ახალი კვლევის თანახმად, D ვიტამინი ეხმარება ასაკოვან ადამიანებს გონებრივი შესაძლებლობების შენარჩუნებაში. რაც მეტ “მზის შუქის ვიტამინს” მივიღებთ, მით მეტად ვიქნებით დაცული ასაკთან ერთად მენტალური უნარის დაქვეითებისაგან.
ამ ვიტამინის ნაკლებობა ადამიანებმა შეიძლება შეივსონ დანამატებით, რომელიც შეუნარჩუნებს თავის ტვინს სრულფასოვანი ფუნქციონირების უნარს ასაკის მატებასთან ერთად. ამის განხორციელება საკმაოდ იოლია, აღნიშნავს კვლევის ხელმძღვანელი დევიდ ლი (David Lee) და მისი კოლეგები მანჩესტერის უნივერსიტეტიდან.
კანზე მზის სხივების ზემოქმედების შედეგად სხეული ახდენს D ვიტამინის პროდუცირებას. ეს ვიტამინი ნანახია განსაზღვრულ პროდუქტებშიც, როგორიცაა მაგ. თევზის ქონი. იგი ხელს უწყობს უჯრედების მიერ კალციუმის აბსორბციას და მნიშვნელოვანია ჯანსაღი ძვლოვანი სისტემისთვის.
ადრინდელ კვლევებში აღნიშნული იყო D ვიტამინის პრევენციული მნიშვნელობის შესახებ კიბოს, არტერიული დაავადებისა და ტუბერკულოზის განვითარებისთვის.
მეცნიერები ადრეც ვარაუდობდნენ D ვიტამინის მენტალურ უნართან კორელაციის შესახებ, თუმცა შედეგები ურთიერთგამომრიცხველი და არათანმიმდევრული იყო.
მკვლევარებმა შეადარეს 40-დან 79წლამდე ასაკის 3 000-ზე მეტი მამაკაცის კოგნიტური უნარი და აღმოაჩინეს, რომ D ვიტამინის დაბალი დონის შემთხვევაში ტესტირების შედეგი დამაჯერებლად დაბალი იყო.
ავტორების თქმით, შედეგები სარწმუნოა იქიდან გამომდინარე, რომ კვლევა მასშტაბური იყო და მოხდა გონებრივ შესაძლებლობებზე მოქმედი ყველა სხვა ფაქტორის (განათლების დონე, დეპრესია,ფიზიკური აქტივობა და სხვ.) გამორიცხვა.
მეცნიერები ჯერ-ჯერობით ვერ ხსნიან ამ კავშირის მექანიზმს, თუმცა ვარაუდობენ, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ვიტამინის ზემოქმედებით გარკვეული ჰორმონის აქტივობის მატებას ან თავის ტვინში ნეირონების დაცვის გაძლიერებას.
მეცნიერები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ეს არ ნიშნავს მზის სხივების ზომაგადასული გამოყენებისკენ მოწოდებას, რამაც შეიძლება კანის კიბოს განვითარების რისკის გაზრდა გამოიწვიოს.
Kylie MacLellan
http://www.reuters.com
2009.05.21