ფრანგმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყურძენს, ვაშლს და მათ წვენებს შესწევთ ათეროსკლეროზის შეჩერების უნარი. ამასთან გამოვლინდა, რომ წვენები უკეთესად აფერხებენ ათეროსკლეროზის განვითარებას, ვიდრე თვითონ ხილი.
როგორც მონპელიეს უნივერსიტეტის თანამშრომელმა და კვლევის ხელმძღვანელმა, კელი დეკორდემ განაცხადა, პირველად იქნა მიღებული მონაცემები იმის შესახებ, რომ დამუშავებულ მდგომარეობაში ხილი უფრო სასარგებლო შეიძლება იყოს, ვიდრე ცოცხალი სახით. ადამიანები უფრო ხშირად ხილს დამუშავებული სახით მიირთმევენ, თუმცა აქამდე ჩატარებული კვლევები მხოლოდ ცოცხალ ხილს შეეხებოდა.
იმისათვის, რომ დაედგინათ ხილის და მათი წვენების ანტიოქსიდანტური თვისებები, მკვლევარები საცდელ ცხოველებს აძლევდნენ ყურძენს და მის წვენს, აგრეთვე ვაშლს და ვაშლის წვენს. ამასთან, ისინი იღებდნენ ისეთ საკვებს, რომელიც ხელს უწყობდა ათეროსკლეროზის განვითარებას. საკონტროლო ჯგუფის ცხოველები კი ჩვეულებრივი საკვებით იკვებებოდნენ.
მიღებული ხილის რაოდენობა შემდეგი იყო: 3 ვაშლი, 3 მარცვალი ყურძენი და 4 ჭიქა წვენი დღეში.
ყურძენსა და ვაშლში ერთი და იგივე რაოდენობით შედის ფენოლების ანტიოქსიდანტები, თუმცა წითელი ყურძნის წვენში ანტიოქსიდანტების რაოდენობა 2,5-ჯერ აღემატება ვაშლის წვენში შემავალი ანტიოქსიდანტების რაოდენობას.
იმ ცხოველებში, რომლებიც იღებდნენ ხილს და ხილის წვენებს, ქოლესტერინისა და ოქსიდაციური სტრესის დონე გაცილებით დაბალი იყო. ამასთან, აორტაში ცხიმოვანი გროვების რაოდენობაც მნიშვნელოვნად იყო შემცირებული. ყველაზე ეფექტურად ათეროსკლეროზს ებრძოდა წითელი ყურძნის წვენი, მეორე ადგილზე იყო თვითონ ყურძენი, მესამეზე – ვაშლის წვენი, ხოლო მეოთხე ადგილს კი ვაშლი იკავებდა.
მკვლევარები აცხადებენ, რომ პროდუქტის ანტიოქსიდანტური თვისებები პირდაპირ კავშირშია მასში შემავალი ფენოლების რაოდენობასთან. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სხვა ანტიოქსიდანტებსაც, მაგ. კაროტინოიდებს და C-ვიტამინს.
ამგვარად, კვლევის შედეგების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ ხილი და მისი წვენები მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების პრევენციაში.
http://www.medlinks.ru
2008.05.19