წელს შიდსის ვირუსით ინფიცირებულთა ციფრი შარშანდელს უტოლდება. დღეისათვის შიდსის ცენტრში არსებული მონაცემებით 2008 წელს გამოვლენილია ინფიცირების 315 ახალი შემთხვევა. შარშან სულ 344 ახალი შემთხვევა იქნა გამოვლენილი. დღეისათვის საქართველოში 1816 ინფიცირებული ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის 1665 მამაკაცია, 315 - ქალი. ანტირეტროვირუსული პრეპარატებით ამჟამად მკურნალობს 473 ადამიანი.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, შიდსზე საეჭვო ნიშნებს წარმოადგენს ლიმფური კვანძების გადიდება, ტემპერატურის ხანგრძლივი, უმიზეზო მატება, წონაში უეცარი დაკლება 10 პროცენტით და მეტით. ასევე გახანგრძლივებული ფილტვების ანთება, რომელიც არ ექვემდებარება სტარდარტულ მკურნალობას. ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამის საათებში; ხანგრძლივი ფაღარათი, ძლიერი სისუსტე; მუქი წითელ ფერის ლაქები კანზე, თეთრი ფერის ნადები პირის ღრუს ლორწოვანზე.
თუმცა, ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში, რომელიც საშუალოდ 3-10 წლის მანძილზე გრძელდება, ინფიცირებული ადამიანი თავს პრაქტიკულად ჯანმრთელად გრძნობს. შიდსი კლინიკურად გამოვლინდება იმუნური სისტემის ღრმა დაზიანების შემდეგ.
შიდსის მაღალ რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან ჰომოსექსუალები, მეძავები და მათი პარტნიორები, ვენდაავადებულები; ტუბერკულოზით დაავადებულები, ჰემოფილიით დაავადებულები და სისხლის რეციპიენტები. შიდსის ვირუსით ინფიცირების დიაგნოზის დასმა სპეციფიკური ლაბორატორიული გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ემყარება სისხლში ვირუსის და მისი ცალკეული ცილების ან ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლინებას. შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები სისხლში ჩნდება ორგანიზმში ვირუსის შეჭრიდან 6-8 კვირის შემდეგ, ამიტომ გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ინფიცირების მომენტიდან სულ ცოტა თვე-ნახევრის შემდეგ.
მერი ნამორაძე
http://www.opentext.org.ge/akhalitaoba
2008.11.24