მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ რკინამ, რომელსაც უმატებენ ბავშვთა კვებას ანემიის თავიდან აცილების მიზნით, შესაძლოა შეაფერხოს გონებრივი განვითარება.
როგორც ცნობილია, აშშ-ში ბავშვთა კვებას ჩვეულებრივ უმატებენ რკინას შემდეგნაირი გათვლით: 12მგ 1 ლიტრზე, ევროპაში კი ამ ელემენტს ოდნავ ნაკლები დოზით იღებენ. ეს ზომები მიიღება იმ მიზნით, რომ თავიდან იქნას აცილებული რკინადეფიციტური ანემია, რომელიც გამოწვეულია ჰემოგლობინის უკმარისობით.
როგორც კვლევის ავტორმა და მიჩიგანის უნივერსიტეტთან არსებული ადამიანის ზრდისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა, პროფ. ბეტსი ლოზოფმა განაცხადა, ახალი კვლევის შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა მათთვის, ვინაიდან აქამდე ითვლებოდა, რომ ბავშვთა განვითარების პრობლემები ხშირ შემთხვევაში სწორედ რკინის დეფიციტით იყო გამოწვეული.
მეცნიერებმა გამოიკვლიეს ჩილეში მცხოვრები 494 ბავშვი. ისინი დაყვეს ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფი იღებდა 12მგ რკინას 1 ლიტრ საკვებზე, ხოლო მეორე კი – 2,3მგ-ს. დაკვირვება 1,5 წლიდან 10 წლამდე გრძელდებოდა.
როგორც პროფ. ლოზოფი აცხადებს, ბავშვთა უმეტესობამ, რომელიც რკინას იღებდა აშშ-ში მიღებული დოზით, არ აჩვენა დაბალი შედეგები გონებრივი განვითარების მხრივ. თუმცა, გამოკვლეულთა დაახლოებით 5%-ში, რომლებსაც 6 თვის ასაკში ჰქონდათ ჰემოგლობინის მაღალი მაჩვენებელი, რაც თავის მხრივ მოწმობს ორგანიზმში რკინის საკმაო რაოდენობაზე, არც ისე კარგი შედეგები დაფიქსირდა.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ხოლო მშობლებს კი ურჩევენ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთი პატარების საკვების არჩევას.
http://www.medlinks.ru
2008.05.08