მკვლევარების აზრით, აივ-ინფექციის თავის ტვინზე ზემოქმედებით ვითარდება შემეცნების უნარისა და მახსოვრობის დეფიციტი.
ცნობილია, რომ აივ-ვირუსის ზედაპირზე მყოფ პროტეინს შეუძლია თავის ტვინის უჯრედების განადგურება. უკანასკნელმა კვლევამ ცხადყო, რომ ის ასევე ხელს უშლის თავის ტვინში აღდგენითი და ჩანაცვლებითი პროცესების წარმოებას. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, აივ-ვირუსის პროტეინი gp120 იწვევს თავის ტვინის უჯრედის შიგნით ბიოქიმიურ დესტრუქციას, ასევე ანელებს ახალი უჯრედების წარმოშობას ჰიპოკამპში, თავის ტვინის არეში, რომელიც პასუხისმგებელია შემეცნებასა და მახსოვრობაზე.
დოქტორი მარკუს ქოულის (Dr Marcus Kaul) თქმით, ”ეს არის ორმაგი დარტყმა თავის ტვინზე, რადგან აივ-პროტეინი ახდენს როგორც თავის ტვინის უჯრედების დაზიანებას, ისე მათი აღდგენის ხელის შეშლას”.
ანტირეტროვირალური თერაპიის შედეგად ბოლო წლებში წარმატებით ხორციელდებოდა აივ-ინფექციასთან ასოცირებული დემენციის პროგრესირების შეჩერება, თუმცა ამის მიზეზი დღემდე ცნობილი არ იყო.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ წარმოებული კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში ”Cell Stem Cell”.
დოქტორ ქოულის თქმით, ზ.ა. მექანიზმი მიგვანიშნებს, რომ ამ ფორმის დემენციის შემთხვევაში საჭიროა ან თავის ტვინის აღდგენითი პროცესების გააქტიურება, ან აღდგენითი მექანიზმების დაცვა.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მათი კვლევა, რომელიც ჩატარებული იყო თაგვებზე, დაეხმარებათ აივ-ინფექციასთან ასოცირებული დემენციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
http://news.bbc.co.uk
2007.08.20