ახალი კვლევის მიხედვით, კიბოს მქონე ავადმყოფებისთვის რადიოთერაპიის წინ წითელი ღვინის მცირე რაოდენობით მიღება სასარგებლოა.
კვლევა ჩატარდა ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ქალებზე და დადგინდა, რომ წითელი ღვინის მიღებით მცირდებოდა რადიოთერაპიის ტოქსიკური ეფექტი.
“ის ფაქტი, რომ სპეციფიკური დიეტური მეთოდით ან ჩარევით შესაძლებელია რადიაციით ინდუცირებული ტოქსიკური მოქმედების შემცირება ძალზედ დამაინტრიგებელია”, - აღნიშნავს იტალიელი მეცნიერი, დოქტორი გაბრიელა მაქია (Gabriella Macchia).
ცნობილია, რომ ზოგიერთი ღვინის კომპონენტი დაცვით უნარს ავლენს რადიაციის დამაზიანებელი ეფექტისადმი. ეს კომპონენტებია პოლიფენოლები და ტანინები.
ახალი კვლევის მიხედვით, დოქტორი მაქია და მისი კოლეგები აფასებდნენ დაცვითი ეფექტის დამოკიდებულებას წითელი ღვინის მიღებულ რაოდენობაზე ძუძუს კიბოთი დაავადებული 348 ქალის შემთხვევაში, რომლებიც გადიოდნენ პოსტოპერაციული რადიოთერაპიის კურსს.
კვლევის შედეგების მიხედვით, რადიაციით ინდუცირებული კანის ტოქსიკური დაზიანება დაფიქსირდა არამსმელების 38,4%-ში, ყოველდღიურად ნახევარი ჭიქა ღვინის მომხმარებლების 31,8%-ში, ერთი ჭიქა ღვინის მომხმარებლების 13,6%-ში და ორი ჭიქა ღვინის მომხმარებლების 35%-ში.
ყოველდღიურად ერთი ჭიქა ღვინის მომხმარებელ ქალებს აღენიშნათ რადიოთერაპიით კანის დაზიანების მნიშვნელოვნად დაბალი რისკი. მათი კანის დაზიანების რისკი დაახლოებით 75%-ით ნაკლებია არამსმელებთან შედარებით.
“თუ ღვინოს შეუძლია რადიაციით ინდუცირებული ტოქსიკური ზემოქმედების პრევენცია ანტისიმსივნურ ეფექტზე გავლენის გარეშე, მაშინ მას ასევე ექნება სიმსივნიან ავადმყოფებში თერაპიული სარგებელის გაზრდის პოტენციაც, სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის გარეშე”, - ამბობს დოქტორი მაქია. მისივე თქმით, ღვინის დაცვით ეფექტს, რომელიც გამოვლინდა ძუძუს კიბოს მქონე ქალების შემთხვევაში, ადგილი ექნება ასევე რადიოთერაპიული მკურნალობის ქვეშ მყოფი მამაკაცებისა და ქალების სხვა ტიპის სიმსივნეების შემთხვევაშიც.
Michelle Rizzo
http://www.reuters.com
2009.09.02