აივ-ინფიცირებულ ბავშვებში მედიკამენტოზური მკურნალობის სწრაფი დაწყება მნიშვნელოვნად ამცირებს სიკვდილობის რისკს და უზრუნველყოფს დაავადების გართულების პრევენციას, აცხადებს საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფი.
ახალი კვლევის შედეგად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეცვალა ადრე არსებული გაიდლაინები, რომელთა მიხედვით, ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყება არ იყო რეკომენდებული მანამ, სანამ დაავადების სიმპტომები არ გამოიკვეთებოდა.
დიაგნოზის დასმის შემდეგ ანტირეტროვირუსული თერაპიის დაუყოვნებელი დაწყება შიდსის მიზეზით გარდაცვალების რისკს 76%-ით ამცირებს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებას, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობაში, სადაც ვირუსის დედიდან ნაყოფზე გადაცემა კვლავაც ძალზე ხშირია.
მკვლევარებმა შიდსის კვლევის საერთაშორისო ცენტრიდან, პროფ. მარკ კოტონის ხელმძღვანელობით ჩაატარეს კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 377-მა, აივ-დადებითმა, აფრიკელმა ახალშობილმა. დიაგნოზის დასმისთანავე მკურნალობის დაწყებამ ამ დაავადების მიზეზით სიკვდილობის რისკი 4%-ით შეამცირა. ხოლო იმ ბავშვებში, რომლებშიც მკურნალობის დაწყება მოხდა მოგვიანებით, კერძოდ მაშინ, როცა დაიწყო CD4 უჯრედების რაოდენობის კლება და სხვა სიმპტომების გამოვლინება, სიკვდილობის რისკი 16%-ს უდრიდა.
მკურნალობის დაუყოვნებელი დაწყება დაავადების პროგრესირებას 75%-ით ამცირებს.
მკვლევარები არ ელოდნენ ასეთ განსხვავებას მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყებასა და მის მოგვიანებით ჩატარებას შორის, როდესაც ქვეითდება იმუნიტეტი და ვითარდება დაავადების სიმპტომები.
როგორც კვლევის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, პროფ. ევი ვიოლარიმ აღნიშნა, პატარა ბავშვებში არ არსებობს აივ-შიდსის პროგრესირების ზუსტი პრედიქტორები.
“CD4 უჯრედების რაოდენობა საკმარისი სიზუსტით ვერ ასახავს იმას, გახდება თუ არა ბავშვი ავად 1 წლის ასაკში. საგანგაშოა დაავადების პროგრესირების სიჩქარე: შესაძლოა ბავშვი თავს კარგად გრძნობდეს დილით, ხოლო საღამოს მას განუვითარდეს მწვავე სიმპტომები და ამან სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ზოგიერთ ბავშვს კი ძალზე გვიან აღენიშნება სიმპტომები”, აღნიშნეს მკვლევარებმა.
ყოველივე ამის გაანალიზების შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მკურნალობის დაუყოვნებელი დაწყება საუკეთესო გამოსავალია ასეთ ბავშვებში.
ანტირეტროვირუსული თერაპიის ადრეულ ეტაპზე დაწყება საჭიროებს აივ-ის ასევე ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებას.
მიუხედავად იმისა, რომ ანტირეტროვირუსული თერაპიის ადრეულ ეტაპზე დაწყება უზრუნველყოფს კეთილსაიმედო გამოსავალს, ჯერ-ჯერობით შიდსი კვლავაც განუკურნებელ დაავადებად რჩება.
კვლევა გამოქვეყნდა “New England Journal of Medicine”-ში.
http://news.bbc.co.uk
2008.11.21