იმ ადამიანთა ნათესავები, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა სულ მცირე 97 წელს შეადგენდა, ასევე დიდხანს ცოცხლობენ და გააჩნიათ გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების საწინააღმდეგო, ძლიერი დაცვითი მექანიზმები.
აშშ გერიატრიის საზოგადოების ექიმებმა დაადასტურეს, რომ ასეთი ადამიანების შთამომავლობაში 78%-ით დაბალია გულის შეტევების რისკი, 83%-ით მცირე - ინსულტის, ხოლო 86%-ით - შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი. ნაადრევი სიკვდილის ალბათობა ასეთ ადამიანებში 81%-ით დაბალია. მეცნიერები თვლიან, რომ ეს მონაცემები კიდევ უფრო განამტკიცებენ წარმოდგენას ხანგრძლივი სიცოცხლის და კარგი ჯანმრთელობის ფიზიოლოგიურ და გენეტიკურ მემკვიდრეობითობაზე.
მედიკოსებმა შენიშნეს, რომ გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებებისგან “მემკვიდრეობით დაცვა”-ს უფრო ხშირად იღებენ სიცოცხლის მაღალი ხანგრძლივობის მქონე ადამიანთა შვილები. ამასთან, ეს დაცვითი მექანიზმი ნარჩუნდება მთელი სიცოცხლის მანძილზე. ნათესაური კავშირები ასევე ეხმარება ადამიანებს ჯანმრთელი და ხანგრძლივი სიცოცხლის შენარჩუნებაში. სპეციალისტთა აზრით, დაბერების და დაავადებების პრევენციის უნარი არის თანდაყოლილი და ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა გენების საშუალებით.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ გენების აღმოჩენა დაეხმარება სიცოცხლის გახანგრძლივებაში იმ ადამიანებს, რომლებსაც მემკვიდრეობით არ აქვთ მიღებული ხანგრძლივი სიცოცხლის განმაპირობებელი გენები.
http://www.medlinks.ru
2008.11.25