ამერიკელმა მეცნიერებმა პირველად აღწერეს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის რნმ-ის სამგანზომილებიანი სტრუქტურა. კევინ უიქსის ხელმძღვანელობით ჩრდილო-კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ წარმოებული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში “Nature”.
აივ-ვირუსის, ისევე როგორც სხვა რეტროვირუსების, გენეტიკური ინფორმაციის მატარებელს წარმოადგენს რნმ. ვირუსის ცილებში ამინომჟავების თანმიმდევრობის განმსაზღვრელი რნმ-ის ჯაჭვი ქმნის სამგანზომილებიან სტრუქტურას, რომლის სრულად აღწერას მეცნიერები აქამდე ვერ ახერხებდნენ.
კვლევის ავტორების აზრით, ვირუსის რნმ-ის მოცულობითი წარმონაქმნები მონაწილეობენ ცილების სინთეზის რეგულაციაში და ასევე, ხელს უწყობენ ვირუსის გამრავლებას ადამიანის უჯრედებში.
უიქსის ლაბორატორიის მიერ შემუშავებული რნმ-ის მაღალინფორმატიული ანალიზის ახალი მეთოდის გამოყენებით, მკვლევარებმა შეძლეს აივ-ვირუსის რნმ-ის ჯაჭვის მოცულობითი სტრუქტურის აღწერა, რომელიც მოიცავს 9,1 ათასზე მეტ ნუკლეოტიდს ანუ ვირუსის გენომის დაახლოებით 99%-ს. კვლევისთვის იყენებდნენ აივ-1 შტამს, რომელსაც გამოჰყოფდნენ პაციენტის ქსოვილებიდან.
უიქსის თქმით, გამოვლენილი მოცულობითი სტრუქტურების სიმტკიცე და სირთულე ვირუსის სასიცოცხლო ციკლში მისი მნიშვნელოვანი ფუნქციის დამადასტურებელია. მეცნიერი დარწმუნებულია, რომ აივ-ვირუსის რნმ-ის მოცულობითი სტრუქტურების ფუნქციის შემდგომი შესწავლა საფუძველი იქნება აივ-ინფექციის პროფილაქტიკისა და მკურნალობის ახალი ეფექტური მეთოდების შემუშავებისთვის.
http://www.sciencedaily.com
2009.08.06