ახალმა ვაქცინამ, რომელიც მიმართულია ტვინის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ფორმის სამკურნალოდ, ორჯერ გაზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა ასეთ პაციენტებში, აცხადებს Science Daily. ექსპერიმენტული პრეპარატის კლინიკური კვლევის მეორე ეტაპის შედეგები წარმოდგენილ იქნა კლინიკური ონკოლოგიის ამერიკული საზოგადოების კონფერენციაზე 2 ივნისს.
პრეპარატის კლინიკური გამოცდა, რომელიც უზრუნველყოფს იმუნური სისტემის რეაქციის განვითარებას სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგოდ, უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. ამ პერიოდში, კვლევაში მონაწილეობა მიიღო მრავალი ფორმის გლიობლასტომის მქონე, 23-მა პაციენტმა. გლიობლასტომა არის ტვინის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ფორმა.
გლიობლასტომის მკურნალობის ერთადერთ მეთოდს წარმოადგენს სიმსივნის ქირურგიული მოცილება და შემდგომი ქიმიოთერაპია. თუმცა, პაციენტთა უმრავლესობა საჭიროებს განმეორებით ოპერაციებს, ვინაიდან სიმსივნური უჯრედები სწრაფად მრავლდებიან თავის ტვინის ქსოვილებში, ყალიბდება რა ახალი სიმსივნური წარმონაქმნები.
მკურნალობის დროულად დაწყების შემთხვევაში, გლიობლასტომის მქონე პაციენტთა სიცოცხლის ხანგრძლივობა არის არაუმეტეს 14,3 თვე სიმსივნის გამოვლენის მომენტიდან. აღმოჩნდა, რომ ოპერაციის შემდეგ ექსპერიმენტული ვაქცინის შეყვანამ სტანდარტული ქიმიოთერაპიის პრეპარატ ტემოზოლომიდთან კომბინაციაში, სიცოცხლის ხანგრძლივობა 33,1 თვემდე გაზარდა.
დიუკის უნივერსიტეტისა და კიბოს კვლევის ცენტრის მიერ ერთობლივად შემუშავებული ვაქცინა შეიცავს ცილას, სახელწოდებით ეპითელიუმის ზრდის ფაქტორის რეცეპტორი (III ტიპი), რომელიც გამომუშავდება გლიობლასტომის უჯრედების მიერ, თუმცა მას არ გამოიმუშავებენ ჯანმრთელი უჯრედები.
ამჟამად, პრეპარატის შემქმნელები ემზადებიან მესამე, უფრო ფართომასშტაბური კლინიკური კვლევის ჩასატარებლად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს აშშ-ს 20-ზე მეტი ონკოლოგიური ცენტრი.
http://www.medlinks.ru
2008.06.04