სამკურნალო პროცედურების ჩატარების ტექნიკა
· სხეულის ტემპერატურის გაზომვა
პულსი სისხლძარღვთა კედლის ბიძგისებური რიტმული რხევაა, რაც გამოწვეულია გულის მიერ გადმოსროლილი სისხლის მოძრაობით.
პერიფერიული
პულსის შემოწმება მარტივი და შედარებით უფრო მოსახერხებელია სხივის
არტერიაზე. ამისათვის ავადმყოფს ხელი უნდა ეჭიროს თავისუფლად. უნდა მოათავსოთ
საკუთარი ხელის II-II-IV თითების წვერები ავადმყოფის წინამხრის მესამედში
ხელისგულის მხარეს, სხივ-მაჯის სახსართან სხივის არტერიის არეში, დიდი თითი კი -
გარეთა ზედაპირზე. პულსი შეიძლება გაისინჯოს სხვა არტერიაზეც: საფეთქლის, მხრის,
ბარძაყის და სხვ. პულსს ითვლიან 1 წუთის განმავლობაში და აკვირდებიან მის
სიხშირეს, რიტმს, ავსებასა და დაჭიმულობას.
ჯანმრთელი მოზრდილი ადამიანის პულსის სიხშირე არის 70-80 წუთში, იგი არის რიტმული, ნორმალური ავსებადობისა და დაჭიმულობის. უნდა იცოდეთ, რომ ბავშვებში პულსის სიხშირე უფრო მაღალია.
არტერიული
წნევა ეწოდება წნევას, რომელსაც
ავითარებს არტერიული სისხლი სისხლძარღვებში გავლისას. არჩევენ მაქსიმალურ ანუ
სისტოლურ არტერიულ წნევას და მინიმალურ ანუ დიასტოლურ არტერიულ სისხლის წნევას.
ჯანმრთელი ადამიანის სისხლის წნევა დამოკიდებულია ასაკზე: მოზრდილებისათვის ნორმად მიჩნეულია მაქსიმალური წნევა 110-130მმ ვერცხლისწყლის სვეტისა, მინიმალური კი - 60-80მმ ვერცხლისწყლის სვეტისა.
არტერიული წნევის გაზომვა.
არტერიულ წნევას ზომავენ სპეციალური ხელსაწყოთი რომელსაც რივა-როჩის სფიგმომანომეტრი ეწოდება ან მეორე აპარატით, რომელსაც არ აქვს ვერცხლისწყლის შკალა - ე.წ. ტონომეტრით.
რივა-როჩის სფიგმომანომეტრს აქვს რეზინის მანჟეტი, საიდანაც რეზინის ორი მილი
გამოდის. ერთი მათგანი ბოლოვდება რეზინის ბალონით, რომელსაც საკეტი აქვს.
მეორე მილი შეერთებულია ვერცხლისწყლიან რეზერვუართან. აქედან გამოდის მინის
კაპილარი, რომელსაც გვერდებზე 0-დან 300-მდე დანაყოფებიანი შკალა აქვს.
ტონომეტრში რივა-როჩის აპარატისაგან განსხვავებით ვერცხლისწყლიანი რეზერვუარი
შეცვლილია ზამბარიანი მანომეტრით.
ავადმყოფი უნდა იჯდეს ან იწვეს. მას იდაყვის სახსრიდან 3 სმ-ის ზევით მხარზე უმაგრებენ მანჟეტს, ბალონის ხრახნისებრ საკეტს კეტავენ ისე რომ რომ ჰაერი რეზინის ბალონიდან მასზე ზეწოლისას მანჟეტში შედიოდეს. კაპილარში ვერცხლისწყლის დონე ნულზე უნდა იყოს. მანჟეტს ქვევით წინასწარ თითით ეძებენ იდაყვის არტერიას და მასზე ათავსებენ ფონედოსკოპს მოსასმენად. მანჟეტში ჰაერი შეჰყავთ რეზინის ბალონით. მანჟეტი იბერება და მხრის არტერიას მიაჭყლეტს. მანჟეტში წნევის მომატების შესაბამისად ვერცხლისწყლის სვეტი მაღლა იწევს. როცა მანჟეტში წნევა გადააჭარბებს არტერიულ წნევას, არტერია მთლიანად მიიჭყლიტება და პულსი ქრება. ამის შემდეგ ხრახნს ნელ-ნელა სხნიან და მანჟეტიდან ჰაერი გამოდის თანდათანაობით. როდესაც მანჯეტისა და მხრის არტერიის წნევა გათანასწორდება, მაშინ სხივისა და იდაყვის არტერიაში გადავა სისხლის პირველი ტალღა და ფონედოსკოპის საშუალებით მოისმენთ პულსს. ამ დროს ვერცხლისწყლის სვეტის დონე შეესაბამება სისტოლურ ანუ მაქსიმალურ წნევას.
მანჯეტში წნევის შემდგომი დაქვეითებისას პულსური დარტყმა მცირდება და ბოლოს სულ ქრება. ვერცხლისწყის სვეტის დონე ამ მომენტში მინიმალურ ანუ დიასტოლურ წნევას შეესაბამება.
ჯანმრთელი
ადამიანის სხეულის ტემპერატურა ჩვეულებრივ 36,6°-37°-მდეა, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხეულის ტემპერატურა ორგანიზმის
ზედაპირზე უფრო დაბალია, ვიდრე შიგნით. მაგ. ჩვეულებრივ, სწორ ნაწლავში გაზომილი
ტემპერატურა 37,2°-37,3°-ია, იღლიის ფოსოში კი არ აღემატება 36,6°-37°.
უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ადამიანის ნორმალური ტემპერატურა 36,6°-ია, მისთვის 37° უკვე ტემპერატურის მომატებას ნიშნავს. ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესის შედეგად ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს ან დაიკლოს.
ტემპერატურის გაზომვა.
ტემპერატურას ძირითადად ზომავენ ვერცხლისწყლის თერმომეტრით, რომელსაც აქვს ვერცხლისწყლის რეზერვუარი და ვერცხლისწყლიანი ასაწევი შკალა 35°-დან 42°-მდე დანაყოფებით. ტემპერატურას ჩვეულებრივ ზომავენ იღლიის ფოსოში 5 წუთის განმავლობაში. ტემპერატურის გაზომვა შეიძლება აგრეთვე საზარდულის არეში, სწორ ნაწლავსა ან პირის ღრუში. არსებობს ისეთი თერმომეტრებიც, რომელთა საშუალებითაც ხდება ტემპერატურის გაზომვა 1 წუთის განმავლობაში. ეს არის ერთჯერადი თერმომეტრები.
თერმომეტრი ხმარების წინ უნდა დაბერტყოთ, რათა ვერცხლისწყლის სვეტმა დაიწიოს ნორმაზე დაბლა. შემდეგ იღლიის ფოსო უნდა გაამშრალოთ და მასში მჭიდროდ ჩადოთ თერმომეტრი ვერცხლისწყლის რეზერვუარის მხრიდან და გააჩეროთ სათანადო დროის განმავლობაში.
ნახვევის დადება არის
პირველი დახმარების განუყოფელი ნაწილი. ნახვევის დადება საჭიროა ჭრილობისა და
სისხლდენის დროს, ნახვევები გამოიყენება მოტეხილობის იმობილიზაციის დროსაც.
პირველი დახმარების გაწევისას ძირითადად გამოიყენება სტერილური საფენები, ბინტი და
სამკუთხა ნახვევი.
სტერილური საფენი ფარავს ჭრილობას და იცავს მას ინფიცირებისაგან,
ასევე ხელს უწყობს კოლტის წარმოქმნას. არსებობს სხვადასხვა ზომის სტერილური
საფენები. ეცადეთ, ყოველთვის გამოიყენოთ სტერილური საფენი. თუ ის არა გაქვთ,
უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენეთ ნებისმიერი სუფთა ნაჭერი.
სტერილური საფენის გამოყენების წესები:
· საფენის ზომა უნდა აღემატებოდეს ჭრილობის ზომას;
· მოათავსეთ საფენი პირდაპირ ჭრილობაზე;
· შეახვიეთ ბინტით;
· თუ საფენი იჟღინთება სისხლით (ე.ი. კვლავ გრძელდება სისხლდენა), არ მოაშოროთ ის, დაადეთ ზემოდან მეორე საფენი და კვლავ შეახვიეთ;
ნახვევის დადება
ნახვევი
გამოიყენება საფენის ფიქსაციის, სისხლდენის შეჩერების, შეშუპების შემცირებისა და
მოტეხილობის ფიქსირების მიზნით. პირველი დახმარების აღმოჩენისას ხშირად გამოიყენება
სხვადასხვა სახის ბინტები (დოლბანდის, ელასტიური) და სამკუთხა ნახვევი.
ნახვევის დადების ძირითადი წესები:
·
გაამხნევეთ დაზარალებული და
აუხსენით, რის გაკეთებას აპირებთ;
· მოათავსეთ დაზარალებული მოხერხებულ/მყუდრო პოზიციაში;
· დააფიქსირეთ სხეულის დაზიანებული ნაწილი;
· ნახვევის დადებისას დადექით დაზარალებულის წინ და/ან დაზიანების მხრიდან;
· ნახვევის დადების შემდეგ კვანძი არ შეკრათ დაზიანების მხრიდან;
· კიდურზე ნახვევის დადების შემდეგ აუცილებელია ნახვევის ქვემოთ ცირკულაციის (სისხლის მიმოქცევის) შემოწმება. ამისათვის ნახვევის დადების დროს, თუ ეს შესაძლებელია, ღიად დატოვეთ თითები. ცირკულაცია უნდა მოწმდებოდეს მინიმუმ ყოველ 10 წთ-ში ერთხელ (მიაქციეთ ყურადღება ცირკულაციის მოშლის ნიშნებს ნახვევის ქვემოთ). თუ ნახვევი ზედმეტად მჭიდროდ არის დადებული და ცირკულაცია დაირღვა, შეხსენით ის და განმეორებით შეახვიეთ ნაკლებად მჭიდროდ.
ბინტის
გამოყენებისას სხეულის დაზიანებულ
ნაწილს ნახვევი ედება შიგნიდან გარეთ და ქვემოდან ზევით.
ბინტით ნახვევის დადების ძირითადი წესები:
1. მოათავსეთ ბინტი დაზიანებული მიდამოს ქვემოთ და გააკეთეთ ორი წრიული მოძრაობა კიდურის გარშემო;
2. შემდგომი წრიული მოძრაობა უნდა გაკეთდეს ისე, რომ ნახვევის ყოველი მომდევნო ფენა ფარავდეს ქვედა ფენის ნახევარს;
3. მას შემდეგ რაც დაფარავთ დაზიანებულ არეს კვლავ გააკეთეთ ორი წრიული მოძრაობა და დაამაგრეთ ნახვევი. თუ ბინტი მოკლეა, პირველი ბინტის ბოლოს ზემოდან დაადეთ მეორე ბინტის დასაწყისი და გააგრძელეთ შეხვევა;
4. სისხლდენის შემთხვევაში ჭრილობაზე მოათავსეთ სტერილური საფენების უფრო მეტად სქელი ფენა დამწოლი ნახვევის დასადებად;
5. რეგულარულად შეამოწმეთ ცირკულაცია.
ბინტით ნახვევის დადების ტექნიკა მტევანზე და ტერფზე:
1. მოათავსეთ ბინტი წინამხარზე სხივ-მაჯის სახსართან ცერა თითის გასწვრივ. გააკეთეთ ორი წრიული მოძრაობა შიგნიდან გარეთ;
2. ამოძრავეთ ბინტი ცერა თითის მხრიდან და გადმოიტანეთ ის ხელის ზურგზე ისე, რომ ბინტი გადმოიტანოთ ნეკა თითის ფრჩხილთან;
3. გადმოიტანეთ ბინტი ხელისგულის მხრიდან საჩვენებელი თითის ფრჩხილთან;
4. გადმოიტანეთ ბინტი ხელის ზურგზე დიაგონალურად და გააკეთეთ ერთი ბრუნვა სხივ-მაჯის სახსართან;
5. გაიმეორეთ 2-4 საფეხურები, სანამ არ დაფარავთ ჭრილობას და ბოლოს გააკეთეთ ორი წრიული მოძრაობა სხივ-მაჯის სახსართან;
6. დაამაგრეთ ნახვევი და რეგულარულად შეამოწმეთ ცირკულაცია;
7. გამოიყენეთ იგივე მეთოდი ნახვევის ტერფზე დადებისას.
სამკუთხა
ნახვევი ეფექტურად გამოიყენება ჭრილობების შესახვევად და ასევე მოტეხილობის ფიქსაციისთვის.
სამკუთხა ნახვევის დადება ხელზე და მტევანზე :
1. დააფინეთ სამკუთხა სახვევი და ზემოდან მოათავსეთ ხელი, ისე რომ თითები მიმართული იყოს სახვევის სწორი კუთხისკენ. ჭრილობაზე მოათავსეთ საფენი. გადმოიტანეთ სამკუთხა სახვევის კუთხე ხელის ზურგზე;
2. გადააჯვარედინეთ სამკუთხა სახვევის კიდეები და შეკარით ისინი.
სამკუთხა სახვევის დადება თავზე:
1. დაფარეთ ჭრილობა სტერილური საფენით, მოათავსეთ სამკუთხა სახვევი დაზარალებულის თავზე ისე, რომ სწორი კუთხე კეფაზე იყოს;
2. გადააჯვარედინეთ სამკუთხა სახვევის კიდეები დაზარალებულის თავის უკან;
3. გადმოიტანეთ სახვევის კიდეები წინ და შეკარით/განასკვეთ შუბლთან.
4. დაამაგრეთ სამკუთხა სახვევის თავისუფალი სწორი კუთხე ნახვევზე.
გახსოვდეთ!
· წინასწარ გაამხნევეთ დაზარალებული და აუხსენით, რის გაკეთებას აპირებთ;
· ეცადეთ არ შეეხოთ ჭრილობას, არ ილაპარაკოთ, არ დააცემინოთ, არ დაახველოთ ჭრილობასთან ახლოს, სანამ არ დაფარავთ მას სტერილური საფენით.
· ნახვევის ქვემოთ სისხლის მიმოქცევის (ცირკულაცია) შემოწმება უნდა ხდებოდეს ყოველ 10 წთ-ში ერთხელ; თუ ნახვევი ზედმეტად მჭიდროდ არის დადებული და ცირკულაცია დაირღვა, შეხსენით ის და განმეორებით შეახვიეთ ნაკლებ მჭიდროდ;
ცივ საფენებს იყენებენ ძირითადად ტრავმების დროს (დაჟეჟილობა, დაჭიმულობა) ადგილობრივი გადაცივების მიზნით. ამ დროს ვიწროვდება სისხლძარღვები, მცირდება სისხლმომარაგება, შეშუპება და ტკივილი.
ცივი საფენისათვის რამდენიმე შრედ დაკეცილ დოლბანდს, პირსახოცს ან ხელსახოცს ასველებენ ცივ წყალში, გაწურავენ, აფენენ დაზიანებულ არეზე 2-3 წუთის განმავლობაში საფენის გათბობამდე, შემდეგ პროცედურას ისევ იმეორებენ.
კომპრესი მრავალშრიანი სამკურნალო ნახვევია, რომელსაც იყენებენ სხეულის ყველა არეში. სათბური კომპრესი იწვევს კანისა და ღრმად მდებარე სისხლძარღვთა გაფართოებას, ანთების ჩაქრობას, ტკივილის შემცირებას.
სათბური კომპრესის გაკეთებისათვის იღებენ იმ ზომის ტილოს ნაჭერს (რადენიმე ფენად დაკეცილს), რა ზომის არეზეც არის საჭირო კომპრესის გაკეთება. ტილოს ასველებენ თბილ წყალში (ან ხმარობენ თანაბარი რაოდენობით წყლისა და სპირტის ნარევს), წურავენ და ადებენ მტკივნეულ ადგილას, ზემოდან აფარებენ მასზე დიდი ზომის კომპრესის ქაღალდს და შემდეგ ადებენ ბამბის სქელ ფენას, ისე რომ ბამბამ მთლიანად დაფაროს კომპრესის ქაღალდი. კომპრესის მოქმედება გრძელდება 4-5 საათის განმავლობაში. შემდეგ, სასურველია კომპრესის მოხსნა და თუ აუცილებელია, განმეორებით გაკეთება.
უნდა გახსოვდეთ, რომ ერთსა და იმავე ადგილას კომპრესის განმეორებით ხმარებამ შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს, ამიტომ კომპრესის მოხსნის შემდეგ, თუ აპირებთ მის განმეორებით გაკეთებას, კანი უნდა მოასუფთაოთ თბილი წყლით ან სპირტით და შემდეგ კარგად გაამშრალოთ.
ოყნის გაკეთება რთული პროცედურა არ არის, მაგრამ მისი გაკეთება საჭიროებს გარკვეულ თეორიულ ცოდნასა და გამოცდილებას, ამიტომ ოყნის გაკეთება შეიძლება მხოლოდ სამედიცინო პერსიონალის მიერ.
დანიშნულების მიხედვით ხმარობენ გამწმენდ ოყნას, სიფონურ ოყნას, ოყნას სამკურნალო საშუალებების შეყვანის მიზნით ან საკვებ ოყნას.
გამწმენდ ოყნას აკეთებენ შეკრულობის დროს. ამისთვის ხმარობენ სპეციალურ ტოლჩას, რომელსაც უმაგრდება რეზინის მილი. მილზე წამოცმულია რეზინის ბუნიკი. ხმარების წინ ტოლჩა უნდა გამოირეცხოს თბილი წყლით, ხოლი ბუნიკი უნდა გამოიხარშოს. ტოლჩაში ჩასხმული წყლის რაოდენობა დაახლოებით 1-1,5 ლიტრია (წყალი უნდა იყოს ადუღებული და გაგრილებული დაახლოებით 25-35°C-მდე). ბუნიკს უსვამენ სტერილურ ვაზელინს, ავადმყოფს აწვენენ მარცხენა გვერდზე და ბუნიკი ნელა შეჰყავთ სწორ ნაწლავში 6-8სმ-ის სიღრმეზე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ბუნიკის შეყვანის შემდეგ ხსნიან მილზე დამაგრებულ მომჭერს და ტოლჩას სწევენ ზემოთ. წყალი შლის განავლის მასებს და აღიზიანებს ნაწლავის ლორწოვანს, რაც იწვევს გაძლიერებულ პერისტალტიკასა და კუჭის მოქმედებას. წყლის შეყვანის შემდეგ ავადმყოფმა გარკვეული დროით თავი უნდა შეიკავოს კუჭის მოქმედებაზე, რათა წყალმა უფრო კარგად დაშალოს განავლის მასები. ზოგჯერ გამწმენდი ოყნის გაკეთების დროს წყალი შედის დაბრკოლებით, მაშინ ბუნიკი უნდა შეიყვანოთ უფრო ღრმად ანდა პირიქით, გამოწიოთ. თუ ტოლჩაში წყალი მაინც ერთ დონეზეა და ნაწლავში არ გადადის, ბუნიკი უნდა ამოიღოთ, გარეცხოთ და ხელახლა შეიყვანოთ ნაწლავში.
გახსოვდეთ!
ზოგიერთი დაავადების დროს გამწმენდი ოყნის გაკეთება არ შეიძლება. ამიტომ მისი გაკეთებისას აუცილებლად შეუთანხმდით ექიმს.