ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მოუმწიფებელი ცხიმოვანი უჯრედები, რომლებიც ორგანიზმში ჩნდება ჯერ კიდევ დაბადებამდე, მოზრდილ ადამიანებში იმყოფებიან სისხლძარღვების შიგნით, კვებავენ რა ცხიმოვან ქსოვილს.
ამ აღმოჩენას შესაძლოა ჰქონდეს უდიდესი მნიშვნელობა ჭარბი წონისა და შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის ახალი მეთოდების შექმნაში. გარდა ამისა, ეს სიახლე შესაძლოა გამოყენებულ იქნას იმ ადამიანებში, რომლებიც საჭიროებენ ქსოვილთა ტრანსპლანტაციას ოპერაციის შემდეგ. როდესაც ორგანიზმი იღებს ზედმეტ კალორიებს, ახალგაზრდა ცხიმოვანი უჯრედები ტოვებენ სისხლძარღვების კედლებს და გარდაიქმნებიან ჩვეულებრივ ცხიმოვან უჯრედებად.
“თუ ჩვენ შევძლებთ ამ უჯრედებით მანიპულირებას ან მოვახდენთ მათი განვითარების ბლოკირებას, ეს მოგვცემს დიდ პერსპექტივებს სიმსუქნისა და შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაში”, განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, ჯონათან გრაფმა.
მისი აზრით, ახალგაზრდა ცხიმოვანი უჯრედებისგან შესაძლებელია ტრანსპლანტატების გაზრდა, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნას მაგ. სარძევე ჯირკვლის არმქონე ქალებში. კოსმეტოლოგიაში, ეს უჯრედები შესაძლოა გამოყენებულ იქნას ნაოჭების საწინააღმდეგოდ და ტუჩების მოცულობაში გაზრდის მიზნით. “ისინი წარმოადგენენ იდეალურ მასალას რეკონსტრუქციისათვის”, დასძინა მან.
ახალგაზრდა ცხიმოვანი უჯრედების აღმოჩენას მეცნიერების მიერ დაჭირდა 5 წელი. მკვლევარებმა მიიღეს გენეტიკურად მოდიფიცირებული თაგვები, რომელთა ორგანიზმში გამომუშავდება დიდი რაოდენობით ჰორმონი PPAR, რომელიც არეგულირებს ცხიმოვან ცვლას. გამა-სხივების ზემოქმედების შედეგად ეს ჰორმონი იღებს მწვანე ფერს.
სისხლძარღვების კედლებში, რომლებიც კვებავენ ცხიმოვან ქსოვილს, მეცნიერებმა დაინახეს უჯრედები, რომლებიც ანათებდნენ მწვანედ, ხოლო სისხლძარღვების კედლებიდან მოცილების შემდეგ, ისინი გარდაიქმნენ მომწიფებულ ცხიმოვან უჯრედებად.
როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, ისინი არამარტო ეკვროდნენ სისხლძარღვების კედლებს, არამედ წარმოადგენდნენ ამ კედლების ნაწილს.
ახლად აღმოჩენილ უჯრედებს შესწევთ სისხლის შემადგენლობაში არსებული საკვები ნივთიერებების (მაგ. გლუკოზა) დონის მატებაზე რეაგირების უნარი. რაღა თქმა უნდა, სისხლში გლუკოზის დონის მატება მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზმმა მიიღო ზედმეტი ენერგია, რომელიც საჭიროებს შენახვას, უფრო ზუსტად, ის უნდა გარდაიქმნას ცხიმოვან ქსოვილად.
მეცნიერებმა აგრეთვე დაადგინეს, თუ როგორ რეაგირებენ ზ. ა. უჯრედები დიაბეტის საწინააღმდეგო წამლებზე, კერძოდ გლიტაზონების ჯგუფზე (ავანდია, აკტოსი და სხვ.). აღმოჩნდა, რომ ამ პრეპარატების მოქმედების შედეგად ახალგაზრდა უჯრედები გარდაიქმნებიან მომწიფებულ ცხიმოვან უჯრედებად.
“ამ პრეპარატების ერთ-ერთ გვერდით ეფექტს მიეკუთვნება წონის 5-7კგ-ით მატება”, განაცხადა პროფ. გრაფმა.
მიუხედავად ამისა, ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით ნაწილობრივ მაინც აიხსნება ის, თუ როგორ მოქმედებენ გლიტაზონები. ცხიმოვანი უჯრედები აგზავნიან გარკვეულ სიგნალებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლში შაქრის დონეზე. ცნობილია, რომ “გამხდარი” ცხიმოვანი უჯრედები აგზავნიან “კარგ” სიგნალებს, ხოლო “მსუქანი” ცხიმოვანი უჯრედები კი - “ცუდ” სიგნალებს. გლიტაზონები გავლენას ახდენენ ამ პროცესზე და ზრდიან უჯრედების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ”, განაცხადეს მეცნიერებმა.
http://www.medlinks.ru
2008.09.23