საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აცხადებს კონკურსს გერმანიაში სამედიცინო პერსონალის სტაჟირების მიზნით. შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლება ესენის საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთ წლამდე ვადით. მონაწილეებმა თავად უნდა უზრუნველყონ მგზავრობისა და საცხოვრებელი ხარჯების დაფარვა.
აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება ქართული და გერმანული მხარეების მიერ შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
აპლიკანტი უნდა იყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირი, რომელიც ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს ქვემოთჩამოთვლილ რომელიმე სპეციალობაში:
ა) შინაგანი მედიცინა;
ბ) პედიატრია;
გ) გადაუდებელი მედიცინა;
დ) მეანობა-გინეკოლოგია;
ე) ზოგადი ქირურგია;
ვ) ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია.
აპლიკანტს უნდა ჰქონდეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების დამადასტურებელი დიპლომი.
აპლიკანტი უნდა ფლობდეს გერმანულ ენას და ჩაბარებული ჰქონდეს გერმანული ენის B 2 დონის გამოცდა თბილისის გოეთეს ინსტიტუტში.
პირველ ეტაპზე მსურველებმა ა.წ. 30 ნოემბრამდე ელექტრონულად უნდა წარმოადგინონ ავტობიოგრაფია (C.V) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: international@moh.gov.ge
მეორე ეტაპზე შერჩეულმა კანდიდატებმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები, როგორც ორიგინალების, ისე ასლების სახით:
• უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
• დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი რომელიმე ზემოხსენებულ სპეციალობაში;
• გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი - თბილისის გოეთეს ინსტიტუტის სერტიფიკატი B 2 დონე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მის: ა. წერეთლის გამზირი 144;
ქ. თბილისი, 0159 ტელ: 510034 (0803) მაია ნიკოლეიშვილი