წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციამ განაცხადა, რომ მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში შიდსმა მიიღო კატასტროფული მასშტაბები. ეს კრიზისი, ნათქვამია ჰუმანიტარული ორგანიზაციის ანგარიშში, შეესაბამება გაეროს მიერ განსაზღვრულ მოვლენას, რომელსაც თავს ვერ დააღწევს ვერც ერთი ქვეყანა დამოუკიდებლად.
წითელი ჯვარი და წითელი ნახევარმთვარე ყოველწლიურად აქვეყნებენ ანგარიშებს მსოფლიო კატასტროფებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციისათვის მზადყოფნის შესახებ. დღემდე მათში ძირითადად საუბარი იყო ბუნებრივ კატაკლიზმებზე, კერძოდ, ისეთზე, როგორიცაა ძლიერი მიწისძვრები.
ორგანიზაციამ საჭიროდ ჩათვალა უარი ეთქვა ამ პრაქტიკაზე და ყურადღება მიაქცია შიდსის ეპიდემიას, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ და ხანგრძლივ პრობლემას.
ყოველდღიურად მსოფლიოში 7 ათასი კაცი ავადდება შიდსით, 2,1 მილიონი კაცი დაიღუპა ამ ავადმყოფობისაგან შარშან, 33 მილოინი კაცი დაავადებულია შიდსით. ეს დაავადება ყველაზე მეტად გავრცელებულია აფრიკის კონტინენტის სამხრეთში, სადაც სიტუაცია ნამდვილად კატასტროფულია. ამას გარდა, ორგანიზაციის ექსპერტების აზრით, ამ დაავადებასთან ბრძოლის ძალისხმევა საკმარისი არაა, კერძოდ მილიარდობით გამოყოფილი დოლარი ამ დაავადებასთან ბრძოლისათვის ხშირად არ აღწევს დანიშნულების ადგილამდე.
"როცა დაიწერება შიდსის ისტორია, ვფიქრობ, ხალხი იტყვის, რომ ჩვენ ავირჩიეთ ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება", - განაცხადა დოქტორმა მუტეშ კაპილამ, შიდსთან ბრძოლის ფედერაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა. მისი სიტყვებით მოსახლეობის ინფორმირების კამპანია ტარდება არასაკმარისად. განსაკუთრებით რისკის ისეთ ჯგუფებთან, როგორიცაა ნარკომანები, რომლებიც იყენებენ ნარკოტიკებს ვენებში, სექს-მომსახურებათა სფეროს მუშაკები და სხვა. მათთან მთავრობები ძალიან ცოტას მუშაობენ.
იმ სიტუაციებში კი, სადაც მძვინვარებს კონფლიქტები და ბუნებრივი უბედურებანი, შიდსის დაავადებასთან ბრძოლისათვის აკეთებენ კიდევ უფრო ცოტას და ეს მაშინ, როცა რისკის ფაქტორები ამ პირობებში მხოლოდ იზრდება.
შიდსით დაავადებულებთან მუშაობის დროს ჰუმანიტარული დახმარების შესახებ ხშირად ივიწყებენ. კუპილამ მოუწოდა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, გაითვალისწინონ ეს ვითარება თავიანთი გეგმებში. მას მოჰყავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 2005 წლის ბოლოს მომხდარი ცუნამის მაგალითი და აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდად დაზარალებულ აჩეხის პროვინციაში (ინდონეზია) "ჩვენ თვალყურს ვადევნებდით რისკის ფაქტორებს და მეტად მძიმე შთაბეჭდილება გვრჩებოდა".
დადებით მაგალითად კაპილას მოჰყავს კენია. პოლიტიკური კრიზისის შედეგად ამ აფრიკულ ქვეყანაში მიმდინარე წლის იანვარში მოხდა შეიარაღებული შეტაკება ეთნიკურ ნიადაგზე, ათასობით ხალხი აღმოჩნდა დევნილების მდგომარეობაში. მაგრამ ორგანიზაციები, რომლებიც ანაწილებდნენ ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს, ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ შიდსით დაავადებულ პიროვნებებს მიეღოთ პრეპარატები ლტოლვილთა ბანაკებშიც კი.
http://www.opentext.org.ge/sakartvelos-respublika
2008.06.27