პირველი დახმარება მწვავე ფსიქიკური  აშლილობების შემთხვევაში

 

 

სასწრაფო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობის წინაშე შესაძლებელია დავდგეთ ავადმყოფის ფსიქიკური აგზნების შემთხვევაში, რომელიც პირველად აღმოცენებული ან ადრე არსებული ფსიქიკური დაავადების დეკომპენსაციის შედეგად განვითარებული მწვავე  ფსიქიკური აშლილობების გამოხატულება შეიძლება იყოს. იგი გამოვლინდება ანტისაზოგადოებრივი (ანტისოციალური) ქმედებით - აგრესიით გარშემომყოფთა მიმართ, დამანგრეველი ქცევით, აუტოაგრესიით, ავადმყოფური მოტივით განპირობებული სხვადასხვა განზრახვითა და სუიციდური ქმედებით.

აგზნება რთული პათოლოგიური პროცესია, რომელიც შეიძლება გამოხატული იყოს უპირატესად მეტყველებითი ან მოტორული აგზნებით, ფსიქიკური პროცესების დარღვევით (ასოციაციების დაჩქარებით), დაბნეულობით, შფოთვით, შიშით, ბოდვით, დაუკავშირებელი აზროვნებით ან იგი შეიძლება ერთდროულად სხვადასხვა კომპონენტისაგან შედგებოდეს.

ფსიქიკური დარღვევები რადიკალურად ცვლიან ავადმყოფის მდგომარეობას საზოგადოებაში, შეიძლება გამოიწვიონ შრომისუნარიანობის საგრძნობი დაქვეითება, უკიდურესად მძიმე შემთხვევებში კი ავადმყოფი ხდება სრულიად დაუცველი და არ შეუძლია დაიკმაყოფილოს ელემენტარული ყოფითი მოთხოვნილებები.

მწვავე ფსიქიკური  აშლილობების მიზეზი შეიძლება გახდეს მრავალი ენდო- და ეგზოგენური ფაქტორი. მაგ. თავის ტვინის სხვადასხვა დაზიანება და სომატური პათოლოგია, ორგანული დაავადებები, სხვადასხვა ინტოქსიკაციები, ზოგიერთი თანდაყოლილი დაავადება და სხვ. (ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, პრეკომატოზური მდგომარეობები, ინფექციური გენეზის დაავადებები, ეპილეფსია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან მედიკამენტოზური მოწამვლები, ოლიგოფრენია და ა.შ).

ფსიქიკური აშლილობა შეიძლება განვითარდეს: მწვავე რეაქტიული მდგომარეობების (სტუპორი, აგზნება, ცნობიერების შევიწროება, მაგ. ისტერიის დროს), მანიაკალური აგზნების, მწვავე ბოდვითი აგზნების, დეპრესიული მდგომარეობების დროს (სუიციდური აქტივობით), აგრეთვე ცნობიერების შეცვლით მიმდინარე მდგომარეობების დროს (ეპილეფსია, მედიკამენტოზური, ალკოჰოლური და ნარკოტიკული ინტოქსიკაციები, ალკოჰოლური დელირიუმი, შიზოფრენიული გენეზის მწვავე ფსიქოზები) და სხვ.

უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქიური დარღვევების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ენიჭება ადამიანის წინასწარგანწყობას, მის კონსტიტუციურ თავისებურებებს, ფსიქოტრავმის შემთხვევაში - ტრავმული ზემოქმედების ინტენსივობასა  და ხანგრძლივობას,  აგრეთვე სოციალურ სტატუსს, ოჯახურ, სამსახურეობრივ და სხვა ე.წ. მიკროსოციალურ კონფლიქტებს. ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, ერთიდაიგივე ტრავმამ ზოგიერთი ადამიანის ფსიქიკაში შეიძლება არავითარი ავადმყოფური გადახრა არ გამოიწვიოს, ზოგში კი - სერიოზული ფსიქიკური დარღვევის მიზეზი გახდეს.

განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ფსიქიკური დარღვევები უბედური შემთხვევების დროს, როცა შესაძლებელია განვითარდეს სრულიად განსხვავებული მდგომარეობანი - სტუპორიდან ფსიქომოტორულ აგზნებამდე.

სტუპორი ეს ფსიქიკური და მოძრაობითი შებოჭილობაა, რომელიც ხასიათდება სრული უმოქმედობით, უკიდურესი დაუძლურებით, ძლიერი სევდის გამომხატველი მიმიკით, ცრემლებით. ფსიქოგენური სტუპორი შეიძლება შეიცვალოს ფსიქოგენური აგზნებით - დაწყებული მოტორული აგზნებიდან, დამთავრებული პანიკური გაქცევით ან სუიციდური აქტივობით.

სუიციდური აქტივობა – ეს არის ადამიანის მიერ თვითმკვლელობის აქტის ჩატარებისკენ მიმართული ცდები. იგი ხშირად არის მძიმე დეპრესიის შედეგი. ამ დროს სიკვდილი განიხილება როგორც "დასვენება ანუ პრობლემის გადაჭრა," ხოლო თვითმკვლელობა წინასწარ გათვლილი, დაგეგმილი ქმედებაა, რაც ართულებს სუიციდის პროფილაქტიკას. ღრმა დეპრესიის დროს თვითმკვლელობის ყველაზე დიდი რისკია პირველი 3 თვის განმავლობაში.

სუიციდი ერთნაირი ალბათობითაა დამახასიათებელი ყველა სოციალური ფენისათვის. ქალები მეტად არიან მიდრეკილნი სუიციდისადმი და უფრო ხშირად მიმართავენ მედიკამენტებით მოწამვლას, რაც საგრძნობლად ზრდის გადარჩენის ალბათობას (ე.წ. "დაუმთავრებელი სუიციდი"). მამაკაცები სუიციდისათვის მიმართავენ უფრო "საიმედო" ხერხს  (ცეცხლსასროლი იარაღი, ჩამოხრჩობა). თუმცა, ყველა პაციენტს, რომელიც იკლავს თავს, როდი აღენიშნება დეპრესია. მაგ. სუიციდის მიმართ მიდრეკილნი არიან ალკოჰოლიზმით დაავადებულნი. არის შემთხვევები, როცა მას მიმართავენ ჩვეულებრივ არამსმელი ადამიანები, რომლებიც იწყებენ ალკოჰოლის მიღებას თვითკვლელობამდე რამოდენიმე ხნით ადრე.

აუტოაგრესიის მხრივ განსაკუთრებით საშიშია მშობიარობით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობები. ფიზიკური და ფსიქიკური სტრესით დამძიმებულ მშობიარეში შესაძლებელია გამოვლინდეს სუიციდური აქტივობა.

ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს თვითმკვლელობა, ხშირად უჩვეულო ქცევებითა და აზრებით გარკვეულად მიგვანიშნებენ თავიანთი განზრახვის შესახებ. ასეთ ადამიანებთან გულისხმიერი გასაუბრება და მათი წუხილის გაზიარება თავისთავად ამცირებს მათი შფოთვის დონეს და თრგუნავს სუიციდურ ემოციებს.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მწვავე ფსიქიკური აშლილობების შემთხვევაში დაავადებული ადამიანისათვის პირველი დახმარების სწორ ორგანიზაციას. განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება კატასტროფებსა და სტიქიურ უბედურებებს, რომლის დროს ფსიქოგენურმა აგზნებამ შესაძლოა მოიცვას ადამიანთა დიდი ჯგუფები და  გამოიწვიოს პანიკა. ამ დროს უმთავრესია სიმშვიდის შენარჩუნება, პანიკისა და დაბნეულობის ლიკვიდაცია და ავადმყოფისა და გარშემომყოფთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

ისეთ შემთხვევებში, როდესაც ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა თავისი აგრესიული ხასიათით წარმოადგენს აშკარა საზოგადოებრივ საშიშროებას, საჭიროა მისი იძულებითი ჰოსპიტალიზაცია ფსიქიატრიულ სტაციონარში ნათესავებისა და ახლობლების თანხმობით, თუმცა განსაკუთრებული აგრესიულობის გამოვლენისას, ამ თანხმობის მოპოვება აუცილებელი არ არის. სტაციონარში ჰოსპიტალიზაციისათვის გამოძახებული უნდა იქნას სასწრაფო  დახმარების ბრიგადა, თუმცა მის მოსვლამდე საჭიროა რიგი პირობების შესრულება, რათა უზრუნველყოფილი იქნას ავადმყოფისა და მისი გარემომცველი ადამიანების მაქსიმალური დაცვა.

ფსიქიკური ტრავმების შემთხვევაში, უნდა მოვახდინოთ ტრავმის დამაზიანებელი მოქმედების შესუსტება ადამიანის ფსიქიკაზე. უჩვეულო და არაადექვატური ქცევების გამოვლენისას, მოთმინებითა და მზრუნველობით უნდა მოვეპყროთ დაზარალებულს, მივცეთ  საშუალება გამოხატოს პირადი გრძნობები და განცდები, თავი უნდა შევიკავოთ ზედმეტი შეკითხვებისაგან, არ ვეკამათოთ, არ განვსაჯოთ, არ გავაკრიტიკოთ იგი, არ დავტოვოთ ყურადღების გარეშე. უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგ შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა გამოიჩინოს მოულოდნელი აგრესიულობა და მისი ფიზიკური აქტიურობისაგან მოგვიწიოს თავდაცვა, ამიტომ არ უნდა დავჯდეთ მასთან ახლოს, რათა არ დავარღვიოთ მისი პიროვნული სივრცე, არ შევეხოთ მას, უნდა ვეცადოთ  მოვაცილოთ ისეთი საგნები და ნივთები, რომლებიც შეიძლება გახდნენ თვით- ან სხვისი დაზიანების მიზეზი. გაქცევის ან სუიციდის  თავიდან აცილების მიზნით, უნდა განხორციელდეს დაზარალებულზე მუდმივი მეთვალყურეობა, თუმცა ეს უნდა მოხდეს არადემონსტრატიულად, რათა მას არ გაუმძაფრდეს საკუთარი ავადმყოფური მდგომარეობის შეგრძნება.

აგზნებული პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ხშირად დაკავშირებულია მის მიმართ გარკვეული ძალის გამოყენებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში უმოძრაოდ მის ფიქსაციასთან. დაზარალებულს უმჯობესია მიუახლოვდეთ გვერდიდან, დაადოთ ხელი ხელზე, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო დარტყმა, შემდეგ თბილი სიტყვებით დაამშვიდოთ, აუხსნათ, რომ მას არაფერი ემუქრება. ძლიერი აგზნების დროს რამოდენიმე ადამიანი უმჯობესია მიუახლოვდეს მას ზურგიდან და გვერდებიდან, გადაუჯვარედინოს ხელები გულმკერდზე და მკვეთრად მოუხაროს ორივე ფეხი მუხლის სახსარში, მოათავსოს საკაცეზე და დააფიქსიროს თასმებით, რის შემდეგაც უნდა მოხდეს მისი გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში და  რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს  შემზღუდავი ზომების (პაციენტის ფიქსაცია საწოლზე, იზოლაცია და ა.შ.) გამოყენების შეწყვეტა. 

 

 

გახსოვდეთ!