D ვიტამინის დეფიციტი ხელს უწყობს პარკინსონის დაავადების განვითარებას, აცხადებენ აშშ მკვლევარები ემორის უნივერსიტეტიდან. მათი აზრით, ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს D ვიტამინის შეუცვლელ როლს ნორმალური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, მათ შორის ტვინის სწორ მუშაობაში.
ვინაიდან არცთუ ისე ბევრი პროდუქტი შეიცავს D ვიტამინს, მისი მთავარი წყარო – მზის სინათლე ძალზე მნიშვნელოვანია ნეიროტოქსინებისა და თავისუფალი რადიკალების, ასევე თავის ტვინში ნეირონების კარგვის წინააღმდეგ ბრძოლაში. შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში აუცილებელია ან კვებითი დანამატების, ანდა D ვიტამინით მდიდარი საკვების, კერძოდ რძის, თევზის მიღება, აცხადებენ მედიკოსები. მათი თქმით, ასაკთან ერთად კლებულობს ორგანიზმის უნარი – აწარმოოს D ვიტამინი ულტრაიისფერი სხივების გამოყენებით, ამის გამო ასაკოვანი ადამიანები განსაკუთრებით იმყოფებიან პარკინსონის დაავადების განვითარების რისკ-ჯგუფში.
ამერიკელმა ნევროლოგებმა, რომლებიც სწავლობდნენ პარკინსონის დაავადების სიმპტომების ფორმირებას 15-წლიანი დაკვირვების პერიოდის მანძილზე, აღმოაჩინეს, რომ დაავადების პროგრესირება გარკვეულწილად დაკავშირებული იყო მზის სხივებიდან მიღებული D ვიტამინის უკმარისობასთან. სპეციალისტებმა უკვე დიდი ხანია იციან, რომ D ვიტამინი ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას, ის აგრეთვე პასუხისმგებელია პეპტიდების წარმოქმნაზე და უჯრედების უნარზე – ხელის შეუშალონ მიკრობების შეღწევას კანში. გარდა ამისა, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს წნევისა და ინსულინის დონის რეგულირებაში.
ახალი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის ასევე დადებით გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე და ტვინის სხვადასხვა უბნებში ნეირონების ურთიერთკომუნიკაციაზე, რომელიც კონტროლირდება ჰორმონ დოპამინის საშუალებით. ტვინის იმ მიდამოს, რომელიც ყველაზე მეტად ზიანდება პარკინსონის დაავადების დროს, გააჩნია D ვიტამინის რეცეპტორის მაღალი კონცენტრაციები, რაც განსაზღვრავს მის უდიდეს მნიშვნელობას ტვინის უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებაში.
http://www.medlinks.ru
2008.10.22