მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფის მიერ გამოვლენილია გენები, რომელთა არსებობაც იწვევს ნიკოტინური დამოკიდებულების განვითარებას. ეს დადგენილ იქნა 14 000 ადამიანზე ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგად.
წინა კვლევებმა, რომლებიც ჩატარდა ტყუპებზე, აჩვენეს, რომ მძიმე ნიკოტინური დამოკიდებულების განვითარებაში (დღეში 1 კოლოფზე მეტი სიგარეტის მოწევა) მთავარ როლს მემკვიდრეობითი ფაქტორები ასრულებენ. მეცნიერთა შეფასებით, იმის რისკს, რომ ადამიანი გახდება მძიმე მწეველი, დაახლოებით 60%-ით განსაზღვრავენ გენები.
ამერიკელმა, კანადელმა და იტალიელმა მკვლევარებმა შეისწავლეს 6 000 ადამიანის დნმ. გააანალიზეს რა დაახლოებით 500 000 გენი, მათ აღმოაჩინეს 2 გენის გარკვეული ვარიანტი, რომლებიც უფრო ხშირად მძიმე მწეველებში იყვნენ წარმოდგენილი. აღნიშნული გენები აკოდირებენ ნიკოტინური რეცეპტორების ალფა-3 და ალფა-5 გენების სუბერთეულებს. მეცნიერების აზრით, ეს ცილები ემსახურებიან ნიკოტინის დაკავშირებას ტვინის უჯრედებთან, რომლებიც, თავის მხრივ, ჩართული არიან ნიკოტინური დამოკიდებულების განვითარებაში.
დნმ-ის ანალიზმა დაამტკიცა ის, რომ ნიკოტინური რეცეპტორების ალფა-3 და ალფა-5 გენების სუბერთეულები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნიკოტინური დამოკიდებულების განვითარებაში. ამგვარად, შესაძლებელია მეცნიერებმა შექმნან ამ გენების წინააღმდეგ მიმართული, მოწევის საწინააღმდეგო პრეპარატები. გარდა ამისა, უკანასკნელი მონაცემები შესაძლოა გამოყენებულ იქნას ნიკოტინური დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლის ოპტიმალური მეთოდის ასარჩევად კონკრეტულ პაციენტში.
კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში “მოლეკულური ფსიქიატრია”.
http://www.medlinks.ru
2008.02.01