ფლავონოიდი ნარინგინი, რომელიც გრეიფრუტს აძლევს მომწარო გემოს, ანელებს C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელებას ორგანიზმში, დაადგინეს ამერიკელმა მეცნიერებმა. მათი აზრით, ამ ხილის მიღება ტრადიციულ ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად შეამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას და ხელს შეუშლის C ჰეპატიტის ქრონიკულ ფორმაში გადასვლას, იტყობინება ჟურნალი “Hepatology”.
მასაჩუსეტსის ჰოსპიტალის მკვლევარები აცხადებენ, რომ ამაში მთავარ როლს ნარინგინის წარმომქმნელი ნარინგენინი ასრულებს. ეს ნივთიერება ამცირებს ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს სისხლში (ე.წ. “ცუდი” ქოლესტერინი), რომელსაც წამყვანი როლი გააჩნია დაინფიცირებული უჯრედიდან C ჰეპატიტის ვირუსის გამოყოფაში და მის ჯანმრთელ უჯრედებში შეღწევაში. მკვლევარების მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ნარინგენინის ზემოქმედებით ვირუსის გამოყოფა ინფიცირებული უჯრედებიდან 80%-ით მცირდება. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ ნივთიერების სამკურნალო კონცენტრაცია არ არის ტოქსიკური ორგანიზმისათვის, აღნიშნა კვლევის ხელმძღვანელმა, პროფ. რაიმონდ ჩანგმა.
სტატისტიკის მიხედვით, C ჰეპატიტით პლანეტის მოსახლეობის 3%-ია ინფიცირებული. ამასთან, შემთხვევათა უმრავლესობაში დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადადის. ქრონიკულმა C ჰეპატიტმა კი შესაძლოა ციროზის და ღვიძლის კიბოს განვითარება გამოიწვიოს.
http://www.medlinks.ru
2008.02.08