ქ. თბილისში საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სკრინინგის პილოტური პროგრამა
ეროვნული სკრინინგ ცენტრი, თბილისის მერია და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) გიწვევთ თბილისში საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სკრინინგის პილოტური პროგრამისადმი მიძღვნილ სემინარზე, რომელიც გაიმართება ა/წ 18 ივნისს, 14:30 საათზე, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, კალაუბნის ქ. 12.
ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა თბილისში ხორციელდება 2008 წლის მაისიდან საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით, თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის თანადაფინანსებით.
18 ივნისს დაგეგმილი სემინარის მიზანია, გააცნოს მედიის წარმომადგენლებს საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის მუშაობის შედეგები და გაზარდოს ჟურნალისტების ინფორმირებულობა აღნიშნული საკითხების მნიშნველობის შესახებ. მედიის წარმომადგენლების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ გაიზარდოს საქართველოს მოსახლეობის ცნობიერება საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სკრინინგისა და პრევენციის სხვადასხვა ასპექტების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ავადობის ადრეული გამოვლენის გაზრდას და შესაბამისად, ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებას.
სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნეები წარმოადგენს საქართველოში ონკოლოგიური დაავადების ყველაზე მეტად გავრცელებულ ფორმას ქალთა შორის. მიუხედავად გარკვეული პროგრესისა ქირურგიაში, ჰორმონებით მკურნალობაში, ქიმიო და რადიოთერაპიაში, მხოლოდ უმნიშვენელოდ იზრდება დაავადებულთა სიცოცხლის ხანგრძლივობა. ამის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მკურნალობის შედეგი უშუალოდ არის დაკავშირებული ავადობის გამოვლენის სტადიასთან. სამწუხაროდ, საქართველოში ავადობის გამოვლენის მაჩვენებელი, დაავადების საწყის სტადიაზე, მკვეთრად დაბალია (2006 წელს გამოვლენის მაჩვენებლი I-II სტადიაზე იყო 30%, ხოლო 2007 წელს - 25%), რასაც განაპირობებს ქალების დაბალი ინფორმირებულობა ავადობის ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის შესახებ.
პროგრამის მიზანია მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ პროგრამის მნიშვნელობის შესახებ და დაავადების ადრეული გამოვლენის გზით, სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადებულთა სიკვდილიანობის შემცირება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, უზრუნველყოთ თქვენი ორგანიზაციიდან დაინტერესებული ჟურნალისტის მონაწილეობა სემინარში.
გთხოვთ, თქვენი მონაწილეობის შესახებ პასუხი გვაცნობოთ 16 ივნისამდე ტელეფონზე: 877 282817; 899 21 04 34;
ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ljugeli@yahoo.com; soso@gnsc.ge
ეროვნული სკრინინგ ცენტრი
2009.06.12