მეცნიერებმა მოახდინეს იმ 20 გენის იდენტიფიკაცია, რომელიც მონაწილეობს ქოლესტერინის დონის რეგულაციაში. გარდა იმისა, რომ მკვლევარებს გაუჩნდათ ახალი იდეა თუ სად უნდა ეძებონ ქოლესტერინის ბალანსის შენარჩუნების მექანიზმის ახსნა, ახალი აღმოჩენა ხელს შეუწყობს ქოლესტერინთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდებისა და პრევენციული სტრატეგიების შემუშავებას.
სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე მთავარი რისკ-ფაქტორია ათეროსკლეროზისა და გულის იშემიური დაავადების განვითარებისთვის. ეს დაავადებები დღესდღეობით სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია განვითარებულ ქვეყნებში. ქოლესტერინი უჯრედის მნიშვნელოვანი შემადგენეელია: მისი საერთო რაოდენობის 90% უჯრედის შიგნითაა და არ იწვევს რაიმე ზიანს. სისხლის ქოლესტერინის დონის რეგულირება ნაწილობრივ ხდება უჯრედის მიერ მისი შთანთქმით.
მეცნიერებმა ადამიანის იზოლირებულ უჯრედს გამოაცალეს ქოლესტერინი და აკვირდებოდნენ გენომს ქოლესტერინის დონის ცვლილებებთან დაკავშირებით. უშუალოდ ქოლესტერინის რეგულაციასთან დაკავშირებული გენების გამოსავლენად, მკვლევარებმა გამოიყენეს რნმ-ინტერფერენციის ტექნოლოგია ცალკეული გენის ექსპრესიის დასათრგუნად. მიკროსკოპის ქვეშ მეცნიერები აკვირდებოდნენ სხვადასხვა გენის გამოთიშვის ეფექტს ქოლესტერინის შთანთქმასა და მის რაოდენობაზე უჯრედის შიგნით.
ქოლესტერინის დონის რეგულირებაში მონაწილე 20 გენიდან 12 ადრეც იყო ცნობილი, ხოლო დანარჩენი ცნობილი იყო ლიპიდურ მეტაბოლიზმთან კავშირის არსებობით, მათ შორის იყო ორი გენი, რომელთა მუტაცია იწვევდა გულის დაავადებებს და ამავე დროს, როგორც უკანასკნელი კვლევით გაირკვა, პირველ რიგში მონაწილეობდა უჯრედის მიერ ქოლესტერინის შთანთქმის პროცესში.
მეცნიერები ამჟამად ცდილობენ უფრო ზუსტად გაერკვნენ გენების საშუალებით უჯრედის შიგნით ქოლესტერინის დონის რეგულაციის მექანიზმში, ასევე, პაციენტებზე დაკვირვებით განსაზღვრონ ამ გენების ან მათი ცვლილებების, როგორც რისკ-ფაქტორების მნიშვნელობა და დაადგინონ მკურნალობის პროცესში მათი გამოყენების შესაძლებლობა.
http://www.elements4health.com
2009.07.15