ჰარვარდელმა მეცნიერებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს აივ-პოზიტიურ პაციენტთა ტუბერკულოზის მიკობაქტერიით დაინფიცირების შემთხვევაში ეფექტური მკურნალობის განვითარებისთვის. ჟურნალ “Journal of Leukocyte Biology”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერილია, თუ როგორ უშლის ხელს აივ-ინფექცია ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლას ფილტვების მიერ გამოყენებული მოლეკულური და უჯრედული მექანიზმებით.
ეს ინფორმაცია ძალზედ მნიშვნელოვანია მკვლევარებისთვის, რათა დაეხმარონ აივ-ვირუსის მატარებელ პაციენტებს თავი დაიცვან ან განიკურნონ ტუბერკულოზისგან.
“აივ/ტუბერკულოზის კოინფექცია გლობალური ჯანდაცვის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის”, - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი დოქტორი ნაიმიშ პეტელი (Naimish Patel). მას იმედი აქვს, რომ კვლევის შედეგები მომავალი აივ-ინფექციის შემთხვევაში ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობის ახალი მიდგომის შემუშავების საფუძველი იქნება.
პატელმა და მისმა კოლეგებმა მოახდინეს ფილტვებიდან “ალვეოლარულ მაკროფაგებად” წოდებული იმუნური უჯრედების ექსტრაქცია უსიმპტომო აივ-პოზიტიურ პაციენტებსა და იმ ადამიანებში, რომელთაც არ ჰქონდათ აივ-ინფექცია. აღმოჩნდა, რომ აივ-პოზიტიურებში აივ-ნეგატიურ ადამიანებთან შედარებით აღინიშნებოდა ტუბერკულოზის ბაქტერიაზე მაკროფაგების უფრო დაქვეითებული რეაქცია. მიზეზის დასადგენად მეცნიერებმა გამოიკვლიეს ფილტვების ნიმუშები და დაადგინეს, რომ აივ-პოზიტიურ პაციენტებში მომატებული იყო IL-10 მოლეკულის დონე, რაც იწვევდა პროტეინ "BCL-3"-ის რაოდენობის ზრდას ალვეოლარულ მაკროფაგებში და ამით ტუბერკულოზით დაინფიცირებასთან შეწინააღმდეგების უნარი ქვეითდებოდა.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ აივ-ინფექცია და ტუბერკულოზი წარმოადგენს ჯანდაცვის ორ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას კაცობრიობის ისტორიაში და ორი ასეთი ინფექციის კომბინაცია განსაკუთრებით დამანგრეველია ორგანიზმისთვის, რადგან აივ-ინფექცია უკიდურესად ზრდის ტუბერკულოზური ინფექციის სიმძიმეს. მათივე თქმით, მომავალი კვლევებით აუცილებელია გამოავლინონ აივ-ინფექციის დამთრგუნველი ზემოქმედების მექანიზმები სხვა ინფექციების თანაარსებობის შემთხვევაშიც.
http://wwww.sciencedaily.com
2009.07.10