2009 წლის იანვარში ესპანეთში დაიწყება კოკაინის საწინააღმდეგო, ახალი ვაქცინის კლინიკური გამოცდა. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ ნარკოტიკებთან ბრძოლის ეროვნული გეგმის პრეზენტაციაზე. უკვე შერჩეულია 170 მოხალისე, რომლებიც დათანხმდნენ კვლევაში მონაწილეობაზე ესპანეთის 10 სხვადასხვა საავადმყოფოში. ამ ვაქცინის პირველი გამოცდა ჩატარდა 2007 წელს ბარსელონას “სან პაუ”-ს ჰოსპიტალში.
როგორც კვლევის ხელმძღვანელმა, პროფ. კარლოს ალვარეს ვარამ აღნიშნა, ახალ ვაქცინას გააჩნია განსაკუთრებული თერაპიული მნიშვნელობა და ის გამოყენებულ იქნება იმ პაციენტებში, რომლებიც უკვე ნარკო-დამოკიდებულნი არიან. მან ასევე განმარტა, რომ ვაქცინის შეყვანის შემდეგ, ნარკომანის ორგანიზმში გამომუშავდება ანტისხეულები, რომლებიც კოკაინის მოლეკულებს არ მისცემენ პაციენტის ტვინში მოხვედრის საშუალებას.
ესპანეთის მოსახლეობის ახლახანს ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, კოკაინისადმი დამოკიდებულების მიხედვით ესპანეთი კვლავ რჩება ერთ-ერთ “მოწინავე” ქვეყნად მთელ მსოფლიოში. გამოკითხულთა 3-მა პროცენტმა აღიარა, რომ მიიღო კოკაინი ბოლო 12 თვის განმავლობაში.
ესპანელი ნარკოლოგები აღნიშნავენ, რომ გასულ წელს ესპანეთში კოკაინი გახდა დაახლოებით 800 ადამიანის სიკვდილის მიზეზი. ეს რიცხვი 3-ჯერ აღემატება 10 წლის წინ არსებულ მონაცემებს. ამ ნარკოტინის მოხმარება 10-ჯერ ზრდის მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს.
http://www.medlinks.ru
2008.12.01