დღეს პარლამენტის ანტიკრიზისულ საბჭოზე სამ მინისტრს - ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრებს ელოდებიან. მათთან სასაუბრო მთავარი თემა ქვეყანაში გენმოდიფიცირებული პროდუქციის კუთხით არსებული პრობლემებია. პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭო დღეს „საქართველოს გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების შესახებ“ კანონპროექტზეც იმსჯელებს. ეს კანონპროექტი დეპუტატმა გიორგი გოგუაძემ ჯერ კიდევ 2008 წელს წარადგინა. თუმცა, როგორც გაირკვა, ჯანდაცვის კომიტეტში რამდენიმე თვის წინ გამართული მოსმენების შემდეგ დოკუმენტის განხილვა აღარ მომხდარა. კანონპროექტი საქართველოში გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების შემოტანის აკრძალვას და უკვე მზა პროდუქტის მინიმუმ მარკირებას ითავლისწინებს.
ანტიკრიზისული საბჭოს წევრი ზურაბ ტყემალაძე საქართველოს მთავრობას, რომელიც გენმოდიფიცირებული პროდუქციის აკრძალვას ეწინააღმდეგება, ასეთი პროდუქციის ლობირებაში ადანაშაულებს. “გენმოდიფიცირებული პროდუქციის ქვეყანაში შემოტანას სერიოზული ლობისტები ჰყავს მთავრობაში. ამ საკითხს გენმოდიფიცირებული პროდუქტების მწარმოებელი ქვეყნებიც ლობირებენ, ეს ყველაფერი დიდ ფულთანაა დაკავშირებული"– აცხადებს ზურაბ ტყემალაძე რადიო “კომერსანტთან” საუბარში. ამ ბრალდებების კომენტირებისას მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი ამბობს, რომ მთავრობა გენმოდიფიცირებული პროდუქციის ლობირებას არ ახდენს. „ჩვენ ვლობირებთ მხოლოდ იმას, რომ ქვეყანა ეკონომიკურ იზოლაციაში არ მოექცეს და პროდუქციაზე ფასები არ გაძვირდეს. მთავრობამ დამატებითი დრო მოითხოვა, რომ ეს საკითხი ექსპერტებთან ერთად გავიაროთ და ოპტიმალურ ვარიანტზე შევჯერდეთ”–ამბობს ხუროშვილი.
http://www.commersant.ge
2009.10.29