მოქმედების ტაქტიკა სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი

კატასტროფების დროს

 

ნებისმიერი კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციის დროს თქვენს წინაშე დგება საკითხი თუ როგორ უნდა იმოქმედოთ თავდაცვის მიზნით და როგორ უნდა დაეხმაროთ სხვას.

მოქმედების ტაქტიკა მიწისძვრის დროს:

 

მოქმედების ტაქტიკა მეწყერისა და ღვარცოფის დროს:

 

მოქმედების ტაქტიკა ხანძრის დროს:

 

 პირველი დახმარების თავისებურებები სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი კატასტროფების დროს

ნებისმიერი კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციის დროს დაზარალებულთა რიცხვი შესაძლებელია დიდი იყოს. ამ დროს მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, თუ ვის უნდა გაუწიოთ დახმარება პირველ რიგში, იმ დაზარალებულს, რომელიც ყველაზე ახლოს არის თქვენთან, იმას, ვინც ყველაზე პატარაა, თუ იმას, ვინც ყველაზე მეტად ითხოვს დახმარებას?

რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა დავეხმაროთ იმ დაზარალებულს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება, ვისი მდგომარეობაც შეიძლება დამძიმდეს დროულად გაწეული დახმარების გარეშე. ამიტომ, კატასტროფის დროს ბევრი დაზარალებულის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება დაზარალებულთა დახარისხება (ანუ ტრიაჟი). მაშველის ან გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის თანამშრომლების მიერ კატასტროფის ადგილზე ხორციელდება დაზარალებულთა მარკირება ფერების მიხედვით, რისთვისაც იყენებენ ოთხი ფერის მარკერს: შავს, წითელს, ყვითელს და მწვანეს. მათი ცოდნა აუცილებელია, რათა მაშველებმა და აგრეთვე  შემთხვევის ადგილზე არსებულმა სხვა დამხმარე ძალამ  სწრაფად გაარკვიოს, ვის ესაჭირობა დახმარება პირველ რიგში.

წითელი - აღნიშნავს სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებას (პირველი დახმარება უნდა გაეწიოს დაუყოვნებლივ).

ყვითელი - დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მოსალოდნელია ზოგადი მდგომარეობის გაუარესება  რამოდენიმე საათში. (ესაჭიროება პირველი დახმარება და მეთვალყურეობა).

მწვანე - დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურია (ესაჭიროება უმნიშვნელო პირველი დახმარება, მაგ. მცირე ზომის ჭრილობის შეხვევა).

შავი - დაზარალებულს მძიმე, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება აქვს, ამიტომ ითვლება, რომ მათ დახმარება აღარ ესაჭიროებათ.

 

დაზარალებულის დახარისხება სიმძიმის მიხედვით ხორციელდება START (Simple Triage and Rapid Treatment - მარტივი ტრიაჟი და სწრაფი დახმარება) ალგორითმის მიხედვით: 

- პირველ რიგში ნახულობენ, შეუძლია თუ არა დაზარალებულს ფეხით გადაადგილება,  ამოწმებენ

   სუნთქვას, ნახულობენ პულსს სხივ-მაჯის სახსართან, აფასებენ დაზარალებულის ცნობიერებას, აქვე,

   გარეგანი სისხლდენის შემთხვევაში, ხდება მისი შეჩერება;

- თუ დაზარალებულს შეუძლია სიარული, ის მწვანე ფერით ფასდება;

- თუ სუნთქვა არ არის, ხდება სასუნთქი გზების გახსნა. თუ სუნთქვა არ აღდგა, დაზარალებულს

   ადებენ შავი ფერის ტრიაჟის ფურცელს და გადადიან შემდეგ დაზარალებულთან;

- თუ სუნთქვა არის და აღემატება 30-ს წუთში, წითელი ფერით ფასდება;

- თუ სუნთქვა არის და 30-ზე ნაკლებია, ნახულობენ პულსს სხივ-მაჯის სახსართან. თუ პულსი არ არის,

   დაზარალებულს ადებენ წითელი ფერის ტრიაჟის ფურცელს. ამავდროულად, გარეგანი სისხლდენის   შემთხვევაში, ახდენენ მის შეჩერებას;

- თუ არის პულსი სხივ-მაჯის სახსართან და დაზარალებული ასრულებს რაიმე მარტივ მითითებას   (მაგ. ცნობიერების შეფასების მიზნით მას სთხოვენ, გაახილოს თვალები)  ტრიაჟის ფურცელი    ყვითელი ფერისაა;

- ხოლო თუ დაზარალებულს არ შეუძლია მათი შესრულება, იგი წითელი ფერით ფასდება.

ამის შემდეგ მნიშვნელოვანია პირველი დახმარების დროული გაწევა ტრიაჟით განსაზღვრული რიგითობის დაცვით.

 

 კატასტროფებითა და სტიქიური უბედურებებით გამოწვეული დაზიანებების სახეები

მიწისძვრის დროს ადამიანის სხეულზე ძლიერი ძალის ზემოქმედების შედეგად ხშირია ამპუტაციის (სხეულის რომელიმე ნაწილის სრული ან ნაწილობრივი მოკვეთა) შემთხვევები. დროული და სწორი დახმარების გაწევისას ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ზოგჯერ შესაძლებელია სხეულის ამპუტირებული ნაწილის აღდგენა.

ამპუტაციის დროს პირველი დახმარება შემდეგში მდგომარეობს:

1.  დროულად გააჩერეთ სისხლდენა პირდაპირი ზეწოლით (ზეწოლა ხელით, დამწოლი ნახვევის დადება), დაზიანებული ნაწილის აწევითა და ზეწოლის წერტილებში არაპირაპირი ზეწოლით;

2.      დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და აუწიეთ ფეხები გულის დონიდან ზევით;

3.    დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური, მიაწოდეთ დისპეტჩერს

       ინფორმაცია, რომ საქმე გაქვთ ამპუტაციასთან;

4.   შეახვიეთ ამპუტირებული ნაწილი სტერილურ საფენებში და მოათავსეთ  სუფთა ცელოფანის      პარკში. ეს პარკი მოათავსეთ მეორე პარკში, რომელიც გავსებულია ყინულით. დააწერეთ პარკზე დაზიანების განვითარების დრო და დაზარალებულის გვარი და სახელი. არ მობანოთ ამპუტირებული ნაწილი. ეცადეთ ამპუტირებული ნაწილის კანი არ ეხებოდეს ყინულს.

 

კატასტროფების დროს ასევე ხშირია ხანგრძლივი ზეწოლის ანუ "Crash სინდრომი". საგანი, რომელიც ახდენს ზეწოლას სხეულზე, იწვევს სისხლის მიმოქცევის მოშლას ზეწოლის არეში ან მის ქვემოთ. თუ ზეწოლა დიდხანს გრძელდება, ვითარდება ორი სახის გართულება: უპირველეს ყოვლისა, კუნთების დაზიანება ზეწოლის არეში. დაზარალებულის გათავისუფლების შემდეგ, აღინიშნება სისხლის გაძლიერებული დინება დაზიანებული არისაკენ. ამ დროს სხვა მნიშვნელოვან ორგანოებს (ტვინს, გულს) აკლდება ჟანგბადი. გარდა ამისა, დაზიანებული არის კუნთებში დიდი რაოდენობით გამოიყოფა სხვადასხვა მავნე ნივთიერებები (ტოქსინები). დაზარალებულის გათავისუფლების შემდეგ ეს ტოქსინები გადადიან სისხლში და იწვევენ თირკმლის დაზიანებას, რაც შეიძლება საშიში იყოს სიცოცხლისათვის.

ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის დროს თქვენი ძირითადი მიზანია: დროულად გამოიძახოთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური და გაარკვიოთ, როდის განვითარდა დაზიანება. ამაზეა დამოკიდებული თქვენი შემდეგი ქმედებები.

პირველი დახმარება ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის დროს:

·        თუ დაზიანების განვითარებიდან გასულია 10 წთ-ზე ნაკლები დრო:

1.      გაათავისუფლეთ დაზარალებული რაც შეიძლება სწრაფად;

2.      შეაჩერეთ გარეგანი სისხლდენა და შეახვიეთ ჭრილობები;

3.      მოახდინეთ მოტეხილობის იმობილიზაცია;

4.      დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და აუწიეთ ფეხები გულის დონიდან ზემოთ;

5.      დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური;

·        თუ დაზიანების განვითარებიდან გავიდა 10 წთ-ზე მეტი დრო:

1.      არ გაათავისუფლოთ დაზარალებული;

2.      გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური და გაამხნევეთ დაზარალებული.

 

 

ვულკანის ამოხეთქვის დროს ხშირია ფერფლის, ტოქსიკური და აალებადი აირების ინჰალაციით, დამწვრობით, ვულკანური ქანებით გამოწვეული ტრავმული დაზიანებები.

დიდთოვლობისა და ქარბუქის დროს ხშირია მოყინვა, გადაცივება, მხუთავი გაზით (CO) მოწამვლა, რადგან ამ დროს, დიდი რაოდენობით ხმარობენ გასათბობ საშუალებებს, შენობის განიავება კი ზოგჯერ შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში მიაწოდეთ დაზარალებულს სუფთა ჰაერი და დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.

 

ხანძრის, აფეთქების დროს ხშირია დამწვრობა, კვამლის ინჰალაცია, აფეთქების ტალღით მიყენებული ტრავმა.

 ადამიანების მასიური თავშეყრის ადგილებში ხშირია მიჭყლეტით განპირობებული დაზიანებები, შემავალი ჭრილობები. ამ დროს საგანი, რომელიც იწვევს დაზიანებას, აღწევს სხეულის რომელიმე ღრუმდე (გულმკერდის, მუცლის), მკვეთრად იზრდება შინაგანი ორგანოების დაზიანების რისკი, ამიტომ შემავალი ჭრილობის არსებობისას დროულად დაფარეთ ჭრილობა სტერილური საფენით და გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. 

 

გახსოვდეთ!

·     სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი კატასტროფების დროს დროულად მოუხმეთ    გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის პერსონალს და სხვა მაშველებს, რათა   უსწრაფესად მოხდეს დაზარალებულთა დახარისხება მდგომარეობის სიმძიმის  მიხედვით და ამის შესაბამისად, ორგანიზებულად და სწორი თანმიმდევრობით       გაეწიოთ მათ პირველი დახმარება;

·    პირველ რიგში უნდა დავეხმაროთ იმ დაზარალებულს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ეს და ვისი მდგომარეობაც შეიძლება დამძიმდეს დროულად გაწეული დახმარების გარეშე;

· დაზარალებულთა დახარისხება უნდა ტარდებოდეს რამდენჯერმე, რადგან    დაზარალებულის მდგომარეობა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. განმეორებითი ტრიაჟის დროს უნდა მოხდეს ყველა არსებული დაზიანების სრული გამოვლენა.