მსოფლიოში შიდსით სიკვდილიანობა 10%-ით შემცირდა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აუცილებელი პრეპარატების ხელმისაწვდომობის მატებასთან ერთად, ადამიანების შიდსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10%-ით შემცირდა.
ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში აივ-ვირუსის მატარებელია 33,4 მლნ ადამიანი. 2007 წელს ეს მაჩვენებელი იყო 33 მლნ-ის ტოლი.
გაეროს აივ/შიდსისა და ჯანმოს გაერთიანებული პროგრამის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 1996 წლიდან, როდიდანაც შესაძლებელი გახდა ეფექტური მკურნალობის ჩატარება, გადარჩენილია 2,9 მლნ ადამიანის სიცოცხლე.
ჯანმოს მტკიცებით, შიდსის სტატისტიკის პოზიტიური დინამიკა დაკავშირებულია არა მარტო მედიკამენტების ხელმისაწვდომობის მატებასთან, არამედ, ასევე, შიდსის პროფილაქტიკის ეფექტური პროგრამების შემუშავებასა და დანერგვასთან.
“ამჟამად საჭიროა ჩვენი ძალისხმევის გაორმაგება და გაცილებით მეტი ადამიანის გადარჩენა”, - ამბობს ჯანმოს გენერალური დირექტორი დოქტორი მარგარეტ ჩენი.
ჯანმოს მოხსენების მიხედვით, უკანასკნელი 8 წლის მანძილზე შიდსის ახალი შემთხვევების რიცხვი შემცირდა 17%-ით.
ექსპერტები სიტუაციის გაუმჯობესების გამომწვევ სხვა ფაქტორებს შორის აღნიშნავენ ანტირეტროვირალური პრეპარატების გამოყენებას, რომელიც ამცირებს დედიდან ბავშვზე ვირუსის გადაცემის რისკს.
http://www.bbc.co.uk
2009.11.25