მასშტაბური კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, რომ 400მგ E ვიტამინის მიღება დღეში 28%-ით ზრდის ფილტვის კიბოს განვითარების რისკს. კვლევა ჩატარდა ამერიკელი მეცნიერების მიერ და გამოქვეყნდა “Journal of Respiratory and Critical Care Medicine”-ის თებერვლის ნომერში.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა სიეტლში გააანალიზეს კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 50-76 წლის, დაახლოებით 77 000 ქალი და მამაკაცი. დაკვირვების 4 წლიანი პერიოდის მანძილზე, 521 პაციენტს დაუდგინდა ფილტვის კიბო. როგორც მოსალოდნელი იყო, მთავარ ფაქტორებს წარმოადგენდნენ: მოწევა, მემკვიდრეობითი განწყობა და ხანდაზმული ასაკი. გარდა ამისა, არაკეთილსასურველ ფაქტორად იქნა მიჩნეული E ვიტამინის მიღება ვიტამინური დანამატის სახით. კვლევის ხელმძღვანელის, კრისტოფერ სლეიტორის აზრით, ყოველი 100მგ E ვიტამინი ფილტვის კიბოს განვითარების რისკს 7%-ით ზრდის, ანუ სტანდარტული დოზა – 400მგ 28%-ით გაზრდის კიბოს რისკს. ამასთან, უფრო ხშირად, E ვიტამინის ნეგატიური ეფექტი მწეველებში აისახება.
E ვიტამინი ორგანიზმში ასრულებს ანტიოქსიდანტის როლს, იცავს რა მას მავნე მოლეკულებისგან – თავისუფალი რადიკალებისგან. თუმცა, ამ ნივთიერების მაღალი დოზებით მიღება შესაძლოა უარყოფითად აისახოს ორგანიზმზე და მან იმოქმედოს, როგორც პროოქსიდანტმა, გამოიწვიოს რა ჟანგვითი პროცესები და უჯრედების დაზიანება.
ცოტა ხნის წინ, ფინელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ფილტვის კიბოს რისკი იზრდება ბეტა-კაროტინის (A პროვიტამინი) მიღების შედეგად. მკვლევარების აზრით, ამგვარი რისკის თავიდან აცილება და აუცილებელი ვიტამინებით ორგანიზმის მომარაგება შესაძლებელია დაბალანსებული კვების რაციონით, რომელშიც დიდი რაოდენობით იქნება წარმოდგენილი ხილი და ბოსტნეული.
http://www.medlinks.ru
2008.03.04