www.commersant.ge
2009.12.08